27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
„არაფერს მეუბნებიან“
რადიო თავისუფლება დაკავებულის დედას, მაიას ესაუბრა.
ის ჰყვება, რომ თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზორიდან გაიგო.
შემდეგ თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
„მე არაფერი ვიცი, არც შემიშვეს, ვერაფერს გეტყვით, არაფერს მეუბნებიან“.
დედის ინფორმაციით, მისი შვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც თამაზისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ, ჯერ არ გამართულა.
საქართველოს კანონმდებლობით, ამისთვის 48 საათია დადგენილი. დაკავებულის დედამ არც ის არ იცის, ვინ იცავს მისი შვილის უფლებებს.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, - ამბობს თამაზის დედა და ამატებს, რომ შვილისთვის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია.
კითხვაზე, ხომ არ შეუნიშნავს მის შვილს თვალთვალი, გვპასუხობს:
„არა, ეგეთი რამე რომ ყოფილიყო, ასე თავისუფლად არ ივლიდა“.
ქალმა არაფერი იცის საქმის ორ სხვა ფიგურანტზე, რომლებიც სუსის ცნობით, ასევე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი და მათზე ძებნაა გამოცხადებული.
სუსის ვერსია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).
სუსის ცნობითვე, ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, მას ევალებოდა:
- ინფორმაციის შეგროვება სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით“ არის დაკავებული.
ითქვა ისიც, რომ მას თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადებებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად მოახერხა თუ არა მან რაიმე ინფორმაციის გადაცემა და თუ მოახერხა - რისი, ან რა მტკიცებულებებია საქმეში მის წინააღმდეგ.
დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურება.
რუსეთის აგენტი?
სუსში თავს იკავებენ იმ ქვეყნის დასახელებისგან, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც ადანაშაულებენ საქმის ფიგურანტებს. არ ასახელებენ არც დაკავებულის ვინაობას.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის" ინფორმაციით, სუსის მიერ დაკავებული კაციც და ძებნაში მყოფი ორი ადამიანიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.
უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მომავალ ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძეს, ამ თემაზე კითხვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაუსვეს.
„შეიძლება, ჩემთვის დღეს ძალიან კარგი იყოს ვიღაცეების თვალში, ყურში, მოსასმენად და დასანახად თქმა და გაგონება, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ დღეს - პიარულად შეიძლება კარგად გამოჩნდეს - მაგრამ უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე გაჩერებას და მერე სხვა უხერხულობები შეიძლება შეიქმნას. ჯობია, თავიდანვე არ ვთქვათ ჩვენ ერთი ქვეყანა, და შემდეგ არც მეორე, – თქვა მდინარაძემ და დაამატა, – რაღაცებს ვეღარ წამოგვაძახებენ აწი“.
მდინარაძემ გადაცემის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის შეჩერება სცადა, როდესაც მან თქვა: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს ოპონენტებს აღარ ექნებათ საფუძველი იმის თქმის, რომ ამ ქვეყნის ჯაშუში არასოდეს გამოგივლენიათ... ჩვენი მაყურებელი თავად გააკეთებს დასკვნებს ამის თაობაზე“.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უწყებებს აქამდე ღიად არ განუცხადებიათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავებაზე.
- „რუსი ჯაშუშების“ დაკავების ყველაზე გახმაურებული ფაქტი 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა. თბილისმა მაშინ ექვსი რუსი ოფიცერი დააკავა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის ელჩის გაწვევა და სატრანსპორტო მიმოსვლის შეჩერება.
- 2006 წლის 27 სექტემბერს დაკავებული რუსი სამხედროები თბილისმა 2 ოქტომბერს გაათავისუფლა და ეუთოს შუამავლობით მოსკოვს გადასცა.
ფორუმი