Accessibility links

ჯონათან ლიტელი ჩეჩნეთის ორ ომს შორის სხვაობებზე


25 წლის წინ ჩეჩნეთში დაიწყო ომი, რომელიც დღესაც არ დამთავრებულა. ამ კონფლიქტმა, რომელიც, კრემლის აზრით, ჯარის ორკვირიანი გასეირნება უნდა ყოფილიყო, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაცია სრულიად შეცვალა. სწორედ ჩეჩნეთის მეორე ომად ცნობილი ამ კონფლიქტის მეორე ფაზის საშუალებით ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. როგორი იყო ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეების ევოლუცია, რით გასხვავდებოდა ჩეჩნეთის ე.წ. პირველი და მეორე ომი ერთმანეთისგან, ამის შესახებ ვესაუბრე ფრანგ-ამერიკელ მწერალ ჯონათან ლიტელს.

ჯონათან ლიტელს ქართველი მკითხველი ძირითადად იცნობს როგორც „კეთილისმოსურნეების“ ავტორს. თუმცა, ძალზე პრესტიჟული გონკურის პრემიის (2006) ეს ლაურეატი ასევე ცნობილია როგორც გამოცდილი ომის რეპორტიორი. ჯონათან ლიტელი აშუქებდა საომარ მოქმედებებს პლანეტის ყველაზე სისხლიან კონფლიქტებში - იქნებოდა ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანში, მექსიკასა (კარტელების ომი) თუ სირიაში. ხოლო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე ფრანგულ გაზეთ Le Monde-ისთვის გაკეთებული მისი რეპორტაჟი სავარაუდოდ საუკეთესოა, რაც კი ამ კონფლიქტზე დაწერილა დასავლეთში. ჯონათან ლიტელი არის ასევე ავტორი საინტერესო ნაშრომისა რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებზე.

ჯონათან, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელი, თქვენ ორჯერ - 1996 და 1999-2001 წლებში - მუშაობდით ჩეჩნეთში. თქვენ კარგად იცნობთ ამ რეგიონში განვითარებულ კონფლიქტს და წიგნიც კი დაწერეთ ჩეჩნეთზე: „ჩეჩნეთი, წელი III“. რა ევოლუცია განიცადა რუსეთის არმიამ ამ ორ ომს შორის?

რუსეთის არმიამ ამ ორ ომს შორის პერიოდში კარდინალური ცვლილება განიცადა. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსულ მხარეს იბრძოდნენ ძალზედ ცუდად შეიარაღებული წვევამდელი 18-19 წლის ბიჭები, რომლებიც არც გაწვრთნილი იყვნენ და არც სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ. არანაირი დისციპლინა საჯარისო ნაწილებში არ არსებობდა. რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტები ცუდად იყო დაცული, ხოლო ლოგისტიკა თითქმის არ არსებობდა. მოკლედ, არმია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო საომარი მოქმედებების წარმოებისათვის. როგორც გახსოვთ, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საჯარისო ნაწილებთან ერთად იმყოფებოდნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალები, ისე ამ სამინისტროს ელიტარული ნაწილი - ომონი. პაექრობა ამ სხვადასხვა ნაწილს შორის - თითოეულს უნდოდა, გაეკონტროლებინა შავი ბიზნესი - მხოლოდ ამწვავებდა ზოგად ქაოსს. 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს პაექრობა რუსულ ნაწილებს შორის საომარ შეტაკებებშიც კი გადაიზარდება - მაშინ არა მარტო რუსეთის მოსახლეობა, არამედ ჯარიც კი ორად იყო გაყოფილი ელცინისა და კომუნისტ ზიუგანოვის მომხრეებს შორის.

თქვენ შავი ბიზნესი ახსენეთ...

ჩეჩნეთის პირველ ომში შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა. ამას გარდა რუსი სამხედროები ჩეჩენი მებრძოლებისთვის იარაღისა და ტყვია-წამლის მიყიდვით იყვნენ დაკავებული. დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ასევე ჩეჩენი ტყვეებისა და ცხედრების მიყიდვა ოჯახებისთვის.

რამდენიმე რუსი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ რუსი ოფიცრები საკუთარ ჯარისკაცებს მონებად ჰყიდდნენ ჩეჩნებს...

არასდროს მინახავს ეს. თუმცა, იმისათვის, რომ თავიანთ ნაწილებში დიდი დანაკარგები დაემალათ, რუს ოფიცრებს ვერტმფრენებით გადაჰქონდათ საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები და ტყეში ყრიდნენ მათ, რათა შემდგომში ეს მოკლული ჯარისკაცები დეზერტირებად გაესაღებინათ.

რა შეიცვალა მეორე ომის დროს?

მეორე ომის დროს რუსეთის ჯარის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებული იყო: წვევამდელები ჩანაცვლებული იქნენ „კონტრაქტნიკებით“, რომლებსაც ხშირად გააჩნდათ გარკვეული სამხედრო გამოცდილება. მეორე ომში ნაწილებს შორის კოორდინაციაც - ავიაციას, არტილერიასა და ქვეით დანაყოფებს შორის - გაუმჯობესდა. თუმცა, ამასთან ერთად, ამ კონფლიქტის კრიმინალიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა - ფსონები ძალზე იყო გაზრდილი. ვინაიდან საქმე უკვე არა ტყვია-წამლის გაყიდვას, არამედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების კონტროლს და საწვავის გაყიდვას ეხებოდა, ძალზე გამძაფრდა კონფლიქტი ფსბ-ს, არმიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს შორის. თუმცა ტყვია-წამლის გაყიდვაც არ შენელებულა - მე, მაგალითად, ვიცნობდი ერთ ჩეჩენ მეთაურს, რომელმაც 1000 ფუგასი 10 000 ამერიკულ დოლარად იყიდა.

და რა ევოლუცია განიცადა ჩეჩნეთის არმიამ ამ პერიოდში?

პირველი ომის დროს ჩეჩნეთის მებრძოლთა უდიდესი ნაწილი ნაციონალისტები იყვნენ. ამ პერიოდში ერთადერთი ისლამური დანაყოფი, რომელიც ჩეჩნეთში ომობდა, იყო ჰატაბის. თუმცა, უნდა ითქვას, თვით ჰატაბიც ექვემდებარებოდა ჩეჩნეთის მთავარსარდლობას: 1996 წელს გროზნოზე იერიშის დროს ჰატაბი და ბასაევი სრულად ემორჩილებოდნენ ასლან მასხადოვს. თუმცა ორ ომს შორის პერიოდში პარალელურად ორი ახალი ტენდენცია გამოჩნდა: ერთის მხრივ, დაიწყო ჩეჩენ მეთაურთა ნაწილის კრიმინალიზაცია და, მეორე მხრივ, მათი „ვაჰაბიზაცია“. არბი ბარაევი და ძმები ახმადოვები ამ ტენდენციის ძალიან კარგი მაგალითები იყვნენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება ჩეჩნეთის სხვადასხვა ჯგუფს შორის. მაგალითად, 1998 წლის ივლისში გუდერმესში ვაჰაბიტურმა შენაერთებმა იერიში მიიტანეს ნაციონალისტურ ნაწილებზე. მაშინ ნაციონალისტებმა მოიგერიეს ეს იერიში და ბევრი ვაჰაბიტიც კი მოკლეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს წყალგამყოფი აღმოჩნდა. ასე რომ, როცა მეორე ომი დაიწყო, ჩეჩნეთის ძალები უკვე დაქუცმაცებული იყო. და 2000 წლის იანვარში, რუსეთის არმიის საერთო იერიშის დროს ვაჰაბიტებმა უბრალოდ უღალატეს მასხადოვს, როდესაც ბრძოლის მაგივრად მთებში გაიხიზნენ.

ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ 1999 წელს რუსებმა ბასაევსა და ჰატაბს ფული გადაუხადეს, რათა მათ დაღესტანზე მიეტანათ იერიში და ამგვარად კრემლისთვის casus belli შეექმნათ...

რაც შეეხება ბასაევს - საქმე ასე მარტივად არ იყო... თუმცა რუსები უხვად აფინანსებდნენ ისლამისტ საველე მეთაურებს, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, მეჟიდოვი ან არბი ბარაევი. 1998 წლის მიწურულს, როდესაც არბი ბარაევმა ოთხი დასავლელი ინჟინერი გაიტაცა, ინჟინრების დამსაქმებელი თანახმა იყო 10 მილიონი დოლარი გადაეხადა კოლეგების გამოსასყიდად, თუმცა რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვიცი, რომ ფსბ-მ ბარაევს 12 მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა ეს ინჟინრები მოეკლათ და შემდეგ მათთვის თავები მოეკვეთათ. ეს ასეც მოხდა და ძალიან წაადგა რუსულ პროპაგანდას. ფსბ-სა და ვაჰაბიტებს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო იყო. 2000 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ გროზნო აიღო, ბარაევი გროზნოში თავისუფლად მოძრაობდა და ჩემი კოლეგა ჩეჩნების მტკიცებით მას ფსბ-ს „ქსივაც“ კი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ, როცა გრუ გადაწყვეტს მის მოკვლას, ბარაევი ალხან-კალაში ფსბ-ს სამხედრო ბაზას შეაფარებს თავს. ბარაევის ლიკვიდაციისათვის გრუ ფსბ-ს ამ ბაზაზე იერიშსაც კი მიიტანს, რომლის დროსაც ფსბ-ს ერთ ოფიცერს მოკლავენ კიდევაც. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბარაევის ლიკვიდაციამდე სამი კვირით ადრე ძალზედ იდუმალ სიტუაციაში მოკვდა ფსბ-ს გენერალი გერმან უგრიუმოვი. პუტინის დანიშნულ ამ გენერალს ექვემდებარებოდა ჩეჩნეთში არსებული ყველა სამხედრო დანაყოფი. ოფიციალურად ის მოკვდა გულის შეტევით, თუმცა ეს სიკვდილი საეჭვოდ დაემთხვა პუტინის მიერ მის საჯარო კრიტიკას... სანდო წყაროების მიხედვით, უგრიუმოვი ისლამისტების „კრიშა“ იყო. შეიძლება ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს ეს ვერსია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მხოლოდ უგრიუმოვის სიკვდილის შემდეგ შეძლებს გრუ ისლამისტების ლიკვიდაციის დაწყებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG