Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ამერიკელ დიპლომატებს მიღებაზე უარს ეუბნება და „ჩინეთისკენ იწევს“


ბაქოსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება
ბაქოსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება

აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება და მიზეზი ისევ სომხეთთან კონფლიქტია.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა რისკის ქვეშ ერთდროულად დააყენა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა და შეერთებული შტატების მოდერატორის როლი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს „ცალმხრივ მიდგომასა“ და „სეპარატიზმის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, უარი თქვა ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე და გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში, რომელიც 20 ნოემბრისთვის იყო ვაშინგტონში დაგეგმილი.

ამას წინ უძღოდა კონგრესში ამერიკელი მაღალჩინოსნის მოხსენება მთიან ყარაბაღზე, აზერბაიჯანის კრიტიკა, სომხეთის ქება და აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება.

რა თქვეს კონგრესში

ჯეიმს ო'ბრაიენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, 15 ნოემბერს კონგრესში მოხსენებაზე განაცხადა, რომ სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, აზერბაიჯანთან ურთიერთობა ჩვეულებრივ ვერ გაგრძელდება, - ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარაო.

ო’ბრაიენი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც 2022 წლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე შტატების სანქციების კოორდინატორი იყო, 1989-2001 წლებში კი სახელმწიფო მდივან მედლინ ოლბრაიტის მრჩეველი იყო ბალკანეთის საკითხებში.

ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

ეს ფრაზა მან 19 სექტემბრის კონტექსტში თქვა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ელვისებური „სამხედრო ოპერაციის“ შედეგად საბოლოოდ დაიბრუნა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა.

შეტევა ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის არმიის ოფიციალური დაშლით, დე ფაქტო სახელმწიფო უწყებებისა და „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ოფიციალური გაუქმებით დასრულდა.

ათიათასობით ადგილობრივმა სომეხმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა.

გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აქედან ორიოდე კვირაში წარმომადგენელთა პალატის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა ამ „სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ შესაძლო სადამსჯელო ზომები - მათ შორის პოტენციური სანქციები და სამხედრო დახმარების შეჩერება.

ო’ბრაიენმა თქვა, რომ შტატებმა შეაჩერა აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარება.

  • აშშ-ის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექცია კრძალავს შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას;
  • 2001 წლიდან 2023 წლამდე შტატების ხელისუფლება ყოველწლიურად აუქმებდა ამ აკრძალვას, - რითაც ფაქტობრივად ეხმარებოდა აზერბაიჯანს.
  • წელს კი აკრძალვა ძალაში დარჩება. შედეგად აზერბაიჯანი დახმარებას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, ო’ბრაიენის განცხადებით, აზერბაიჯანის მთავრობასთან შეერთებულმა შტატებმა „გააუქმა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და დაგმო მისი ქმედებები“.

მისი თქმითვე, შტატების დამოკიდებულება იგივე დარჩება, თუ ადგილზე, ყარაბაღში ვითარება, - და მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, - დადებითისკენ არ შეიცვლება.

რა თქვა სომხეთზე?

ო’ბრაიენმა სომხეთის რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და თქვა, რომ ქვეყანა საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციას ცდილობს:

„შთამბეჭდავია სომხეთის მთავრობის ერთგულება რეფორმირების პროცესისადმი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სურვილმა, მოახდინოს ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების დივერსიფიკაცია, კერძოდ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან“, - განაცხადა მან.

რამდენიმე თვის წინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის „დივერსიფიკაცია“ და იარაღის შესყიდვა, რუსეთისგან დანაკლისის ამოსავსებად, ინდოეთისგან და საფრანგეთისგან დაიწყო. სომხეთის სამხედრო დახმარებას ევროკავშირიც განიხილავს.

„ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, დავეხმაროთ, ჰქონდეთ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავალი“, - თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა 15 ნოემბერს.

მას კონგრესს აცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ანგარიშზე, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ სექტემბერში, - როდესაც „ფაქტობრივად მთელმა სომეხმა მოსახლეობამ საკუთარი სახლები მიატოვა აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ“, - არამედ წინარე პერიოდშიც.

ეს პერიოდი „ლაჩინის ბლოკადის“ სახელითაა ცნობილი, როდესაც აზერბაიჯანს ადგილობრივი მოსახლეობა გარესამყაროსგან იზოლირებული ჰყავდა, რის შედეგადაც რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი იყო შექმნილი.

სამშვიდობო შეთანხმება და „დერეფანი“

ო’ბრაიენმა თქვა, რომ შტატები აგრძელებს მუშაობას სამშვიდობო შეთანხმებაზე და მომდევნო რამდენიმე კვირა „კრიტიკული“ იქნება ამ მიმართულებით. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნების ინტერესია, შეთანხმება დაიდოს:

„ცენტრალური აზიის ქვეყნებს ახალი მარშრუტები სჭირდებათ [დასავლურ] ბაზრებამდე მისაღწევად. ეს გზები შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანზე და ქვემოთ, საქართველოში, ან სომხეთზე და იქიდან თურქეთზე“, - განაცხადა მან.

ეს მარშრუტები - რაზეც ო’ბრაიენს დეტალურად არ უსაუბრია, - ნიკოლ ფაშინიანის თბილისში წარდგენილი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტშიც არის აღწერილი.

ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარადგინა
ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარადგინა

სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ეხება, თუმცა ამაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ვერ თანხმდებიან.

ჰიპოთეზურად, შესაძლებელია, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილის გამოყენებით აზერბაიჯანი დაუკავშირდეს თავის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს.

აზერბაიჯანი ამას 2020 წლის ომის შემდეგ ითხოვდა, მაგრამ სურდა, რომ ტვირთს სომხური ბლოკპოსტები არ გაევლო, რასაც ერევანი ეწინააღმდეგებოდა.

ერევანში შიშობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიაზე იერიში მიიტანოს და ძალით სცადოს „ზანგეზურის დერეფნის“ იდეისთვის ხორცშესხმა.

სომხეთის მთავრობის შიშები ო’ბრაიენის ნათქვამმაც აირეკლა, - მან თქვა, რომ „სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა სომხეთის მონაწილეობითა და თანხმობით ძალიან დიდი პლუსი იქნებოდა რეგიონის ქვეყნებისათვის გლობალურ ბაზრებზე მისაწვდომად“.

და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „დაუშვებელია ძალის გამოყენება“, „ძალის გამოყენებით, ან ირანის მონაწილეობით სატრანზიტო დერეფნის შექმნას ძალიან ძლიერი უარყოფითი რეაქცია მოჰყვება და წარმატებით არ დასრულდება“.

ახლა აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არ აინტერესებთ და უკვე დაიწყეს ირანის გავლით ალტერნატიულ დერეფანზე მუშაობა.

ო’ბრაიენის თქმით, არჩევანი სომხეთსა და აზერბაიჯანზეა, - როგორი პოლიტიკური მომავალი სურთ, რომ ჰქონდეთ: „მომავალი, რომელიც აგებულია, რუსეთისა და ირანის, როგორც უსაფრთხოების გარემოს ძირითადი მონაწილეების, ჩართულობაზე, არასტაბილური და არასასურველია ორივე ქვეყნის მთავრობისათვის“.

მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიურად ესაუბრებიან თურქეთსაც, - რომელიც აზერბაიჯანის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „პრემიერმა ფაშინიანმა ცხადად თქვა, რომ სურს, სომხეთს ტრანსატლანტიკური შესაძლებლობა ჰქონდეს და ახორციელებს დივერსიფიკაციას, რათა სომეხ ხალხს ჰქონდეს ის მომავალი, რაც თავისუფლების მათს ხედვას ემთხვევა“.

კითხვა ისაა, სურს თუ არა ეს პრეზიდენტ ალიევსო, - თქვა ო’ბრაიენმა და დასძინა, რომ ალიევი ამბობს, რომ ეს სურს, და სწორედ „ახლა აქვს ამის [დამტკიცების] შესაძლებლობა“.

ბაქოს პასუხი

ო’ბრაიენის მოხსენებაზე ბაქოს პასუხმა არ დააყოვნა.

16 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი განცხადება გაავრცელა „ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებებზე“ პასუხად და ვაშინგტონში სომხეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა.

საგარეო უწყების მტკიცებით:

  • „აზერბაიჯანი 30 წელზე დიდხანს იყო აგრესიის მსხვერპლი“ და შტატებს „სომხეთისთვის არასოდეს მოუწოდებია, ოკუპაცია დაესრულებინა“;
  • აზერბაიჯანია ის ქვეყანა, რომლის ინიციირებულიც არის სამშვიდობო შეთანხმება და სომხეთი უკვე ორი თვეა, აგვიანებს პასუხს მის გაგზავნილ სამუშაო ვერსიაზე;
  • ვაშინგტონის გადაწყვეტილებებისა და რიტორიკის ფონზე, „შეერთებული შტატებიდან მაღალი რანგის პირთა ვიზიტები შეუფერხებლად მიგვაჩნია“;
  • „ამ ცალმხრივმა მიდგომამ შეერთებული შტატები შეიძლება მიიყვანოს მედიატორის როლის დაკარგვამდე“.

ალიევის საგარეო სამინისტრომ შეერთებულ შტატებს უპასუხა ირანთან სატრანსპორტო დერეფანზეც და თქვა, რომ „აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა მეზობელ ქვეყნებთან შეათანხმოს, როგორ ააშენოს კომუნიკაციების არხები“.

აქვე სამინისტრომ „არარეგიონული სახელმწიფო“ უწოდა აშშ-ს და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის პრიორიტეტულია 3+2 ფორმატი რეგიონის უსაფრთხოებისათვის“.

ეს ის ფორმატია, რომელსაც 3+3 სახელით ახსენებდნენ (თურქეთი-ირანი-რუსეთი + სომხეთი-აზერბაიჯანი-საქართველო), თუმცა საქართველო მონაწილეობაზე უარს ამბობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო უწყება 3+2 ფორმატის სახელდებას იყენებს.

შეერთებულ შტატებს „არარეგიონულ სახელმწიფოს“ ყველაზე ხშირად რუსეთის ფედერაცია მოიხსენიებს ხოლმე და ეწინააღმდეგება ვაშინგტონისა და ბრიუსელის მედიაციას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.

აშშ, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ჯგუფი უფუნქციოა. აშშ მეორე ქვეყანაა თანათავმჯდომარეებს შორის, რომელსაც ბაქო მკაცრად აკრიტიკებს.

აზერბაიჯანს დიპლომატიური ფრონტი აქვს გახსნილი საფრანგეთის წინააღმდეგ და მას პროსომხურ პოზიციებსა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. აზერბაიჯანი, რომელიც ამჟამად „მიუმხრობლობის მოძრაობის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, აცხადებს, რომ „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“ იბრძოლებს. ბაქომ მიმდინარე კვირაშიც მკაცრად დაგმო საფრანგეთის გადაწყვეტილება გადაეცა სომხეთისთვის 24 ჯავშანტრანსპორტიორი.

რას ნიშნავს ეს?

ფარიდ შაფიევი, ბაქოში „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ თავმჯდომარე, აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი ისრაელში, წერს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დახმარების შეწყვეტაზე „უარყოფითად იმოქმედებს აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე, თუმცა თითქმის არანაირი გავლენა არ ექნება აზერბაიჯანის შესაძლებლობებზე, მათ შორის სამხედრო შესაძლებლობებზე“.

აზერბაიჯანი ძირითადად თურქეთისგან და ისრაელისგან ყიდულობს შეიარაღებას.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ბაქოდან, ფუად შაჰბაზოვი წერს რომ ბაქო-ვაშინგტონის განცხადებები რამდენიმე საკითხს ჰფენს ნათელს:

  • „აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე მეტად კავკასიაში რუსეთის როლითაა შეშფოთებული“;
  • „აშშ უკმაყოფილოა ირან-აზერბაიჯანის ახალი სატრანსპორტო კავშირის შეთანხმებით“;
  • „აშშ აზერბაიჯანს უყურებს, როგორც „გათამამებულ რეგიონულ აქტორს“ და უფრო მკაცრ რიტორიკას ირჩევს მასთან გზავნილის მკვეთრად მისატანად“.

„შედეგად, აზერბაიჯანმა, შესაძლოა, უარი თქვას ვაშინგტონის ფორმატში სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაბრუნებაზე და დაიწყოს შეტრიალება ჩინეთისკენ“, - წერს იგი.

მსგავსი რამ „ჩინეთისკენ შებრუნებაზე“ ბაქოს ოფიციალურ დონეზე არ უთქვამს.

2023 წლის 16 ნოემბერსვე აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო ბიურომ, აზერბაიჯანის ავიახაზებმა და ჩინეთის ტურისტულმა ჯგუფმა პეკინში ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს ურთიერთობების გაძლიერებაზე.

ჩინეთი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წელს მათ შორის ვაჭრობამ 22%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

30 სექტემბერს, როდესაც სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების დღე მიულოცა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას მისწერა, რომ „ჩინეთთან, - აზერბაიჯანის ახლო მეგობართან და სანდო პარტნიორთან - თანამშრომლობის გაფართოება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორისაა“.

ორი ქვეყანა თანამშრომლობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. უკრაინის ომის შემდეგ, „შუა დერეფნის“ მარშრუტით ჩინეთიდან აზერბაიჯანის - და შემდეგ საქართველოს - გავლით ევროპაში გატარებული ტვირთის მოცულობა გაზრდილია. აზერბაიჯანში მუშაობენ ჩინეთის სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები.

ეს, ალიევის თანახმად, „სარტყლისა და გზის პროექტში აზერბაიჯანის წარმატებული ჩართულობის დადასტურებაა“.

ამასთან, აზერბაიჯანი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პრინციპსა და პოლიტიკას, - უპირობოდ უჭერს მხარს ჩინეთის ხედვას, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. სანაცვლოდ ჩინეთიც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

სომხეთში ექსპერტებმა აზერბაიჯანის რიტორიკა აშშ-ის მიმართ შანტაჟად აღიქვეს.

„მას შემდეგ, რაც დასავლური ფორმატებისგან მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, აზერბაიჯანი უარს აცხადებს დასავლური მედიაციით დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე. ალიევი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აშანტაჟებს აშშ-სა და ევროკავშირს“, - წერს ტიგრან გრიგორიანი, ერევანში კვლევითი ცენტრის, „რეგიონული ცენტრი დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის“, დამფუძნებელი.

მას მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს სანქციები უნდა დაუწესოს

XS
SM
MD
LG