Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული დახმარება, თუ კორონავი-რუსული პროპაგანდა?


ზოგიერთი იტალიური გამოცემა რუსეთის დახმარებას „ან სრულიად უსარგებლოდ, ან ნაკლებად სასარგებლოდ“ მიიჩნევს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ზოგიერთი იტალიური გამოცემა რუსეთის დახმარებას „ან სრულიად უსარგებლოდ, ან ნაკლებად სასარგებლოდ“ მიიჩნევს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

იტალიისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, 22 მარტიდან რუსეთმა დასახმარებლად სამხედრო ძალა და ტექნიკა გაგზავნა კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ რეგიონ ლომბარდიაში.

იტალიამ მადლიერებით მიიღო ეს დახმარება, თუმცა, როგორც გაირკვა, რუსული ოფიციოზი ცდილობს ეს ფაქტი დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული ბრძოლისთვის გამოიყენოს, მაშინ როცა ზოგიერთი იტალიური გამოცემა რუსეთის დახმარებას „ან სრულიად უსარგებლოდ, ან ნაკლებად სასარგებლოდ“ მიიჩნევს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

“თავს უცხო ქვეყანაში პრაქტიკულად არ ვგრძნობთ“

რუსეთმა 21 მარტს განაცხადა, რომ იტალიას დაეხმარება კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე 22 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Ил-76 კლასის სატრანსპორტო თვითმფრინავები რომთან ახლოს, იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზა? პრატიკა-დი-მარეში, დაეშვნენ.

პირველი რეისებით იტალიაში ჩავიდა 100 სამხედრო სპეციალისტი და მედიკოსი, მთლიანობაში კი, ვირუსოლოგთა და ექიმთა 8 მობილური ბრიგადა, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობითა და დამცავი საშუალებებით. რუსეთის ჯგუფს იტალიაში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვითი ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი სერგეი კიკოტი ახლდა.

რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, იტალიის დასახმარებლად გაგზავნილია ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლის უნიკალური გამოცდილების მქონე მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ექიმები, ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები.

პროპაგანდისტულმა რუსულმა არხებმა სამხედრო კოლონის მსვლელობას „იტალიის მიწაზე ელვისებური მარში“ (марш-бросок) უწოდეს. ამ ვიდეოზე იტალიაში ჩასული რუსი სამხედროები აცხადებდნენ, „თავს უცხო ქვეყანაში პრაქტიკულად არ ვგრძნობთო“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგების მისიას იტალიაში, მართლაც, მადლიერებით შეხვდნენ, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედია და კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსები ამ ფაქტს პროპაგანდისტული ხმაურისთვის იყენებდნენ.

„კურსი ჩრდილოეთისკენ: რუსი სამხედროები გაემგზავრნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის იტალური ფრონტის ხაზზე;“ „სიყვარულით რუსეთიდან: როგორ შეხვდა კორონავირუსში ჩაფლული იტალია რუს სპეციალისტებს“ ,- ასეთი მყვირალა სათაურებით იყო აჭრელებული რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე იტალიაში რუსი სამხედროების ჩასვლის შესახებ გასული სიუჟეტები.

„შიდა მოხმარების პროპაგანდა“

ზოგჯერ კი რუსი პოლიტიკოსები და კრემლთან დაახლოებული ბლოგერები სინამდვილეს ამახინჯებდნენ და ე.წ. „ფეიკ-ნიუსებს“ ავრცელებდნენ სოციალურ მედიაში.

23 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ალექსეი პუშკოვმა, ტვიტერში შემდეგი შინაარსის ცნობა გაავრცელა: „პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში არ გაატარა იტალიისათვის დასახმარებლად მიმავალი რუსული თვითმფრინავები. ეს არის ვერაგობა სახელმწიფო დონეზე“, - აღშფოთებით წერდა რუსი პოლიტიკოსი, რომელსაც არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ წარმოუდგენია.

რუსი სენატორის განცხადება მყისიერად აიტაცეს კრემლის მომხრე ბლოგერებმა. პუშკოვის ტვიტის საფუძველზე შექმნილ ჰაშთეგს: „რას წარმოადგენენ ისინი (პოლონელები იგულისხმებიან) ამის შემდეგ?!“ - ძალიან მალე 120 ათასი ნახვა ჰქონდა.

რუსი პოლიტიკოსის ციტატა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზეც სწრაფად აიტაცეს და იმ მომენტისათვის, როდესაც პოლონეთის ხელისუფლებამ ეს ცნობა უარყო, „ფეიკ-ნიუსს“, რომ იტყვიან, უკვე მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი.

მაგრამ პოლონეთის ოფიციალური პოზიციის გავრცელების შემდეგ პუშკოვმა ისე წაშალა ეს ცნობა ტვიტერიდან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

პოლონეთის შესახებ „ფეიკ-ნიუსის“ გარდა, სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ვიდეო, რომელზეც უცნობი მამაკაცი იღებს იტალიის დროშის გვერდით აღმართულ ევროკავშირის დროშას და მის ნაცვლად აყენებს რუსეთის დროშას, შემდეგ კი აჩვენებს ქაღალდის ფურცელს წარწერით: „მადლობა, რუსეთო! მადლობა, პუტინო“!

არ არის ცნობილი, სად და ვის მიერ გაკეთდა ეს ვიდეორგოლი, რომელსაც იუტუბის არხზე ათეულ ათასობით ნახვა აქვს.

იტალიაში მცხოვრები ცნობილი რუსი ბლოგერი და მწერალი ანდრეი მალგინი „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსი სამხედრო ექიმების რეიდი იტალიაში მეტწილად შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება.

„ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც პირველი რუსული თვითმფრინავი ჩამოფრინდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება: აი, ნახეთ, რუსეთმა იხსნა ევროპა მეორე მსოფლიო ომის დროს... და ახლა კვლავ ეხმარება ევროპას, რადგან ევროპას თავად არ შეუძლია მასთან (კორონავირუსის ეპიდემიასთან) გამკლავება. შესაბამის სათაურებს წააწყდებით რუსულ მედიაში: ‘რუსი სამხედროები მოვიდნენ, რომ იხსნან დაღუპვის პირას მყოფი იტალია’“, - აცხადებს ანდრეი მალგინი.

თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე არამხოლოდ რუსეთი ცდილობს საკუთარი იმიჯის გაძლიერებას იტალიის მედიასივრცეში. „ბოლო კვირის განმავლობაში, რეალური ჩინური დახმარების გარდა, იტალიის საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდა ცნობები, ჩინეთი იხსნის იტალიასო, შემდეგ კი ასეთივე ცნობები გამოჩნდა რუსეთის შესახებ“, - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ანა პელეგატა, ორგანიზაცია “ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული კრიმინალისტური ლაბორატორიის ასოცირებული დირექტორი.

იტალიის მედიაში ჩინეთისა და რუსეთის დახმარების თაობაზე გამოქვეყნებულ მასალებს სოციალურ მედიაში ახლავს ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის საწინააღმდეგო კომენტარების ფოიერვერკი.

„და მრავალი ეს კომენტარი, სწორედ რომ, პრორუსული და პროჩინური რიტორიკის გაგრძელებაა. ფეისბუკში არსებული მთელი ჯგუფები აქვეყნებენ პოსტებს იმაზე, თუ როგორ იყო ევროკავშირის მიერ იტალია ღვთის ანაბარა მიტოვებული“, - ამბობს „ევროატლანტიკური საბჭოს“’ ექსპერტი.

„დანაელთა ძღვენი“

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ, სამხედრო დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა რუსეთს. ის პირადად შეხვდა 22 მარტს იტალიის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაშვებულ პირველ რუსულ თვითმფრინავებს. „დღეს აქ ჩამოფრინდება რუსეთის პირველი 9 თვითმფრინავი. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ იტალია მარტო არ არის, რომ ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, მედდებსა და სანიტარებს“, - განაცხადა დი მაიომ.

CNN-ის ცნობით, იტალიამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის აშშ-საც მიმართა.

იტალია ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა. აშშ-ში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანხმად, 80 ათასს გადააჭარბა COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ. გარდაცვლილთა რაოდენობით (8 215 სასიკვდილო შემთხვევა) იტალია მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას.

რაც შეეხება რუსეთის სამხედრო დახმარებას, იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იტალიაში ჩატანილი ტვირთის 80 % „ან სრულიად უსარგებლოა, ან მცირედ სასარგებლო“. გამოცემა რუსულ დახმარებას ადარებს ჩინეთის ხელისუფლების მიერ იტალიისათვის გამოგზავნილი სანიტარიული ნიღბებისა და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აღჭურვილობას, რომელსაც La Stampa ბევრად უფრო სასარგებლოდ მიიჩნევს.

იტალიის არმიის ჯარისკაცები
იტალიის არმიის ჯარისკაცები

La Stampa არ წარმოადგენს გამონაკლისს. იტალიის პრესის დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ რა დგას რუსეთის დახმარების უკან.

„მათ მშვენივრად ესმით, რომ ეს არის პიარი და პროპაგანდისტული აფიორა, რისთვისაც რუსეთი მოითხოვს (იტალიისგან) საფასურს: ‘მოდი, გაგვიუქმეთ სანქციები ან ზეწოლა მოახდინეთ სხვა სახელმწიფოებზე, რომ სანქციები მოიხსნას’“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო კორტიმ, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რომელმაც თავისი ფეისბუკის გვერდზე რუსეთის დახმარება შეადარა „დანაელთა ძღვენს“.

მისი თქმით, პრორუსული ნარატივისათვის იტალიაში ნოყიერი ნიადაგი არსებობს. პირველ ყოვლისა, ეს არის მატეო სალვინის პარტია „ლიგა“, რომელიც, დიდი ხანია, მოითხოვს რუსეთის მიერ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გაუქმებას.

„ეს პარტია საკმაოდ პოპულარულია, იგი პოპულისტურია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ პარტიას და, შესაბამისად, პარტიის პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით. და ასევე ადგილი აქვს სპეკულაციებს იმაზე, რომ სანქციებით ზიანი ადგება იტალიის ეკონომიკას, მაგრამ, სინამდვილეში, საუბარია რუსეთის მიერ დაწესებულ კონტრსანქციებზე. პოლიტიკაში გაცნობიერებულ ადამიანებს ყველაფერი კარგად ესმით ყირიმის გარშემო, მაგრამ უმრავლესობა ამ საკითხში ღრმად ვერ ერკვევა“, - აცხადებს მარიო კორტი.

კრემლში უარყოფენ, თითქოს იტალიისათვის გაწეული დახმარება უკრაინის გამო დაწესებული სანქციების მოხსნის სურვილით იყოს ნაკარნახევი.

„იტალია მართლაც საჭიროებს გაცილებით მასშტაბურ დახმარებას, ხოლო რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. აბსურდულია იმის თქმა, თითქოს ამას რაიმე კონტრიმედები ემყარებოდეს. ეს ასე არ არის“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG