Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიმნის უფლება - რატომ არ აუხსნეს 51-ე სკოლელებს, რა არის ქურდული მენტალიტეტი?


20 მაისს, სკოლის ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეორე დღეა შს სამინისტროში მოზარდების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ასევე, არ დასტურდება ინციდენტში ცივი იარაღის გამოყენების ფაქტი.

მანდატურის სამსახურის იურისტის, ეკატერინე მარხვაშვილის თქმით, უფროსკლასელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და ინციდენტი არ უკავშირდება იმ კლიპს, რომელიც მეთორმეტე კლასელებმა გამოსაშვები საღამოსთვის გადაიღეს და რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

ვერსიას, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა 51-ე სკოლის ჰიმნს, კატეგორიულად უარყოფენ კლიპში მონაწილე ბავშვების მშობლები და ამბობენ, რომ ინცინდენტის დროს, მეთორმეტე კლასელები სააქტო დარბაზში იმყოფებოდნენ და მათთვის უცნობია, რის გამო დაიწყო ჩხუბი.

ჰიმნი და მისი ახალი ვერსია

კლიპის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის მასში გამოყენებული ე.წ. ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ტერმინების გამო - „საქმის ქურდულად მოგვარება“, „ობშიაკის ფული“ და სხვა.

განახლებული კლიპიდან გაქრა ტერმინები „ქურდული“ და „ობშიაკი“. კლიპიდან ასევე გაქრა მეთორმეტე კლასის დამრიგებელიც, რომელიც კლიპის პირველ ვერსიაში მოსწავლეებთან ერთად მღეროდა.

კლიპი მიუღებელი აღმოჩნდა სკოლის ადმინისტრაციისთვისაც. კლიპში მონაწილე მეთორმეტე კლასელების მშობლები ამბობენ, რომ „სკოლის შიგნიდან წამოსული ზეწოლის გამო“, კლიპის პირველი ვერსია ინტერნეტიდან მალევე წაშალეს, მასში მცირედი ცვლილებები შეიტანეს და კლიპის ახალი ვერსია განათავსეს სოციალურ ქსელებში. განახლებული კლიპიდან გაქრა ტერმინები „ქურდული“ და „ობშიაკი“. კლიპიდან ასევე გაქრა მეთორმეტე კლასის დამრიგებელიც, რომელიც კლიპის პირველ ვერსიაში მოსწავლეებთან ერთად მღეროდა. კლიპის ახალ ვერსიას, რომელიც youtube-ზე კლიპის რეჟისორმა გიორგი ლასარაშვილმა განათავსა, 100 ათასზე მეტი ნახვა და 2 ათასზე მეტი მოწონება აქვს. რეჟისორი კლიპის აღწერაში წერს: ყურადღება!!! ვიდეოში რასაც იხილავთ, გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ. ეს მხოლოდ ხუმრობაა". კლიპი 19 მაისსაა ატვირთული.

რუსუდან ჩაჩანიძე, კლიპში მონაწილე მეთორმეტე კლასელის დედა ამბობს, რომ კლიპის ტექსტი და შინაარსი რეჟისორმა ბავშვებთან ერთად და მშობლების თანხმობით დაწერა. ის ვერ ხედავს ვერაფერს მიუღებელს კლიპის შინაარსში და თვლის, რომ ბავშვებმა სასკოლო ცხოვრების ერთგვარი შარჟი წარმოადგინეს:

„ეს იყო ბავშვების გადაწყვეტილება, რომელშიც არავინ ჩარეულა, არც ერთი მშობელი. ტექსტი მოსმენილი გვქონდა და არავის ჩაუთვლია, რომ ეს იყო ქურდული მენტალიტეტის. დამრიგებელმა ამის შესახებ არ იცოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე გადაწყვიტეს ბავშვებმა, რომ მასწავლებელსაც მიეღო მონაწილეობა ამ კლიპში და ჩავრთეთ ისე, რომ მან საერთოდ არ იცოდა ამ კლიპის შესახებ. ჩემი შვილი არის პირველივე კადრში, ჩემი შვილით იწყება ეს ვიდეორგოლი.ის 51-ე სკოლაში მე-7 კლასში გადავიდა და იცით, თქვენ, რომ ახალი კლასელი როდესაც შემოდის კლასში, უცხოობა და ათვალწუნება იციან ბავშვებმა და ამის გამო ჰქონდათ დაპირისპირება. პრინციპში, დაპირისპირებაც არ იყო, ეს იყო ბავშვური დამოკიდებულება უცხოობის გამო და რა თქმა უნდა, მოგვარდა ეს ყველაფერი . ამიტომაც იყო კლიპში ასახული, რომ პირველ დღეს კლასში რომ შევიდა, კლასელებს ბუნჩულა ეგონათ და მოგვარდა ეს ქურდულად. "ქურდულად" - ეს იყო უბრალოდ შარჟი და ამ სიტყვის ზუსტი განმარტება, რა თქმა უნდა, არ იყო გამოყენებული...რაც შეეხება მეორე ბავშვს, რომელიც ამბობს "ობშიაკზე" - ეს ბავშვიც არის ძალიან წარჩინებული მოსწავლე. "ობშიაკის" ფულში კი იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ლობიანის და კოკა-კოლას საყიდელი ფული".

ჰიმნის შეფასებები

მანანა თურქია, 51-ე სკოლის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კლიპის ფორმა და შინაარსი აბსოლუტურად შეუსაბამოა სკოლის ღირებულებებთან:

"ჩვენთვის, სკოლისთვის, ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მიუღებელია ამგვარი მეთოდებით ვითომ ბრძოლა არსებულ სტერეოტიპებთან. ჩვენ სხვა ტიპის სამოქალაქო ცნობიერებას ვუყალიბებთ ბავშვებს და არ მგონია, რომ მსგავსი შინაარსის კლიპები სწორი იყოს".

„როდესაც რაღაცას აშარჟებ ან დასცინი, ე.ი. ეს რაღაც მართლაც არსებობს რეალობაში“, - ასე იწყებს მეთორმეტე კლასელების ჰიმნის შეფასებას კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში. მისი თქმით, მშობლების ე.წ. „გამართლებაც“, რომ ეს კლიპი უბრალოდ შარჟი იყო, იმაზე მეტყველებს, რომ ის მენტალობა, ის სტერეოტიპები, რაზეც კლიპში მღერიან, დღესაც არსებობს:

„თან ეს სტერეოტიპები იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული, რომ 18 წლის ასაკის, ზრდასრული ადამიანების ჰიმნადაც კი იქცევა. ეს არის დაახლოებით იმ შინაარსის კლიპი, რომელსაც ალბათ 90-იან წლებში, ჩემი კლასელებიც გადაიღებდნენ, ბიჭები, რომლებიც იარაღს სკოლის სახურავში ინახავდნენ ხოლმე და ეს „კაი პონტად“ ითვლებოდა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ეს კლიპი ვნახე, ასე მგონია, რომ არაფერი შეცვლილა ახალგაზრდების მენტალიტეტში. კლიპის თითოეული წინადადება ამყარებს ძალინ ბევრ არასწორ სტერეოტიპს, მაგალითად, „ოთხი კაცის გადარტყმა“, ძირს გაფენა თითქოს კარგ ტონად ითვლება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 51-ე სკოლის მოსწავლეები ერთი წლის წინ სასტიკი მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ამ ტრაგედიის შემდეგაც ვერაფერი გაიაზრეს ვერც ბავშვებმა და ვერც სკოლამ. თავისთავად, ვერავის აუკრძალავ, რომ მსგავსი შინაარსის სიმღერა ჩაწეროს, თავისუფლები არიან საკუთარ სურვილებსა და გამოხატვაში, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტერმინები, სტერეოტიპები, უკან, წარსულში გვაბრუნებს და არაფერი აქვს მას საერთო პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალ ახალგაზრდებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კლიპმა ისე წარმოაჩინა ეს ბავშვები, თითქოს ისინი დაშტამპულნი არიან 90-იანი წლების აჩრდილებით“.

„სამწუხაროდ, საზოგადოების ჩვევაა ჯოხი სუსტზე გადატეხოს და რეალური პრობლემა არ ეძიოს“, - ასე ფიქრობს 51-ე სკოლის ჰიმნის შინაარსსა და საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე ანა არგანაშვილი, ბავშვთა უფლებების დამცველი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი. მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია იმის გაანალიზებაა, თუ რატომ გადაწყვიტეს მოზარდებმა ამგვარი შინაარსის შემცველი სიმღერის ჩაწერა. ანა არგანაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი მოზარდებს თუნდაც ერთი ადამიანი მაინც აუხსნიდა, თუ რატომ არის მიუღებელი ამგვარი ღირებულებებით შექმნილი ტექსტი, მათი ჰიმნი სხვა შინაარსისა და ფორმის იქნებოდა. ანა არგანაშვილის თქმით, ბავშვებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება და როდესაც საზოგადოება ახდენს ზეწოლას მათზე, რომ წაიშალოს კლიპი, ეს უფლებების დარღვევაა:

„თუ ვინმე აიძულებს ბავშვებს, რომ მათ უნდა წაშალონ კლიპი, მაშინ კანონის საფუძველზე უნდა დაასაბუთონ მოთხოვნის საფუძველი. დაასაბუთონ, რომ ამ კლიპის ფორმა ან შინაარსი გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება. მოდით, ჯერ ის გავაანალიზოთ, ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, უფროსები რა ღირებულებების მატარებლები ვართ.

მთელი პრობლემა იქით მიდის, რომ საზოგადოებაში არ არსებობს შეთანხმება, რომ მსგავსი ღირებულებები მიუღებელია და ჩვენ ამ ბავშვებს ვთხოვთ წაშალონ კლიპი და ჯოხს მათზე ვტეხთ. ეს ორმაგი სტანდარტია.
ანა არგანაშვილი

ჩვენ ამ შემთხვევაში დავჩაგრეთ ყველაზე სუსტი, ბავშვი, რომელიც ვერ წავა სასამართლოში და ვერ იტყვის, რომ შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება, რომ მათზე ემოციურად იძალადეს. ახლა ისე გამოვიდა, რომ იმის ნაცვლად, რომ ბავშვებისთვის ვინმეს აეხსნა და ესწავლებინა თუ რატომ არ არის კარგი მსგავსი შინაარსისა და ღირებულებების შემცველი კლიპები, ჩვენ მათი უფლებები შევლახეთ“.

51-ე სკოლის რთული გამოცდილება

წელიწადნახევარია, 51-ე სკოლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული. 2017 წლის პირველ დეკემბერს, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს სკოლის სიახლოვეს, ხორავას ქუჩაზე. ეს საქმე გახდა ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ სკოლებში უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

გახმაურებული მკვლელობიდან მალევე, ხელისუფლება ალაპარაკდა იმგვარი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც სკოლებში მოზარდების უსაფრთხოებას დაიცავდა. მთავრობის სხდომებზე, ხელისუფლების პირველი პირებისგან გაჩნდა გზავნილები, რომ სკოლებში ძალადობრივი ფონის მოხსნისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი, კონკრეტული ზომები უნდა მიეღო.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ღია სურვილისა, რომ სასკოლო პროცესი გამხდარიყო უსაფრთხო, უნდა ითქვას, რომ სკოლებში მანდატურების მიერ პოლიციის გამოძახების შემთხვევების სტატისტიკა არ არის მცირე. 2018-2019 სასწავლო წლებში საქართველოს მასშტაბით სკოლებში 1168-ჯერ გამოიძახეს პოლიცია.

მათ შორის 51-ე სკოლაში 2018-19 სასწავლო წლებში პოლიცია 18-ჯერ მივიდა. რადიო თავისუფლება აზუსტებს კონკრეტულად რა დარღვევების გამო იძახებდნენ პოლიციას 51-ე საჯარო სკოლაში და აღძრულია თუ არა საქმე, რომელიმე გამოძახების საფუძველზე. მანდატურის სამსახურის განმარტებით ეს ინფორმაცია მედიას სტატისტიკის დეპარტამენტმა უნდა მიაწოდოს, მონაცემების გამოთხოვა დამატებით დროს მოითხოვს.

მანდატურის სამსახურის იურისტის ეკატერინე მარხვაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრის ბოლოს, განათლების სამინისტროსა და შს სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობის“) თანახმად, პოლიციის გამოძახება ხდება ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირების, სკოლის ინვენტარის დაზიანების, ბულინგის შემთხვევებში და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG