Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჰაერი ამერიკიდან” - კლიენტები USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე და ქვეყანაში ახალი სტანდარტები დანერგა, ახლა ასობით კლიენტი უჩივის. კონკურენციის სააგენტო ერთ დროს სამაგალითო USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ 70-მდე საჩივარს განიხილავს.

ნიკოლოზ ურუშაძეს ამერიკიდან ერთი წყვილი წინდის ჩამოტანა 60 ლარზე მეტი დაუჯდა, თავად წინდაში სულ 8 დოლარი (22 ლარი) მისცა. ნიკოლოზი USA2GEORGIA-ს ძველი კლიენტია. ადრე მას 60 ლარი 2,2 კილოგრამი ნივთის ჩამოტანა უჯდებოდა. რა მოხდა ამჯერად?

კომპანიამ 15 ნოემბრიდან ხარჯების დათვლის სისტემა შეცვალა. ნიკოლოზს წინდა ამერიკიდან თბილისში ყუთით ჩამოვიდა. ყუთის სიგრძე 35 სანტიმეტრი იყო, სიგანე - 22, სიმაღლე კი 17 სანტიმეტრი. USA2GEORGIA-მ ამანათის ჩამოტანის ღირებულება არა წონის, არამედ მოცულობის გათვალისწინებით გამოიანგარიშა.

ნიკოლოზ ურუშაძის ამანათი
ნიკოლოზ ურუშაძის ამანათი

“ის, რომ საახალწლოდ გადაწყვიტეს მოცულობით დაეთვალათ წონა, არასამართლიანია და ჩვეულებრივ თაღლითები არიან… ალბათ, ასე აწყობდათ, რომ მომხდარიყო, თორემ რომ ნდომოდათ ხალხს გაეგო, გააგებინებდნენ - ის სიურპრიზი არ დამხვდებოდა, რომ 100-გრამიან ნივთში რამდენიმე კილო დათვალეს… კიდევ ჩუსტი ჩამოვიტანე და გადავიხადე 100 ლარი, ბოტასშიც 100 ლარი - ალოგიკურია. ყუთს თვლიან [იგულისხმება მოცულობა - რ.თ.] და არა რეალურ წონას…” - ამბობს ნიკოლოზი.

კომპანიის სერვისით უკმაყოფილო მომხმარებლები Facebook-ზე “USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფში” გაერთიანდნენ. ნივთების გვიან ჩამოტანით დაწყებული, გამოწერილი ამანათების დაკარგვით დამთავრებული - ამ ჯგუფში ყველა თავის პრეტენზიას წერს, თუმცა უმრავლესობა ჩამოტანის გაძვირებითაა უკმაყოფილო. თუკი აქამდე კომპანია “რეალური წონის” (რასაც ნივთი რეალურად იწონის) საფასურს ახდევინებდა კლიენტებს, ახლა უკვე მოცულობით ითვლის წონის ფასს.

ფეისბუკზე 2600-ზე მეტი მომხმარებელი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

  • “გამოვიწერე “ადიდასიდან” ჩუსტები 14 დოლარად, გადასახდელ თანხად მიწერს 78 ლარს. არ მინდა, ჩაიცვან თვითონ ეგ ჩუსტები”;
  • “300-გრამიანი საათი 33 ლარად. მე მგონი, რეკორდი მოვხსენი”;
  • “30-მილიგრამიანი სუნამო რანაირად გამოვიდა 1 კგ?!”
  • “აქ ვიწუწუნო 197 დოლარის ტრანსპორტის ღირებულებაზე?”
  • “ფისოს ტუალეტი გამოვიწერე, ჩემსაზე ძვირი თუ დამიჯდებოდა, რას ვიფიქრებდი”;
  • “დღეს 158-გრამიან ყურსასმენში 42 ლარი გადავიხადე”.
გამოხმაურებები “USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფიდან”
გამოხმაურებები “USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფიდან”

კომპანია 2008 წელს შეიქმნა. ათასობით გამომწერს დღეს უკვე ამერიკიდან ჩამოტანილი ამანათების მიღება თბილისის 8 ფილიალში შეუძლია.

მაგალითად, კომპანიის ვაჟა-ფშაველას ფილიალიდან, ეს USA2GEORGIA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია, ნივთები ყოველ დღე ათეულობით ადამიანს გამოაქვს.

“ორი ცალი კისრის ბალიში გამოვიწერე ჩემთვის და ჩემი დისთვის, ერთი ცალი ბატარეა. ეს ყველაფერი მოცულობის მიხედვით წონით დაითვალეს და 175 ლარი გადამახდევინეს. არ ვიცი… “ცხელ ხაზზე” ნახევარი საათი ვიცდიდი, ვუთხარი, რომ რამით დამხმარებოდნენ - რაღაც გაეკეთებინათ, არ ვიცოდი, რომ ასე ითვლიდნენ, ფასში ძალიან დიდი განსხვავება იყო, პასუხი ვერ მივიღე”, - გვითხარა ახალგაზრდა კაცმა ამანათის გამოტანის შემდეგ.

ფეხსაცმლის ყუთი უფრო დიდ ყუთში ჩადებული დახვდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამერიკიდან გამოწერილ ამანათს რამდენიმე დღე ელოდა.

“ამაში გადავიხადე 98 ლარი. სხვა ყუთში რატომ დევს არ ვიცი, მოვითხოვე, არ გაეხსნათ და არ გადაეფუთათ, ეს მეორე ყუთი რა საჭირო იყო, არ ვიცი - თავის ყუთში დევს, ეს რა შუაშია?!” - ამბობს იგი და თან ამანათს ჩვენ თვალწინ ხსნის.

ის, რომ კომპანია ხარჯებს მოცულობის მიხედვით დაითვლიდა USA2GEORGIA-ს ონლაინ ხელშეკრულებაში 25 ოქტომბერს ასახა. წესის ამოქმედებამდე 20 დღით ადრე.

ხელშეკრულების პირობები
ხელშეკრულების პირობები

განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის "მოცულობითი წონა" (სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და სიმაღლე და გაყოფილი კოეფიციენტზე 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, კომპანია უპირატესობას ანიჭებს პირველს.

გამოხმაურებები “USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფიდან”
გამოხმაურებები “USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფიდან”

USA2GEORGIA-ს დირექტორმა მამუკა მელაძემ შეთანხმების მიუხედავად, რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა - კომპანიის პოზიცია, სადაც კითხვების მხოლოდ ერთ ნაწილზეა პასუხი გაცემული, წერილობით გამოგზავნა - USA2GEORGIA თავად თვლის თავს დაზარალებულად.

“პარტნიორმა ავიაკომპანიებმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რომ ფასები გაძვირდებოდა და გადაზიდვისას ყველა პარამეტრი სიზუსტით დაითვლებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ ოქტომბერში, მეილით”, - წერია კომპანიისგან მოწოდებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მათ შეცვლილი პირობების შესახებ კლიენტებს აცნობეს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით და “მათ ხელთ არსებული ყველა პლატფორმებით”.

Facebook-ში, რომელიც ყველა ბოლო კვლევით, საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია და კომპანიას 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბოლო პოსტი, რომელიც დღეს იძებნება 25 სექტემბრითაა დათარიღებული - ხელშეკრულების შეცვლიდან ერთი თვით ადრე. ამ პოსტზე დღეს კომენტარების დაწერა შეზღუდულია.

ფოტო USA2GEORGIA-ს ფეისბუკგვერდიდან
ფოტო USA2GEORGIA-ს ფეისბუკგვერდიდან

“USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფში” 400-ზე მეტი კომენტარი მოსდევს იმ პოსტს, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური საჩივრის შეტანას ეხება.

“უკვე ძალიან ბევრნი ვართ, ამიტომ ნამდვილად დიდი ძალა აქვს ახლა ჩვენს ხმას. დაიწერება ერთიანი სარჩელი და თქვენგან საჭირო იქნება მხოლოდ თანხმობის განაცხადი”, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

USA2GEORGIA ხარჯებს მოცულობის მიხედვით წონით წლების წინაც ითვლიდა, თუმცა 2017 წელს გააუქმა სისტემა, რომელსაც კიდევ ერთხელ, 2022 წლის 15 ნოემბერს მიუბრუნდა. წელს ეს თარიღი Black Friday-სა და საშობაო ფასდაკლებებს დაემთხვა.

XS
SM
MD
LG