Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ ისეთი არაფერი ხდება ტოკიოში - იაპონიაში მყოფი ქართველის მონათხრობი


ტოკიოში ჯერ მხოლოდ ჩვეულებრივად წვიმს და არავინ იცის, ბოლომდე გამართლდება თუ არა უძლიერესი ტაიფუნის მოლოდინი. იაპონია ემზადება - მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ტოკიოსა და იაპონიის აღმოსავლეთ რაიონებს სულ უფრო უახლოვდება ბოლო 60 წლის მანძილზე უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“. 12 ოქტომბერს პირველი ნიშნებიც გამოჩნდა.

ტოკიოში დავუკავშირდით ფოტოგრაფ ლევან ვერძეულს.

ქუჩაში არავინაა, გადაიდო რაგბის მატჩები, დაცარიელდა მაღაზიები...​

„ჯერჯერობით ჩვეულებრივი წვიმაა, ასეთი თბილისშიც ხშირად გვინახავს... საფრთხეს ვერ ვგრძნობ, უბრალოდ - გაფრთხილებას ვემორჩილები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფოტოგრაფი ლევან ვერძეული. ის იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის გადასაღებად არის ჩასული - ახლა ტოკიოშია, სასტუმროში და ურჩიეს, რომ გარეთ არ გავიდეს.

შტორმი ტოკიოში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:08 0:00

მაქვს წვდომა რაგბის მსოფლიო თასის მედიაზონასთან და იქ დაიდო გაფრთხილება, მოგვიწოდებენ, რომ კონკრეტულად დღეს არ გავიდეთ გარეთ. რამდენიმე საათია, სასტუმროდან აღარ გავსულვარ...

ახლა გარეთ რომ ვიყურები, ქუჩაში არც ხალხი მოძრაობს და არც ტრანსპორტი... დღის პირველ ნახევარში ტაქსები მოძრაობდნენ მხოლოდ - კარგა ხანია, აღარც ტაქსი დამინახავს“.

იაპონიაში გამოცხადებული განგაში რაგბის მსოფლიო თასსაც შეეხო. სპორტსმენებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების მიზნით, გადაიდო ორი მატჩი: ახალი ზელანდია-იტალია და საფრანგეთი-ინგლისი.

მაღაზიის ცარიელი დახლი ტოკიოში
მაღაზიის ცარიელი დახლი ტოკიოში

სასტუმრო, სადაც ლევან ვერძეული იმყოფება, ძალიან ახლოს არის ტოკიოს ცენტრთან. რამდენიმე საათის წინ ქუჩაში გასულმა აღმოაჩინა, რომ მაღაზიის დახლები სულ დაცარიელებული იყო - „ალბათ, ტაიფუნის მოლოდინში, ხალხმა მოიმარაგა პროდუქტი და ასევე მითხრეს, რომ მაღაზიის მომარაგების პროცესიც შეჩერებულია“.

სამაგიეროდ, ხალხით იყო სავსე სასტუმროს ჰოლი. როგორც ლევან ვერძეული ვარაუდობს, ადამიანებს, რომლებმაც სასტუმროს ნომრები ჩააბარეს, პრობლემები შეექმნათ აეროპორტისკენ გასამგზავრებელ ტრანსპორტთან და შესაძლოა, ასევე - ავიარეისების გადადებასთან დაკავშირებით.

ტოკიო, იაპონია
ტოკიო, იაპონია

თავად ლევანს იმედი აქვს, რომ ხვალისთვის ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და თბილისში გამომგზავრებაში ხელს არაფერი შეუშლის - „ტოკიოს აეროპორტიდან უნდა გამოვფრინდე. 13 ოქტომბერს არის ჩემი რეისი. შევამოწმე და ჯერჯერობით არ არის გადადებული“.

ლევან ვერძეულმა გვითხრა, რომ 12 ოქტომბერს იაპონიაში მიწისძვრაც იგრძნეს (მოგვიანებით დადასტურდა - 5.3 მაგნიტუდა), თუმცა ეს მოვლენა ზოგადად არც იაპონიას უკვირს და არც თავად მას გაჰკვირვებია - "მგონი თბილისში უფრო აშინებთ აქაური სიტუაცია... აქ პანიკა არ არის“.

ლევანს კავშირი აქვს იაპონიაში მყოფი ქართველების გარკვეულ ჯგუფთან და ამბობს, რომ პანიკა და შიში არც მათი მხრიდან იგრძნობა.

ტოკიო, იაპონია
ტოკიო, იაპონია

ტაიფუნის პირველი ნიშნები

ამასობაში, საერთაშორისო პრესა იტყობინება, რომ ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა უკვე შეუტია იაპონიის ტერიტორიას, რომელიც ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. BBC-ის ცნობით, წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხით შეშინებულმა მილიონობით ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი.

გაჩერებულია მატარებლების მოძრაობა და გადადებულია ათასზე მეტი რეისი. იუწყებიან ასევე ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ - ქარიშხალმა მისი ავტომობილი გადააბრუნა. დაინგრა ერთი და დაზიანდა რამდენიმე სახლი.

11 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ყველა შესაბამის სამსახურს დაავალა უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღება. განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან სამხედრო ნაწილები. სააგენტო "კიოდოს" ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

იაპონიაში მოქმედმა საქართველოს საელჩომ 11 ოქტომბერს მიმართა იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები მოსალოდნელი ძლიერი ტაიფუნის გამო.

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG