Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა, დანაშაული და სასჯელი


51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია
51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია

7 დეკემბრის მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეკემბრის დასაწყისში სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტზე, მის გამომწვევ მიზეზებსა თუ გამოსავლის ძიებაზე ლაპარაკით გახსნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სკოლებში ძალადობრივი ფონის მოხსნისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს. 7 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დაკავებული ორი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს. როგორ უნდა შემცირდეს სკოლებში ძალადობის შემთხვევები, რა გზები არსებობს ამისათვის და რატომ არიდებენ თავს მოქალაქეები გამოძიებასთან თანამშრომლობას?

სკოლა, დანაშაული და სასჯელი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:38 0:00
გადმოწერა

„ჩვენ რაღაც გამოგვრჩა“ - ეს წინადადება, რომელიც 7 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ითქვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ეკუთვნის. მან, როგორც ჩანს, იგულისხმა სახელმწიფოს მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის აღსაკვეთად და მისი პრევენციისათვის აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებები. გიორგი კვირიკაშვილმა კანონმდებლობის დახვეწისათვის და სკოლებში მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად სამ უწყებას - შინაგან საქმეთა, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს - მიმართა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც. მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს პროცესში. პირველ რიგში, პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ ახლავე გვინდა გარკვეული ზომების მიღება, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც მაქსიმალურად იყოს დაცული. და, რაც მთავარია, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ყველა სკოლასთან მეთვალყურეობას გააძლიერებენ. მისივე განცხადებით, ასევე ფუნდამენტურად გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციები და ის გაძლიერდება. მანდატურთა სამსახურის ეფექტურობის გაძლიერებაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ:

ზოგადი განათლების შესახებ კანონში აუცილებლად უნდა არსებობდეს ჩანაწერი. გარდა ამისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უნდა წესრიგდებოდეს იმ ჩანაწერის აღსრულებისთვის ვის რა ევალება, რადგან პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლაზე იყოს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ეს დღეები...
ანა არგანაშვილი

„ყველა სკოლასთან საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება, რა თქმა უნდა, დიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ისეთ თემებზე, ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ რესურსის თვლას ვერ დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა. ეს გახლავთ ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და მონაწილეობს როგორც განათლების სამინისტრო, ასევე გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტროც. აქ მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახურის ეფექტიანობას“.

დარგის სპეციალისტების აზრით, სკოლებში ძალადობრივი ფონის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით წლების წინ შექმნილი მანდატურის სამსახური თუ სკოლის დერეფნებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები პრობლემას ვერ აგვარებს და ამისთვის სხვა, გაცილებით ძირეული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. სკოლებში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად ნინო ციხისთავი, "კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" დირექტორი, სასკოლო მედიაციის პროგრამის შექმნას ასახელებს. ნინო ციხისთავის თქმით, რამდენიმე წლის წინ კვლევითმა ორგანიზაციამ, სკოლებში კონფლიქტების მოგვარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, სახელწოდებით სასკოლო მედიაცია, სადაც კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართულნი უნდა ყოფილიყვნენ როგორც თავად სკოლის მოსწავლეები, ისე სპეციალისტები, თუმცა, ნინო ციხისთავის სიტყვებით, მიუხედავად შინაგან საქმეთა თუ განათლების სამინისტროების დაინტერესებისა, ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა:

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ამას ვერ გაექცევა ვერც ერთი ქვეყანა და ვერ აუვლის გვერდს იმას, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ინსტრუმენტი, რომ როდესაც პრობლემის მიჩუმათება ხდება, საკითხი უკვე შეუვალი ხდება და კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვება ამას. ამ პროცესის დარეგულირებაში ყველა მონაწილე მხარე უნდა იყოს ჩართული. სწორედ ამას მოიაზრებს სკოლის მედიაციის მიდგომა“.

როგორ ვაწვდით მოზარდებს ინფორმაციას, ვინ არის პოლიციელი დღეს ბავშვისთვის, როგორია მისი იმიჯი საზოგადოებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც იცავს კანონს, თუ ეს არის ადამიანი, რომელიც დაგსჯის. ანუ, ესეც დასაფიქრებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილას მე ამაზე დავფიქრდებოდი...
მაია ცირამუა

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც სკოლებში არსებულ ძალადობრივ ფონს ამძიმებს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის, აზრით, არის კანონსა და კანონქვემდებარე აქტებში იმ ნორმების არარსებობა, რომელიც სკოლებში ბულინგის, ანუ ჩაგვრის, შემთხვევაში უნდა ამუშავდეს და რომლის საფუძველზეც უნდა იმოქმედონ კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა - როგორც პედაგოგებმა, ისე მოსწავლეებმა:

„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სკოლამ უნდა იმოქმედოს და მასწავლებელმა უნდა იმოქმედოს, მე მიჩნდება შეკითხვა - რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? მას არ აქვს სწორი ინსტრუქცია, ვინაიდან ის ავტორიტარული მეთოდები, როგორიც არის ბავშვთან მკაცრად დალაპარაკება და დირექტორის ოთახში დაბარება, ეს არ არის ბულინგის გადაჭრის მეთოდი. უფრო მეტიც, შეიძლება გააუარესოს კიდეც მდგომარეობა. ზოგადი განათლების შესახებ კანონში აუცილებლად უნდა არსებობდეს ჩანაწერი. გარდა ამისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უნდა წესრიგდებოდეს იმ ჩანაწერის აღსრულებისთვის ვის რა ევალება, რადგან პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლაზე იყოს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ეს დღეები“.

ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ დღის წესრიგში დადგა გამოძიებასთან თანამშრომლობის პრობლემაც. მკვლელობიდან ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ 150-მდე ადამიანიდან გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა. საბოლოოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ხუთი პირი იქნა ბრალდებული, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. კიდევ ორ არასრულწლოვან ბრალდებულზე კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გავრცელდა. რატომ თქვეს უარი მოქალაქეებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, რა იყო ამის მიზეზი? ბოლო დღეებია საზოგადოებაში აქტიურად ისმის კითხვები და ვარაუდები ამ საკითხის გარშემო და მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ე. წ. კრიმინალური მენტალიტეტის გამოხატულებაა, თუმცა ფსიქოლოგი მაია ცირამუა გამოძიებასთან ართანამშრომლობის კიდევ სხვა მიზეზებზე მიუთითებს - მათ შორისაა სტრესი, შიში და სამართალდამცავების იმიჯი:

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

„ეს შეიძლება იყოს სტრესის ზემოქმედების შედეგი, რომელსაც ხშირად ახასიათებს ხოლმე განერიდო, გაექცე იმ რეალობას, რომლის წინაშეც შენ აღმოჩნდი და ეს არის აბსოლუტურად ინსტინქტური რეაგირება ასეთი ტიპის მოვლენაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შიშის ფაქტორი, ეს იყოს უნდობლობის ფაქტორი ამ სტრუქტურების მიმართ, თუ როგორ ვაწვდით მოზარდებს ინფორმაციას, ვინ არის პოლიციელი დღეს ბავშვისთვის, როგორია მისი იმიჯი საზოგადოებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც იცავს კანონს, თუ ეს არის ადამიანი, რომელიც დაგსჯის. ანუ, ესეც დასაფიქრებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილას მე ამაზე დავფიქრდებოდი“.

გასულ თვეში გამოქვეყნებული სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად, რომელიც 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა, გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საჭირო რეაგირების ცოდნა.

პირველ დეკემბერს თბილისში ორი მოსწავლე მოკლეს. მომდევნო დღეს წყალტუბოს რაიონში მოკლეს კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG