Accessibility links

ჯანმრთელობისთვის საშიში უბნები რუსთავში


რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა თავიანთ მიერ შეძენილი ჰაერის ხარისხის დამდგენი მოწყობილობით მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს გარეჯის ქუჩაზე, სადაც პირველი საცხოვრებელი სახლი საწარმოო ზონიდან 700 მეტრით არის დაშორებული. აქტივისტების ინფორმაციით, 24 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ზღვრულ ნორმას 5-ჯერ აჭარბებს და 416-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაცილებით საგანგაშო და იმაზე მეტია, რასაც გარემოს დაცვის დეპარტამენტის სტაციონარული სადგური აფიქსირებს. სადგური გარეჯის ქუჩიდან სამას მეტრში, მწვანეში ჩაფლულ ბათუმის ქუჩაზე დგას და ამ დროისთვის ბოლო, 21 ოქტომბრის, მონაცემებით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე მხოლოდ ერთ-ნახევარჯერ მეტი -113-ია.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გრაფიკი
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გრაფიკი

რუსთაველი ეკოაქტივისტეების ჯგუფ „გავიგუდეს“ ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორი სენსორი უცხოური სერტიფიცირებული კომპანიისგან შეიძინეს. მუსერიძის თქმით, სენსორები ჰაერის ცამეტ მახასიათებელს ადგენს, განსხვავებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სადგურისა, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელ ექვს კომპონენტს ითვლის:

„[მოწყობილობებს] 12-13 დამაბინძურებლის დათვლა შეუძლიათ. მონაცემებზე რუსთაველებს წვდომა ექნებათ. სტატისტიკის ხილვა ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ პირს შეეძლება. ეს იქნება დოკუმენტი, ოფიციალური დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც, შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ მიერ შეძენილი მოწყობილობები სერტიფიცირებულია“.

ნიკოლოზ მუსერიძის თქმით, შეძენილი იაფი სენსორებით ქალაქში ჰაერის 24-საათიან მონიტორინგს განახორციელებენ:

„გუშინ დილითაც [რუსთავში] სმოგი იყო. სპეციალურად ქარხნები მოვიარეთ. ვნახეთ, რა ვითარებაც იყო. აქედან გამომდინარე, ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდამ ნახმარი, თუნდაც მოძველებული, მიკროავტობუსი ვიყიდოთ. დავაყენებთ სენსორებს და ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში ჰაერის ხარისხს გავზომავთ. რუსთაველები დარწმუნდებიან, რომ მათ [ქარხნები] ყოველდღე წამლავენ“.

ეკოაქტივისტების ლიდერი დასძენს, რომ მათ მიერ ჩატარებული საათობრივი მონიტორინგის შედეგები სოციალურ ქსელში უკვე ქვეყნდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ნებისმიერი რუსთაველი, რომელიც მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობს, დილით ადრე აღმოსავლეთით აუცილებლად შეამჩნევს საწარმოთა მილებიდან ამოსულ და ჰაერში გაფანტულ გამონაბოლქვს. ღამით, როცა საწარმოები მთელი დატვირთვით მუშაობენ, სურათი უფრო მძიმეა და მოსახლეობაც სპეციფიკურ სუნს გრძნობს. მათ შორისაა ნელი მანჩხაშვილი, რომელიც კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს და მისი ფანჯრებიდან მეტალურგიული ქარხნის მთავარი სამმართველო მოჩანს:

„ეკოლოგიის მცირე ნაწილია ეს ქალაქი, ეს სუნი და ეს ბოლი, რაც დგას რუსთავში. ეს არის კატასტროფა. ჩვენ ხომ ვერ ვხვდებით, ორგანიზმზე რა მავნე ზეგავლენას განვიცდით. მე მეგობარი ექიმები მყავს, პულმონოლოგები. ისინი ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი ფილტვის კიბოს რისკის ქვეშაა რუსთავში. ეს არ არის საგანგაშო?“

ნელი მანჩხაშვილის თქმით, ეკოლოგიაზე ზრუნვა მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ჯგუფის საქმე არ არის და მთელმა მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო რუსთავში უფრო თანამედროვე დანადგარის ჩატანასა და საწარმოო ზონაში ჰაერის მონიტორინგს აპირებს.
მინისტრი ადასტურებს, რომ ადრე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, მაგალითად, არმატურის საწარმო „ჯეოსთილის“ მახლობლად ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობა დაადგინეს:

„მართლაც, იყო გადაჭარბებები. [„ჯეოსთილთან“] გამოვავლინეთ საშიში დამაბინძურებლები. მაგრამ უფრო ობიექტური სურათის მისაღებად... მე მაშინვე დავავალე და წელს ჩვენ ახალი ტექნიკა შევიძინეთ, რომ უშუალოდ გაფრქვევის წყაროებთან დავაფიქსიროთ დამაბინძურებლები საიმისოდ, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ეს არ არის ჩემი მხრიდან დაბინძურების წყარო, რომ ეს არის ზოგადი ფონური მდგომარეობა“.

ამასთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი საკანონმდებლო ნორმების არასრულყოფილებაზე ჩივის. ლევან დავითაშვილის თქმით, გასამკაცრებელია ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის და, სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში უკვე შეტანილია შესაბამისი კანონპროექტი.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG