Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰენრი კისინჯერის შეხედულებების ევოლუცია რუსეთსა და უკრაინაზე


ჰენრი კისინჯერი, იმ პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. 1969 წლის 4 აგვისტო. პარიზი
ჰენრი კისინჯერი, იმ პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. 1969 წლის 4 აგვისტო. პარიზი

როდესაც ჰენრი კისინჯერი დაიბადა გერმანიაში 1923 წელს, საბჭოთა კავშირის დამაარსებელი ვლადიმერ ლენინი ჯერაც ცოცხალი იყო და ევროპა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის აჩრდილების შიშში იყო.

ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კისინჯერის ებრაელების ოჯახმა შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი 1938 წელს. ის 29 წლის იყო, როდესაც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი გარდაიცვალა 1953 წელს და 39 წლის გახლდათ კუბის სარაკეტო კრიზისის დროს. 1968 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკებმა სისხლში ჩაახშო პრაღის გაზაფხული, ის 45 წლის იყო და უკვე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრში გახლდათ,

"ჰენრი კისინჯერის საუკუნე იოლი არ ყოფილა, მაგრამ მისი უდიდესი გამოწვევები ერგებოდა მის დიდ და ცნობისმოყვარე გონებას", - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება X სოციალური მედიის პლატფორმაზე 30 ნოემბერს ასე გამოეხმაურა ცნობას, რომ კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოწოდებითა და განათლებით ისტორიკოსი, კისინჯერი რეალპოლიტიკის განსახიერება იყო, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს დიდი ძალების პოლიტიკის პრიზმაში განიხილავდა. მისი სადოქტორო დისერტაციიდან დაწყებული, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკას შეეხებოდა და 1957 წელს A World Restored-ის სათაურით გამოიცა, სიცოცხლის ბოლომდე კისინჯერი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო წესრიგი, რომლებსაც დიდი სახელმწიფოები მიიღებდნენ, „ლეგიტიმური“ იყო.

„ლეგიტიმაცია, როგორც აქ გამოიყენება, არ უნდა აგვერიოს სამართლიანობაში“, - განმარტავს ის წიგნში. „ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება სამუშაო შეთანხმებების არსისა და საგარეო პოლიტიკის დასაშვები მიზნებისა და მეთოდების შესახებ“.

ჰენრი კისინჯერი 2016 წლის 9 მაისს პენტაგონში, დიპლომატიური კარიერისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ჯილდოს მიღების შემდეგ.
ჰენრი კისინჯერი 2016 წლის 9 მაისს პენტაგონში, დიპლომატიური კარიერისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ჯილდოს მიღების შემდეგ.

შედეგად, კისინჯერს გაუჭირდა გაეაზრებინა ცივი ომის დასრულების შემდეგ მომხდარი მოვლენები - მათ შორის, საბჭოთა კავშირის დაშლა, რუსეთის ავტორიტარული პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აღზევება, რომელსაც ის ხშირად ხვდებოდა და რუსეთსა და უკრაინას შორის სულ უფრო გართულებული ურთიერთობები.

2022 წლის ივლისში Der Spiegel-თან ინტერვიუში კისინჯერი დაიბნა, როდესაც სთხოვეს ეპოვა ისტორიული პრეცედენტი "უკრაინის ომის გაგებისა და დასრულებისთვის".

„პირდაპირი პასუხის გაცემა დაფიქრების გარეშე არ შემიძლია“, უპასუხა კისინჯერმა. „იმიტომ, რომ უკრაინის ომი, ერთი მხრივ, გახლავთ ომი ძალთა ბალანსის შესახებ. მაგრამ, მეორე მხრივ, მას სამოქალაქო ომის ასპექტებიც გააჩნია. ის აერთიანებს კლასიკურ ევროპული ტიპის საერთაშორისო პრობლემას სრულიად გლობალურ პრობლემასთან. როდესაც ეს ომი დასრულდება, საკითხავი იქნება, მიაღწევს თუ არა რუსეთი აზრიან ურთიერთობას ევროპასთან - რასაც ის ყოველთვის ცდილობდა - თუ გახდება აზიის ფორპოსტი ევროპის საზღვარზე.

„და ამის კარგი ისტორიული მაგალითი არ არსებობს“, - დაასკვნა მან.

ბევრი ექსპერტისთვის, კისინჯერის ფოკუსირება გლობალურ და რეგიონულ ძალებს შორის სტრატეგიულ ბალანსზე, მის ანალიზს მეტისმეტად ავიწროებს.

„ამგვარმა მიდგომამ შეიძლება იმუშაოს ნორმალურ დროს, მაგრამ ის ვერ ახერხებს ცვლილების შესაძლებლობებოს განსაზღვრას და ვერ გვეუბნება, თუ რა მოხდება, როდესაც ცვლილებები დაიწყება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლ გობლმა, CIA-ს გადამდგარმა ანალიტიკოსმა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ექსპერტმა. ”ამგვარად, ის არასწორად აფასებს მსოფლიო ისტორიის მთავარ გარდამტეხ მომენტებს და ასე იყო კისინჯერის მთელი კარიერის განმავლობაში. მან ვერ დაინახა საბჭოთა იმპერიის დაცემა ვერც საზღვარგარეთ და ვერც თავად სსრკ-ში. ვერ გააცნობიერა, თუ ცვლილების როგორი ძალა აქვს ხალხს მაშინაც კი, როდესაც მათი მთავრობების ძალაუფლება განუზომელი მოჩანს“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჰენრი კისინჯერის შეხვედრა მოსკოვში. 2001 წლის 13 ივლისი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჰენრი კისინჯერის შეხვედრა მოსკოვში. 2001 წლის 13 ივლისი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ესეში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, უკრაინელი მეცნიერი პეტრო კრალიუკი ამტკიცებდა, რომ კისინჯერი უკრაინას სათანადოდ ვერასოდეს აღიქვამდა. ეს ქვეყანა კისინჯერის 1994 წლის წიგნში „დიპლომატია“ მხოლოდ ორჯერაა ნახსენები.

პირველი ხსენება, აღნიშნავს კრალიუკი, შეეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 1991 წლის აგვისტოს გამოსვლას უკრაინის პარლამენტში, სადაც მან კანონმდებლები "თვითმკვლელი ნაციონალიზმის" წინააღმდეგ გააფრთხილა და მოუწოდა, ეძებნათ "თავისუფლება, დემოკრატია და ეკონომიკური რეფორმები" საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებულ ახალი საკავშირო ხელშეკრულების ფარგლებში.

მეორე - და, კრალიუკის აზრით, უფრო მეტყველ - პასაჟში კისინჯერი წერდა: "რუსეთის წამყვანი ფიგურების დიდი უმრავლესობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, უარს ამბობს აღიაროს საბჭოთა იმპერიის დაშლა და მისი მემკვიდრე სახელმწიფოების კანონიერება. განსაკუთრებით ეს შეეხება უკრაინას, რუსული მართლმადიდებლობის აკვანს“.

„ეს თეზისი იმის შესახებ, რომ უკრაინა არის „რუსული მართლმადიდებლობის აკვანი“, აჩვენებს, რომ კისინჯერი რუსეთსა და უკრაინას ერთ რამედ მიიჩნევს და ამიტომ ესმის რუსი პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც არ ეთანხმებიან სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას“, - წერს კრალიუკი.

პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის უმეტესი წლების განმავლობაში, კისინჯერი მხარს უჭერდა მოსკოვთან "თანამშრომლობის ურთიერთობას", როგორც მან უთხრა აშშ-ის სენატის კომიტეტს 2018 წლის იანვარში. ამ დროის განმავლობაში წერდნენ, რომ კრემლი სარგებლობდა კისინჯერის პოლიტიკურ-საკონსულტაციო ფირმის, Kissinger Associates-ის მომსახურებით. კისინჯერი პუტინს პირველად 1990-იანი წლების დასაწყისში შეხვდა, როდესაც პუტინი სანქტ-პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა და გახლდათ კისინჯერ-სობჩაკის ორმხრივი კომისიის წევრი, რომელიც რუსეთში დასავლური ინვესტიციების ხელშეწყობას ცდილობდა.

საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი ხვდება კისინჯერს მოსკოვში 1974 წლის 25 მარტს.
საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი ხვდება კისინჯერს მოსკოვში 1974 წლის 25 მარტს.

„კისინჯერი გახდა მოსკოვური იმპერიალიზმის აპოლოგეტი, რომელიც რუსეთს განიხილავდა დიდ ძალად, რომელსაც უფლება ჰქონდა, მის „გავლენის სფეროზე“ ებატონა", - უთხრა რადიო თავისუფლებას იანუშ ბუგაისკიმ, ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის წარმომადგენელმა. "ის ცივი ომის ნარატივში იყო ჩარჩენილი და დიდწილად უგულებელყოფდა პატარა ან განვითარებადი სახელმწიფოების ინტერესებს".

„შეუძლებელია რუსეთის შეყვანა საერთაშორისო სისტემაში გადაბირების გზით“, - განუცხადა კისინჯერმა The Atlantic-ს 2016 წელს. „ეს მოითხოვს გარიგებებს, მაგრამ, ამავე დროს გაგებასაც. ეს უნიკალური და რთული საზოგადოებაა. რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს მის მიერ სამხედრო ვარიანტების გამოყენების შეზღუდვით, მაგრამ ისე, რომ მას ღირსება შეუნარჩუნდეს“.

2014 წელს მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში სეპარატისტული კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, კისინჯერმა, როგორც ჩანს, განაგრძო უკრაინის მიჩნევა რუსეთის ინტერესების სფეროს ნაწილად. The Washington Post-ისათვის მიცემულ კომენტარში, მოსკოვის მიერ ყირიმის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, კისინჯერი ამტკიცებდა, რომ „რუსეთისთვის უკრაინა ვერასოდეს იქნება მხოლოდ უცხო ქვეყანა“. მან მოუწოდა "ბრძენ უკრაინელ ლიდერებს", აერჩიათ თავიანთი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს შორის შერიგების პოლიტიკა" და ცალსახად თქვა: "უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში".

კისინჯერი, იმ დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, გაეროში ნიუ-იორკში, 1973 წლის 24 სექტემბერს.
კისინჯერი, იმ დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, გაეროში ნიუ-იორკში, 1973 წლის 24 სექტემბერს.

2015 წელს ამერიკულ ჟურნალ The National Interest-ში მიცემულ ინტერვიუში კისინჯერმა თქვა: ”უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობას ყოველთვის განსაკუთრებული ხასიათი ექნება რუსეთის თვალში. ის არასოდეს შემოიფარგლება ორი ტრადიციული სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობით, არც რუსეთის და, შესაძლოა, არც უკრაინის თვალსაზრისით.

2016 წელს მოსკოვში სიტყვით გამოსვლისას კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინა უნდა იყოს „ხიდი რუსეთსა და დასავლეთს შორის და არა რომელიმე მხარის ფორპოსტი“.

ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში კისინჯერი ითხოვდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ არსებული ვითარების აღდგენას. ეს ფრაზა უკრაინაში ფართოდ განიხილებოდა, როგორც მოთხოვნა, რომ კიევს უარი ეთქვა ყირიმზე. თუმცა, კისინჯერმა 2022 წლის ივლისში Der Spiegel-ის ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით ყირიმის სტატუსი შემდგომი მოლაპარაკების საგანი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, 2023 წლის იანვარში კისინჯერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გამოხატა „აღტაცება უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის გმირული საქციელით“. სექტემბერში ის ვაშინგტონში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და აღიარა, რომ რუსეთის აგრესიის გაგრძელებამ მისი დამოკიდებულება შეცვალა.

„ამ ომამდე მე წინააღმდეგი ვიყავი უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა, რადგან ვშიშობდი, რომ დაიწყებოდა ის პროცესი, რასაც ახლა ვხედავთ“, - განუცხადა მან ზელენსკის. „ახლა, როცა ეს პროცესი ამ დონემდე მივიდა, ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეამ აზრი დაკარგა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG