Accessibility links

ჯოზეპ ბორელისთვის ევროკავშირის პრიორიტეტი დასავლეთი ბალკანეთი იქნება


დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლოში უხერხული გრძნობა სუფევდა, როცა ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჯოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შემდეგ ლიდერად დაასახელეს. მართლაც შეძლებს თუ არა 72 წლის კატალონიელი სოციალისტი, რომ წინ აღუდგეს რუსეთს? საერთოდ თუ აინტერესებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, პოლიტიკოსს, რომლის ყურადღების ცენტრში ალბათ იქნება ევროკავშირის სამხრეთი სამეზობლო და ლათინური ამერიკა? და შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: როგორ მოექცევა ევროკავშირის მხარდაჭერილ სერბეთ-კოსოვოს დიალოგს, რომელშიც ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთია ესპანეთი, ქვეყანა, რომელიც დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას?

7 ოქტომბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მისი სამსაათიანი მოსმენის დროს, ბორელმა თითქმის ყველა შიში უცებ გააქარწყლა. გამოსვლის დაწყებიდან ერთ წუთში თქვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არისო და დასძინა, რომ დასავლეთი ბალკანეთი და ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრები მისი პრიორიტეტებია პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით. და მერე თავის გამოსვლაში მართლაც დიდი სიახლე გვამცნო: რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფად დამტკიცების შემთხვევაში პირველ უცხოურ ვიზიტს განახორციელებს კოსოვოში, რითიც უკუაგდო ეჭვები, თითქოს თავის ახალ როლში უარს იტყოდა დიალოგისთვის პასუხისმგებლობაზე.

ამის შემდეგ ახსნა, რომ კოსოვომ სერბეთს უნდა გაუუქმოს 100-პროცენტიანი საბაჟო გადასახადები, სერბეთმა კი უნდა აწარმოოს „ფართო მასშტაბის და გულწრფელი დიალოგი“ - დიალოგი, რომელიც, ბორელის თქმით, „ძალზე დიდხანს“ გაგრძელდა და პირობა დადო, რომ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება იქნება მიღწეული. ამის შემდეგ მან ესპანეთის მიერ არაღიარებაზე კრიტიკა უკუაგდო და თქვა, რომ საბოლოოდ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას აპირებს მადრიდი, ვინაიდან კოსოვო ვერ გახდება ნამდვილი სახელმწიფო, სანამ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი, არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას. მოგვიანებით, მოსმენის დროს მან მიგრაციის თაობაზე განაცხადა: „მე არ მომწონს საზღვრები. და პირველი, რაც ბალკანეთში უნდა გავაკეთოთ, საზღვრების გახსნაა.“

რუსეთთან დაკავშირებით მან ერთგვარი წონასწორობა დაიცვა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მოსკოვთან მეტი ურთიერთობები სურთ და რომლებიც - განსაკუთრებით კლუბის აღმოსავლეთ ნაწილში - მკაცრი კურსის მომხრე არიან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შემდეგ მოქმედი ევროკავშირის სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი თავის პოლიტიკას არ შეცვლის.

ამავე დროს რამდენჯერმე თქვა, რომ სანქციები ვერ იქნება ევროკავშირის ერთადერთი პოლიტიკა მეზობლების მიმართ, და რომ ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს ქვეყანას, საიდანაც ბუნებრივი გაზის იმპორტს ეწევა და რომელთანაც საკმაოდ კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს. მან პირობა დადო, რომ რუსეთთან იქნება „შერჩევით თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, სადაც მოიპოვება დიალოგისთვის საფუძვლის გამონახვის საშუალება.“

შემდეგ შეეცადა, რაც შეიძლება ესიამოვნებინა ორივე ბანაკისთვის. ისე, რომ არავის უკარნახია, მან თქვა: „ვფიქრობ, ყველამ უწყის, რომ არის დეზინფორმაციის კამპანიები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სერვერებიდან იმართება“ - ეს წინადადება საკმაოდ ნათელია უმეტესობისთვის, ვინც პრობლემას თვალყურს ადევნებს, მაგრამ ამავე დროს ამას ღია გამოსვლაში ვერ მოისმენდით მისი წინამორბედის, ფედერიკა მოგერინისგან. შემდეგ განაგრძო, დეზინფორმაციის საკითხში ევროკავშირმა მეტი თანხა უნდა გაიღოსო, რაზეც დარბაზში სიამოვნების კრუტუნი აღმოხდათ რუსეთთან პოლიტიკის ქორებს.

თუმცა თავი შეიკავა პასუხისგან შეკითხვაზე, თუ რას გააკეთებს, რათა რუსეთს ხელი შეუშალოს მეზობლების საქმეებში უფრო მეტად ჩარევაში. ამის ნაცვლად დიპლომატიურად დასძინა: „რუსეთის შესაკავებლად საუკეთესო გზა არის უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან ამას ცენტრალური მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ გამოწვევაში, რომელსაც წარმოადგენს რუსეთი.“ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს, ამაზე დეტალურად საუბარი ვერ გაბედა.

ეჭვგარეშეა, ბორელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფრო გახსნილი შეფი იქნება. მაგრამ ის იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდება, როგორც მისი წინამორბედები, მოგერინი და კეთრინ ეშტონი - რომ ძალიან ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუკი არ იქნება ევროკავშირის 28-ვე წევრის თანხმობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო ძლიერ პოზიციაზეა ვეტოს უფლების გამო, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი. ბორელი უბრალოდ ყოველი დედაქალაქის ნებაზეა დამოკიდებული - ლისაბონიდან ჰელსინკიმდე. და თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებულ პრიორიტეტებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში მომავალშიც წამყვანი იქნება ნაკლებ ღირებული საერთო მნიშვნელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG