Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთმილიონიანი სიძე


FBI-ის კოლაჟი
FBI-ის კოლაჟი

რუსი ჰაკერი, რომლის დაჭერისთვის FBI-ს ხუთმილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული, აღმოჩნდა რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“, ვეტერანის, ამავე სახელწოდების დაცვის კერძო სამსახურების გაერთიანების ხელმძღვანელისა და დაცულ ცხოველებზე ნადირობასთან დაკავშირებული სკანდალების მონაწილის, ედუარდ ბენდერსკის, სიძე. ​

5 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 17 ადამიანს, მათ შორის, რუსეთის 12 მოქალაქეს, რომლებსაც აშშ-ისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ადანაშაულებენ 2011 წლიდან მოყოლებული ბანკების, კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან 100 მილიონი დოლარის მიტაცებში. საქმე ეხება ჰაკერულ დაჯგუფებას, სახელწოდებით Evil Corp-ი, რომელსაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა, უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კიბერდანაშაულებრივი ორგანიზაცია მსოფლიოში“. მთავარი პირი ამ დაჯგუფებაში, FBI-ის თანახმად, არის 32 წლის მოსკოველი, მაქსიმ იაკუბეცი. ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლებები ამტკიცებენ, რომ იაკუბეცი, რომლის თავისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული, ეწეოდა ჰაკერულ საქმიანობას არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის, არამედ რუსეთის უშიშროების სამსახურის ინტერესებისთვისაც. რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ მაქსიმ იაკუბეცი, მართლაც, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურთან: 2017 წელს ის დაქორწინდა რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“, ვეტერანის, ამავე სახელწოდების დაცვის კერძო სამსახურების გაერთიანების, ასევე საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, დაცულ ცხოველებზე ნადირობის მოყვარულის, ედუარდ ბენდერსკის, ქალიშვილზე.

მდიდრული ქორწილი 2017 წელს მოსკოვის გარეუბანში, გოლფის კლუბ „ცელეევოში“, გადაიხადეს. ქორწილის ამსახველი სურათები ერთი ხანობა შემორჩენილი იყო ქორწილის ორგანიზატორი ფირმის, „კარამელის“, საიტზე. მასალა შემდეგ წაშალეს, მაგრამ დარჩა საარქივო ასლები. კადრები არაფრით გამოირჩევა სხვა რუსულ ქორწილებში გადაღებული ფოტოებისგან, მაგრამ ერთი რამით ისინი მაინც განსაკუთრებულია: არცერთ ფოტო- თუ ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს ნეფის სახე, ის ან ზურგითაა, ან მის სახეს პატარძალი ფარავს. ასევე არ ჩანს მისი სიმამრის სახე, პატარძლის მამაც სულ ზურგითაა კამერის მიმართ. ვინ უნდა იყოს ეს ორი კაცი, ასეთი გაქანებით რომ დანათესავდნენ და სახეს მალავენ?

„ალიონასა და მაქსიმის“ ქორწილი. ეს ფოტო „კარამელის“ საიტიდან მოხსნეს
„ალიონასა და მაქსიმის“ ქორწილი. ეს ფოტო „კარამელის“ საიტიდან მოხსნეს

აშშ-ის FBI-ს, ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო სააგენტოსა (NCA) და კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო ცენტრის (NCSC) მტკიცებით, სიძე მაქსიმ იაკუბეცია, Evil Corp-ის ხელმძღვანელი, ხოლო მისი სიმამრი ზემოხსენებული ედუარდ ბენდერსკია, უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“, ვეტერანი, ამავე სახელწოდების დაცვის კერძო სამსახურების გაერთიანების ხელმძღვანელი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონადირე. ამის დადგენა რადიო თავისუფლებამ მოახერხა სოციალური ქსელებისა და იურიდიულ პირთა ოფიციალური რეესტრის მეშვეობით. ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო უწყების საიტზე გამოქვეყნებულია ერთადერთი ფოტო, რომელიც, როგორც ეს სამსახური და FB ამტკიცებენ, 2017 წელსაა გადაღებული მაქსიმ იაკუბეცის ქორწილში (ეს ფოტო უკეთესი ხარისხით გამოქვეყნდა ამერიკულ გამოცემა Vice-ში). Google-ის გამოსახულების ძებნის ფუნქციით რადიო თავისუფლებამ მიაკვლია „ალიონასა და მაქსიმის ქორწილის ანგარიშს“, საქორწილო სააგენტოს საიტზე. შემდეგ უკვე სახასიათო დეტალების ანალიზის გზით დადგინდა, რომ ქორწილი „ცელეევოში“ იყო.

ახლა უკვე მოხსნილ პუბლიკაციას სააგენტო „კარამელის“ საიტზე ახლდა ვიდეო, რომელიც კიდევ შეიძლება ნახოს დაინტერესებულმა ადამიანმა ვიდეოსაიტ Vimeo-ზე. ერთ-ერთ კადრზე ჩანს პატარძლის სახე ფართო პლანით. რადიო თავისუფლებამ FindClone-ის საშუალებით მიაგნო ალიონას რამდენიმე ფოტოს Vkontakte-ს მომხმარებელთა შორის, ხოლო ერთ-ერთი (ორიგინალი, შენახული ასლი) მიუთითებს მის ანგარიშზე ინსტაგრამში: @alenchik_77. რადიო თავისუფლებამ შეძლო დაედგინა, რომ ეს არის დახურული გვერდი და ერთადერთი ინფორმაცია, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ, არის ის, რომ „ალიონჩიკის“ საქმიანობა Plane Sport Moscow-ს თანამფლობელობა გახლავთ. ეს არის ბრენდ (იტალიური მარკის Philip Plein-ის სპორტული ხაზი) „Plane Sport“-ის მოსკოვის ბუტიკების ქსელი, რომელიც ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიხსნა მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში. 6-დან 9 დეკემბრამდე პერიოდში ეს ცნობა alenchik_77-ის ანგარიშიდან ამოიღეს.

„ალიონასა და მაქსიმის“ ქორწილის პატარძალი, კადრი ვიდეოდან, რომელიც საქორწილო სააგენტო „კარამელის“ საიტზე გამოქვეყნდა
„ალიონასა და მაქსიმის“ ქორწილის პატარძალი, კადრი ვიდეოდან, რომელიც საქორწილო სააგენტო „კარამელის“ საიტზე გამოქვეყნდა

2017 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მეწარმე იულია კოჟუკალოვა გამოცემა „Sobaka.ru-ს“ უამბობდა, რომ ამ მაღაზიების გახსნით დაკავებული იყო ფირმა “Image line”. მონაცემთა ბაზა „კონტურ.ფოკუსი“ შეიცავს ინფორმაციას, რომ ამ სახელწოდებით რამდენიმე იურიდიული პირია გაფორმებული, თუმცა დგინდება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “Image line Sport“-ს ხელმძღვანელობს კოჟუკალოვა და მისი დამფუძნებლები არიან ოთარ ლეონიდის ძე სადოვი და ალიონა ედუარდის ასული ბენდერსკაია. ალიონა ბენდერსკაია შედის სხვა ფირმების - კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, „ვიმპელ-აკტივისა“ და „ვიმპელ-პროექტის“ - დამფუძნებელთა სიაშიც. ორივე ეს ფირმა არის ასოციაცია „ვიმპელის“ ჯგუფის პარტნიორი. „ვიმპელი“ აერთიანებს პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთისა და საბჭოთა უშიშროების სამსახურების რაზმ „ვიმპელის“ ყოფილ თანამშრომლებთან. ალიონა საქველმოქმედო ფონდ „ვიმპელის“ ახალგაზრდული აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ფონდის ხელმძღვანელი, ედუარდ ვალენტინის ძე ბენდერსკი, „ვიმპელის“ თანამშრომელი 1990-იან წლებში, ახლა ამ გაერთიანების ვეტერანთა ორგანიზაციასაც განაგებს.

მონაცემთა ბაზა „კონტურ.ფოკუს-იდან“ შეიტყობთ, რომ ალიონა, სხვა ორი, უძრავი ქონების მართვით დაკავებული, ფირმის დირექტორია.

ედუარდ ბენდერსკი, 2012 წელი
ედუარდ ბენდერსკი, 2012 წელი

არიან თუ არა „პატარძალი“ ალიონა, რომელიც ინსტაგრამში საკუთარ თავს Plane Sport-ის მაღაზიების თანამფლობელს უწოდებს, და ალიონა ბენდერსკაია, Image line Sport-ის თანამფლობელი, ერთი და იგივე პირი?

მოსკოვის მაღაზიების ქსელის, Plane Sport-ის, ინსტაგრამის ანგარიშზე დევს სავაჭრო ცენტრ „მეტროპოლისში“ მისი პირველი ბუტიკის გახსნის ამსახველი რამდენიმე ფოტო. ორ მათგანზე „ალიონა - პატარძალი“ გადაღებულია Image line-ის მეორე თანამფლობელ ოთარ სადოვთან ერთად. მეორე ფოტოს კომენტარებში alenchik_77 და იულია კოჟუკალოვა (Image line Sport-ის გენერალური დირექტორი) ერთმანეთს ულოცავენ მაღაზიის გახსნას.

სკრინშოტი ინსტაგრამიდან
სკრინშოტი ინსტაგრამიდან

კიდევ ერთ ფოტოზე ალიონა გამოსახულია ქალთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავს ჟანა ბენდერსკაიას, ედუარდ ბენდერსკის ცოლსა და ალიონა ედუარდის ასულ ბენდერსკაიას დედას, რომლის გარეგნობა ცნობილია „საერო ქრონიკიდან“. ეს ფოტო მოხსნეს Plane Sport Moscow-ს საიტიდან იმავე 6-სა და 9 დეკემბერს შორის, მაგრამ რადიო თავისუფლებამ მისი სკრინშოტი შეინარჩუნა.

ალიონა ბენდერსკაია (მარცხნივ) Plane Sport-ის ბუტიკის გახსნაზე.
ალიონა ბენდერსკაია (მარცხნივ) Plane Sport-ის ბუტიკის გახსნაზე.
მარცხნივ: ჟანა ბენდერსკაია და ალიონა ბენდერსკაია Plane Sport-ის ბუტიკის გახსნაზე. ცენტრში: ჟანა ბენდერსკაია და ედუარდ ბენდერსკი; მარჯვნივ: ჟანა ბენდერსკაია
მარცხნივ: ჟანა ბენდერსკაია და ალიონა ბენდერსკაია Plane Sport-ის ბუტიკის გახსნაზე. ცენტრში: ჟანა ბენდერსკაია და ედუარდ ბენდერსკი; მარჯვნივ: ჟანა ბენდერსკაია

ალიონა-პატარძლის მამა ქორწილის ფოტოზე, თავისი ფიგურითა და შეთხელებული თმით, ძალიან ჰგავს ედუარდ ბენდერსკის, რომელიც კარგად ჩანს, სხვათა შორის, არაერთ ვიდეოზე, რომელთაც მთაში ნადირობის შესახებ ტელეარხი „დიკოე ტევე“ აჩვენებს. არაერთი მაგილითი ცხადყოფს, რომ ალიონა საქორწილო ფოტოებზე და ალიონა ედუარდის ასული ბენდერსკაია ერთი და იგივე პირია.

ედუარდ ბენდერსკი: მარცხნივ - ტასსის ფოტო. მარჯვნივ, ზემოთ: კადრი „დიკოე ტევეს“ პროგრამიდან. მარჯვნივ, ქვემოთ: კადრი ვიდეოდან „ალიონა და მაქსიმის“ ქორწილი
ედუარდ ბენდერსკი: მარცხნივ - ტასსის ფოტო. მარჯვნივ, ზემოთ: კადრი „დიკოე ტევეს“ პროგრამიდან. მარჯვნივ, ქვემოთ: კადრი ვიდეოდან „ალიონა და მაქსიმის“ ქორწილი

ედუარდ ბენდერსკის ფოტო მისი ქალიშვილისა და მაქსიმ იაკუბეცის ქორწილში

რადიო თავისუფლების მიერ მაქსიმ იაკუბეცზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ, 10 დეკემბერს მივაგენით კიდევ ერთ ვიდეოს „მაქსიმისა და ალიონას“ ქორწილიდან. ის გამოქვეყნებულია საპროდიუსერო კომპანია Max/Max productions-ის საიტზე. ეს ფირმა მონაწილეობდა ამ ქორწილის ორგანიზებაში. ვიდეოჩანაწერი მხოლოდ ოდნავ - რთი-ორი კადრით - განსხვავდება სხვა ვიდეოებისგან. ერთ-ერთ მათგანზე კარგად ჩანს ედუარდ ბენდერსკი ცოლთან, ჟანასთან, ერთად.

ამ კადრზე მარცხნიდან მეორე „მთის მონადირეთა კლუბის“ კიდევ ერთი წევრი, მაგადანის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი პარტია „ედინაია როსიიდან“, იგორ დონცოვია. კლუბის საიტზე დევს მისი ფოტო, სადაც ის მთის ცხვრის სისხლითაა მოთხვრილი.

Plane Sport Moscow-ს ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები ირიბად ამტკიცებს იმასაც, რომ ალიონა ბენდერსკაიას ქმარი გახდა ჰაკერი მაქსიმ იაკუბეცი.

ბრიტანულ-ამერიკულმა გამომძიებელთა ჯგუფმა გამოაქვეყნა დაჯგუფება Evil Corp-ის ავტოპარკის რამდენიმე სპორტული მანქანის ფოტოები. ესენია Lamborghini Hurricane-ი, Audi R8-ი და Nissan GTR-ი. ვიდეოზე, რომელიც გამოცემა Vice-ს ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს, ჩანს, რომ მანქანები არაერთხელ იყო გადაღებილი.

Plane Sport-ის ბუტიკების ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებულია ალიონა ბენდერსკაიას რამდენიმე ფოტო, რომლებიც Lamborghini-სა და Audi R8-შია გადაღებული. ისევე, როგორც ალიონას ბევრი სხვა ფოტო, ეს სურათებიც გააქრეს საიტიდან 6-სა და 9 დეკემბერს შორის. ამავე ანგარიშზე ნახავთ ვიდეოს, რომელიც ჯერ არ მოუხსნიათ და რომელზეც გაარჩევთ Nissan GTR-ის Plane Sport-ის რეკლამით. ამ მანქანის სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა Audi R8-ს, ორივე ეს მოდელი Evil Corp-ის ავტოპარკის ნაწილია.

ალიონა ბენდერსკაია Lamborghini-ს სალონში. ეს ფოტო Plane Sport-ის მაღაზიის ინსტაგრამის ანგარიშიდან მოიხსნა.
ალიონა ბენდერსკაია Lamborghini-ს სალონში. ეს ფოტო Plane Sport-ის მაღაზიის ინსტაგრამის ანგარიშიდან მოიხსნა.
დაჯავშნილი Nissan GTR-ი, რომელსაც Plane Sport-ის ანგარიშზე იხილავთ. ამ ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრით დადიოდა Audi, რომელიც ეკუთვნოდა ჰაკერთა ჯგუფის, Evil Corp-ის, ერთ-ერთ წევრს.
დაჯავშნილი Nissan GTR-ი, რომელსაც Plane Sport-ის ანგარიშზე იხილავთ. ამ ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრით დადიოდა Audi, რომელიც ეკუთვნოდა ჰაკერთა ჯგუფის, Evil Corp-ის, ერთ-ერთ წევრს.

წითელ წიგნში შეტანილ ცხვრებზე მონადირე

ედუარდ ბენდერსკი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, რომ მისი ფოტოები არ გამოჩენილიყო ქალიშვილის ქორწილში. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში არაა უცნობი ფიგურა, სხვათა შორის, მის სახელთან დაკავშირებული არაერთი სკანდალური ისტორიის გამოც.

ედუარდ ბენდერსკის ოფიციალური ბიოგრაფიიდან, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ვიმპელის“ საიტზეა გამოქვეყნებული, შეიტყობთ, რომ ის დაიბადა 1970 წელს სამხედრო პირის ოჯახში, 1991 წელს დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი, მსახურობდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის, კგბ-ს, ცალკე სასწავლო ცენტრში (იგივე „ვიმპელის“ჯგუფი). 1994 წელს თადარიგში წავიდა და სამი წლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა დაცვის კერძო კომპანია „ვიმპელ ა-ს“, ხოლო 2002 წელს - უკვე საწარმოთა ასოციაცია „ვიმპელ ა-ს,“ რომელიც უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული. 2003-დან 2008 წლამდე ედუარდ ბენდერსკი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის, „ვიმპელის“, ვეტერანთა რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც მრავალმხრივ დახმარებას უწევს სპეციალური სამსახურების ერთეულების ვეტერანებს, ასევე, მოქმედ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურების დაღუპული ან დაჭრილი თანამშრომლების ოჯახებს. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ისა და რუსეთის გამოცემა The Insider-ის თანახმად, „ვიმპელში“ ირიცხებოდა ვადიმ კრასიკოვი, ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიქირავეს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მოსაკლავად.

ამასთან ერთად, ედუარდ ბენდერსკი მგზნებარე მონადირეა და წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა იტაცებს. 2016 წლის სექტემბერში, ბენდერსკის ქალიშვილისა და მაქსიმ იაკუბეცის ქორწილამდე, „მთის მონადირეთა კლუბმა“, რომელსაც თვითონ ბენდერსკი განაგებს, სთხოვა პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხლოპონინს, რომ ორგანიზაციას მიეღო პუტრონაის მთის ცხვრის ხუთი ერთეულის მოკვლის უფლება. სანაცვლოდ, ბენდერსკი ხლოპონინს დაჰპირდა, რომ ამ ქვესახეობის დაცვის პროგრამისთვის გაიღებდა 15,000,000 რუბლს, ანუ 200 ათას დოლარზე მეტს. ხლოპონინმა ეს წერილი გაუგზავნა ბუნების დაცვის სამინისტროსა და ბუნების ზედამხედველობის სამსახურს და სთხოვა, მხარი დაეჭირათ ბენდერსკის ინიციატივისთვის და შეემუშავებინათ შესაბამისი „საპილოტე კანონპროექტი“. ბენდერსკის არგუმენტით, შეიძლებოდა იმ ცხვრების მოკვლა, რომლებიც სახეობის გამრავლებაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ეს უარყოფით გავლენას არ მოახდენდა წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე.

მოახერხეს თუ არა ამ „საპილოტე პროექტის“ რეალიზება, რადიო თავისუფლებამ ვერ გაარკვია. ბენდერსკის ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მაღალ დონეზე თავის კავშირებს იყენებდა კანონებში იმგვარი ცვლილებების შეტანისთვის, რომლებიც ბრაკონიერებს აძლევდა ხელს. 2013 წელს მან დატოვა მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, მაგრამ, გავრცელებული ხმებით, ამ ორგანიზაციაზე კონტროლი არ დაუკარგავს. ბენდერსკის სახელთან დაკავშირებული სკანდალები მხოლოდ მონადირეობის სფეროში არ ხდება. „ნოვაია გაზეტა“ წერდა, რომ 2003 წელს ბენდერსკი რეკლამირებას უწევდა თავის გაერთიანება „ვიმპელს,“ რათა მას ერაყში ნავთობის საბადოების დაცვაში მიეღო მონაწილეობა. ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას თეატრალურ ცენტრ დუბროვკაში ბენდერსკიმ უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის, „ალფას“, მოქმედებას კომენტარი გაუკეთა, რასაც „ალფას“ წევრების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ მიიჩნიეს, რომ ბენდერსკიმ, ფაქტობრივად, გაამხილა კრიტიკულ ვითარებაში სპეცრაზმის მოქმედების მეთოდები, საიდუმლო ინფორმაცია. როგორც „ნოვაია გაზეტა“ „ალფას“ ინკოგნიტო წევრებზე დაყრდნობით წერდა, ბენდერსკის დაცვის კერძო სამსახურებს „ზემოდან“ იცავდნენ უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ალექსანდრ ტიხონოვი. გამოცემა „სავერშენნო სეკრეტნოს“ მონაცემებით, სწორედ ტიხონოვი იყო „რიაზანის სწავლების“ ინიციატორი, რაც იმის საბაბი გახდა, რომ ეჭვი გაჩენილიყო: თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა ხომ არ მოაწყვეს 1999 წელს მოსკოვის შენობებში აფეთქებები, რათა ხელისუფლებაში მოეყვანათ ვლადიმირ პუტინი. ბოლოს ბენდერსკი მედიამ მოიხსენია გამოცემა „ზნაკის“ პუბლიკაციაში. ბენდერსკის მონადირეთა კლუბს, ასოციაცია „როსსნაიპინგთან“ ერთად, სურს, „ზეზუსტი სროლა“ სპორტის სახეობად იქნეს აღიარებული და ჩეჩნეთში სპეცდანიშნულების რაზმის სასროლეთი გამოიყენონ შეჯიბრების მოსაწყობად.

9 დეკემბერს გამოცემა „მედუზამ“ დაადგინა ​ვინაობა Evil Corp-ის კიდევ ერთი ჰაკერისა, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაშია მოხვედრილი. როგორც გამოცემა ამტკიცებს, „ანდრეი პლოტნიცკის“ გვარს უკან იმალება მოსკოვის მახლობლად მდებარე ხიმკის ყოფილი მერის, ვლადიმირ სტრელჩენკოს, ვაჟი, ანდრეი კოვალსკი. Evil Corp-ის სავარაუდო ხელმძღვანელის, მაქსიმ იაკუბეცის, კვალის მიგნება მისი მეგობრებისა და ნაცნობების ანგარიშებზე რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა. ედუარდ ბენდერსკიმ, რომლის სიძის დაჭერაზე ხუთი მილიონი დოლარია დაწესებული, ტელეფონს არ უპასუხა. თუმცა „მთის მონადირეთა კლუბის“ დირექტორმა, ალექსანდრ გომონმა, რადიო თავისუფლება დაარწმუნა, რომ ბენდერსკის სამდივნოს ჩვენი შეკითხვები გადასცა. შეუძლებელი იყო დაკავშირება ასევე ალიონა ბენდერსკაიასთან. ზარს მისი არცერთი ტელეფონი არ პასუხობდა.

XS
SM
MD
LG