Accessibility links

ჰიბრიდული თუ უბრალოდ ომი?


2013 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გაიმართა რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის კრება. კრებაზე ყველაზე ნიშანდობლივი მოხსენება წაიკითხა ვალერი გერასიმოვმა, რუსეთის გენშტაბის უფროსმა. კრებიდან ერთი თვის შემდეგ გენშტაბის უფროსის მოხსენების მოკლე ვარიანტი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ ВПК-ში (Bоенно-Промышленный Курьер). აი, რამდენიმე ფრაზა ამ მოხსენებიდან: „21-ე საუკუნეში, ჩვენ მოწმენი ვართ ტენდენციისა, როცა მკვეთრი საზღვარი ომისა და მშვიდობის მდგომარეობებს შორის იშლება. ომების გამოცხადება აღარ ხდება და როცა კონფლიქტი იწყება, იგი არ მიჰყვება მის ჩვეულ მოდელს. (...) თავად "ომის წესები" მნიშვნელოვნად შეიცვალა. ძალზე გაიზარდა არასამხედრო მეთოდების როლი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რაც საკუთარი ეფექტიანობით ზოგჯერ იარაღის ძალასაც კი ბევრად აღემატება. დაპირისპირებისას, აქცენტი სამხედრო მეთოდებიდან გადადის ისეთ არასამხედრო მეთოდების ფართოდ გამოყენებაზე, როგორებიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფორმაციული, ჰუმანიტარული და სხვა არასამხედრო საშუალებები. ყოველივე ამას დაემატა ფარული ბუნების სამხედრო ზომები, მათ შორის (...) სპეციალური ძალების ფარული ოპერაციები“.

გენერალ გერასიმოვის სტატიის გამოქვეყნებიდან 9 თვის შემდეგ გენერალი სერგეი ჩეკინოვი (რომელიც სამხედრო სტრატეგიულ კვლევათა ცენტრს ხელმძღვანელობს რუსეთის გენშტაბში) გენერალ სერგეი ბოგდანოვთან ერთად (ამავე ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი) გამოაქვეყნებს სტატიას ჟურნალ Bоенная Мысль-ში სათაურით „ახალი თაობის ომის ხასიათი და შინაარსი“. აი, რამდენიმე ციტატა ამ სტატიიდან: „ახალი თაობის კონფლიქტებში მსხვერპლზე იერიშის მისატანად, აგრესიული მხარე პირველი იქნება, ვინც გამოიყენებს არასამხედრო მეთოდებს. მძლავრი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მის განკარგულებაში იქნება, აგრესორი შეეცდება ძალისხმევა განახორციელოს, რათა იმოქმედოს მსხვერპლ ქვეყანაში არსებულ ყველა საჯარო დაწესებულებაზე. პირველ რიგში საუბარია მასმედიასა და რელიგიურ ორგანიზაციებზე, მაგრამ ასევე კულტურულ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო სექტორსა და იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებზე, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ამ ქმედებებში იქნებიან ასევე ჩართული უცხოური გრანტებით დაფინანსებული მეცნიერები. ყველა ეს ინსტიტუტი და პიროვნება შეიძლება მონაწილეობდეს მსხვერპლ ქვეყანაზე საზიანო დარტყმების მიყენებაში. (…) ამ პროპაგანდისტულ ძალისხმევაში ჩაერთვებიან ასევე Facebook-ი და Twitter-ი, (...) ვინაიდან ახალი თაობის ომებში ბრძოლა საინფორმაციო სფეროში გაიმართება.“

ამ ორ სტატიაში ჩამოთვლილი ე.წ. ჰიბრიდული ომის არასამხედრო არსენალი შევა 2014 წლის რუსულ სამხედრო დოქტრინაში, რომელსაც დღეს ბევრი „გერასიმოვის დოქტრინას“ უწოდებს.

ამგვარად, 2013 წელს რუსეთის გენშტაბი თავის სამოქმედო გეგმას სახალხოდ განაცხადებს, ხოლო ევროპა და ამერიკა გახდებიან „გერასიმოვის დოქტრინის“ პირველი „საცდელი ზღვის გოჭები“. ევრაზიული პროექტი, ე.წ. „კვლევითი“ ინსტიუტები (კულტურათა შორის დიალოგი ბერლინსა და ვენაში, დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტი ბრიუსელში, პარიზსა და ნიუ-იორკში და აშ...), რუსული ტელეარხები (Russia Today და „სპუტნიკი“), პეტერბურგის ტროლების ფაბრიკა - აი, იმ „ფსიქოტროპული საშუალებების“ მოკლე სია, რომლებსაც „ზღვის გოჭების“ წინააღმდეგ გამოიყენებენ... თუმცა, უნდა ითქვას, რომ გერასიმოვის დოქტრინის არსენალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ, რომლებსაც ხშირად ФСБ-ს და СВР-ის (რუსეთის საგარეო დაზვერვის) ყოფილი ხელმძღვანელები მართავენ.

„გერასიმოვის დოქტრინაში“ ნოვატორულია რამდენიმე ასპექტი: პირველ რიგში, ე.წ. ჰიბრიდული ომის მთავარ სამიზნედ არა მეორე მხარის შეიარაღებული ძალები, არამედ მისი მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება. ამ დოქტრინის მიხედვით, მომავალ ომებში აღარ იქნება არც ფრონტის ხაზი, არც ზურგი, საომარი თეატრი კი თვით საზოგადოება იქნება. გერასიმოვის დოქტრინის მიხედვით, აგრესორი ქვეყნის მიზანი იქნება მტერი ქვეყნის ერის ერთიანობის დარღვევა, რათა მოახდინოს მოსახლეობის აქტიური ნაწილის ნების გატეხვა. ასე რომ, თუ წარსულში მნიშვნელოვანი იყო მტერი ქვეყნის ტერიტორიის ხელში ჩაგდება და შენარჩუნება, მომავლის კონფლიქტში მთავარი ხდება მტერი ქვეყნის მოსახლეობის „ტვინის რეცხვა“ და მისი ნების დამორჩილება. (მიუხედავად აქცენტების ცვლილებისა, თვისებრივად არაფერი იცვლება - კლაუზევიცის მიხედვით, ომი ხომ ძალადობის აქტია, რომლის მიზანიცაა აიძულო მტერი, შეასრულოს შენი ნება).

ამ მიზნის მისაღწევად აქცენტი კეთდება ისეთ არასამხედრო არსენალზე, რომელიც საერთაშორისო კანონის „რადარის“ მიღმა რჩება: ვინაიდან ლეგალურ ზეწოლასა და არალეგალურ აგრესიას შორის ზღვარი წაშლილია, ბუნდოვანია სიტუაცია იმის შესახებ, არის თუ არა სახელმწიფო ომის მდგომარეობაში, დაარღვია მან თუ არა საერთაშორისო სამართალი... ამ სიტუაციაში, აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა სტრატეგიის გარეშე რჩება; იგი ვერ ხვდება, რომ ომი მიმდინარეობს და მშვიდობიან სტრატეგიას დროულად არ ცვლის ომის სტრატეგიით.

აგრესორი ქვეყნის საერთაშორისო კანონის „რადარის“ გარეთ დარჩენა სხვა უფრო დიდი საფრთხის შემცველიცაა: სიტუაციის ბუნდოვანება შეიძლება მიზეზი გახდეს ზოგიერთი სახელმწიფოსთვის, რომ არ შეასრულოს მოკავშირეობის ვალდებულება და არ აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას. მაგალითად, თუ რუსეთი ხვალ აქტიურად აამუშავებს გერასიმოვის დოქტრინას ლატვიის წინააღმდეგ (რომლის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი რუსულენოვანია), ხომ შესაძლებელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ხელი დაიბანოს“ და ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის აუმოქმედებლობა სიტუაციის ბუნდოვანებით გაამართლოს?

დაბოლოს: დღეს რომ კლაუზევიცი საფლავიდან ამდგარიყო და რუსეთის ქმედებებს დაკვირვებოდა უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში, ალბათ გაკვირვებული იკითხავდა, ახალი სახელების გამოგონებით რატომ ვართულებთ საქმეს და რატომ ვასაღებთ ახალ ტიკებში ჩასხმულ ძველ ვაზის ნაჟურს ახალ ღვინოდ, რადგან ეს ე.წ. ჰიბრიდული ომიც ხომ სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელება...

XS
SM
MD
LG