Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯესიკა - კაცების მხსნელი


“ჯესიკა სამუდამოდ” (2018, საფრანგეთი, “Jessica forever” რეჟისორები კაროლინ პოჟი, ჯონატან ვინელი)

ესეც ფრანგული ანტიუტოპია, უფრო სწორად, ამ ჟანრის ამერიკული ფილმების მსუბუქი სტილიზაციაა ( ფრანგულ ფილმს ინგლისური სათაური აქვს) და, თანაც, მორიდებული ირონია ჰოლივუდის ბლოკბასტერების მიმართ, ვიდეოთამაშების ესთეტიკის მიმართ.

კაროლინ პოჟისა და ჯონატან ვინელის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს საფრანგეთში ძალიან კარგი პრესა ჰქონდა. “ფიგაროს” კორესპონდენტმა “ჯესიკა” მთლად მარსელ პრუსტის რომანებს შეადარა. არადა, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს პრუსტთან ფრანგულ კინოფანტასტიკას? რა საერთო შეიძლება ჰქონდეს დიდ ლიტერატურასთან ფილმს, რომელშიც ხელისუფლება აცხადებს ნადირობას ობოლ ბიჭებზე, მათი დამცველის როლში კი ახალგაზრდა ქალი-ჯარისკაცი, ჯესიკა მოგვევლინება. მხოლოდ ჯესიკა შეძლებს სიყვარული დაუბრუნოს გაბოროტებულ ბიჭებს,,, არა, არ შეგეშინდეთ, სპოილერს როგორ გაკადრებთ? თანაც, ანტიუტოპიის სპოილერს. ყველაფერი საინტერესო ამის მერე ხდება. თუმცა მაშინაც კი, როცა წინასწარ იცი, როგორ განვითარდება ფილმის მოქმედება, “ჯესიკა სამუდამოდ” მაინც საინტერესო საყურებელია. ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორები ქმნიან კინოსანახაობას “ტექნიცისტური ეპოქის” ნაცნობი სახეებისგან, რომლებიც იმდენად არიან უტრირებულნი, რომ “ჯესიკა” , განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში, “ჰიპერრეალისტურ სიზმარს” უფრო ჰგავს, ვიდრე პლანეტის მომავლის (დავაზუსტოთ მაინც, “ალტერნატიული მომავლის”) აღწერას, სიზმარს, რომელშიც მასკულინური საწყისი არა მარტო სუსტდება, არამედ საერთოდ გაქრობა, განადგურება ემუქრება... რომ არა ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელმაც კაცები უნდა გადაარჩინოს.

“ჯესიკას” პრემიერა ტორენტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, 2019 წლის თებერვალში კი ფილმი უჩვენეს “ბერლინალეს” პანორამაში, ჯერ კიდევ ძველი დირექციის მიერ ჩატარებულ ფესტივალზე. ამას წინათ ბერლინის კინოფორუმის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ მომავალი წლიდან აუქმებენ “ვერცხლის დათვებს” მამაკაცის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და აწესებენ “გენდერულად ნეიტრალურ” პრემიას საუკეთესო მსახიობისა და მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის. ეს უკვე ქალთა მოძრაობის იმ აქტივისტების გამარჯვებაა, რომლებიც “ბერლინალეს” ძველ დირექტორს გენდერული ბალანსის დაუცველობის გამო აკრიტიკებდნენ. რა იქნება ხვალ და როგორ მოაგვარებს ბერლინის კინოფორუმი “ქალი-კაცის” ფორმულას, ამის თქმა ძნელია, მაგრამ თანამედროვე კინოში თამაში გენდერული როლებით, მგონი, უკვე გახდა კინემატოგრაფისტების საყვარელი საქმიანობა. როგორც მითხრეს, კინორეჟისორი ქალების საერთაშორისო კონოფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება პარიზთან ახლოს, კრეტეიში, პოპულარული იყო ფანტასტიკური ფილმები მომავალზე, როცა დედამიწას... ქალები მართავენ.

“ჯესიკაში” ამგვარ სიხისტეს, სწორხაზოვნებას და ქალების შურისძიებით გამოხატულ აღფრთოვანებას ვერ იგრძნობთ. კი, ფილმში მსუბუქადაა გაშარჟებული ის, რასაც, ალბათ, პირველ რიგში ებრძვიან ფემინისტები - მასკულინური სისტემა და პატრიარქალური კულტურა (ზოგჯერ შენიღბული ლიბერალიზმის იდეებით), მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორების ეს სურათი დესტრუქციულობის, შურისძიების, ნგრევის მხარეს მაინც არაა. ქალს, როგორც სექსუალურ ობიექტს, მრავალჯერ გათამაშებულს კინოში, აქ ცვლის სხვა სახე - “მადონა ტყავებში” (“ლე მონდის” რეცენზენტის შედარება), ერთგვარი მომავლის ჟანა დარკი, ან, თუ გნებავთ, ლამაზი ჯადოქარი, რომელმაც, უბრალოდ, შური კი არ უნდა იძიოს, არამედ სამართლიანობა და, რაც მთავარია, დარღვეული ბალანსი უნდა აღადგინოს.

აომი მუიოკი, რომელმაც ჯესიკას როლი შეასრულა, უკვე ვნახეთ გასპარ ნოეს “სიყვარულში”. სწორედ იმ ფილმით დაგვამახსოვრა თავი ფრანგული და შვეიცარიული (მუიოკი შვეიცარიელი მოდელია) კინოს ამომავალმა ვარსკვლავმა, შეიძლება ითქვას, ახალმა “სექს-ხატმა”. “ჯესიკას” ავტორები, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებიან ქალის სხეულის ექსპლუატაციას, რომელსაც მრავალი წლის ტრადიცია აქვს კინოში და, მეორე მხრივ, არც კი ცდილობენ შენიღბონ აომი მუიოკის სექსუალურობა. ეს მართლაც რომ ულტრაფორმალისტური კინო, პირველ რიგში, სილამაზით - ფერის, დეკორის, კოსტიუმების სილამაზით - ცდილობს მაყურებლის მოხიბვლას. ყველაფერი დანარჩენი - ხასიათები, კონფლიქტი, სიუჟეტის განვითარების ტემპი - სრულიად მეორეხარისხოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დროდადრო სრულმეტრაჟიან კლიპს ემსგავსება, ავტორების ასეთი გატაცება დეკორით არაა მხოლოდ აკვიატება და ფორმალიზმი: ეს ვილები, ტყავის ავეჯი, ჭაღები, ტერასები უკვე მომხმარებლური საზოგადოების, მდიდარი ბურჟუაზიის სამყაროა, სწორედ იმ კლასის, რომელმაც გარიყა და ნაგავში გადაისროლა “ჯესიკას შვილები”.

არის თუ არა ჩვენს დროში ძალადობა გარდაუვალი და გვაქვს თუ არა უნარი დავუპირისპირდეთ მას? 2019 წლის საუკეთესო ფილმებში ძალადობასა და უსამართლობას ადამიანები ისევ ძალადობით უპასუხებდნენ. “ჯესიკაშიც” ასეა თითქოს - ხელისუფლებისგან დევნილი ობოლი ბიჭები ამბოხებას უწყობენ იმათ, ვინც ისინი მარგინალებად აქცია. მაგრამ ომში ერევა ჯესიკა და შურისძიების ვექტორი მნიშვნელოვნად იცვლება.

მარსელ პრუსტი არ ვიცი და “ჯესიკა სამუდამოდ” პიტერ პენს და ჩარლზ დიკენსის რომანებს ნამდვილად გაგახსენებთ. ფილმის მთავარი სახე მაინც ოჯახია. ოღონდ არა ტრადიციული, არა ისეთი, როგორიც კონსტიტუციაშიც კი ჩაგვიწერეს, არამედ ერთგვარი ოჯახი -კომუნა, გარიყული და ობოლი ყმაწვილების ერთობა, რომელიც “პოლიციურ მომავალში”, დევნის, თვალთვალის ატმოსფეროში საეჭვოა რომ გადარჩენილიყო. მითუ მეტეს, რომ ეს კომუნა დროდადრო სექტის, ერთგვარი ხალიფატის სახეს იღებს. ეს ხალხი დაიღუპებოდა, რომ არა ჯესიკა, რომ არა ჩვენი კეთილი ჯადოქარი. ამით ყველაფერი იცვლება. მოდა “ჯოკერებზე” უარყოფილია. ობოლი ბიჭები ჯუჯებს ემსგავსებიან, ჯესიკა კი - ფიფქიას. ნათელი ხდება, რომ ფრანგული ფილმის ახალგაზრდა ავტორები დიკენსის ჰუმანისტური პედაგოგიკის გზას უფრო მიჰ ყვებიან - მათ ალტერნატიულ სამყაროში სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს.

ეიზენშტეინი წერდა, რომ კინემატოგრაფი დიკენსის ტექსტებში ჩაისახა. თუკი ამ მოსაზრებას ეთანხმებით, მით უმეტეს უნდა ნახოთ “ჯესიკა სამუდამოდ”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG