დღესვე ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულება სომხეთის გაცხადებულ სურვილზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ცოტა არის იყოს, უცნაურია, როდესაც პერიოდულად გვესმის განცხადებები ჩრდილოეთიდან სომხეთის წინააღმდეგ მითიური თავდასხმების მომზადების შესახებ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, 5 თებერვალს, ალენ სიმონიანთან შეხვედრის დაწყებისას, ჟურნალისტების წინაშე.
„ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნაურია“
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როდესაც საზღვარგარეთიდან ისმის სიგნალები, რომ ვიღაც - და აშკარად მიანიშნებენ რუსეთზე, - ემზადება [არჩევნებში] ჩარევისთვის, როდესაც ერევნიდან ისმის მოწოდებები ევროკავშირისადმი, არ დაუშვან ეს ჩარევა, ეს ყველაფერი ჩვენთვის, უცნაურია“, - განაცხადა მან.
„ჩვენ გვჯერა, რომ ერევანში პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ ასეთი ნაბიჯები აშკარა პროვოკაციული მიზნებით იდგმება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საუბრები სომხეთში „ჩარევაზე“
- სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისსაა დაგეგმილი.
- არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში;
- 2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელმა გადაწყვიტა, ერევანს 12 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოუყოს ამ მიზნით;
- ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სომხეთის მიმართვა შეადარა მოლდოვის შემთხვევას.
- 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვა საუბრობდა რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე, რასაც ქვეყნის პრორუსულმა ოპოზიციამ უსაფუძვლო, ხოლო რუსეთმა „ანტირუსული ისტერია“ უწოდა.
- სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და პარტიებში პრორუსული ორიენტაციის ძალები დომინირებენ.
რას ამბობს სიმონიანი
ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ მოსკოვში გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაზე სომხური საზოგადოება მწვავედ რეაგირებს, რადგან „რუსეთი მნიშვნელოვანია სომხეთისათვის“.
„ისინი ასე რეაგირებენ, რადგან მოსკოვი და მისი პოზიცია მნიშვნელოვანია. არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვი იყო და არის მოკავშირე. ამიტომაც არის ასეთი განცხადებების მოსმენა მტკივნეული“, - თქვა მან.
- სიმონიანს 2025 წლის მაისში ნათქვამი აქვს, რომ რუსეთი „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს სომხეთის წინააღმდეგ და ეს პროცესი 2026 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება. სიმონიანის თქმით, ხშირად ამისთვის „ეთნიკურად სომეხ კომენტატორებს იყენებენ“.
- სომხეთმა 2023 წლიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
- 2026 წლის 12 იანვარს კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს.
- 2026 წლის 4 თებერვალს, - მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს, - სიმონიანს ერევანში ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა, ლავროვთან განეხილა ჰიბრიდული ომის საკითხი.
- გამოცემა ჰრაპარაკის ცნობით, სიმონიანმა უპასუხა, რომ არ არსებობს საკითხი, რაც ერევანს აქამდე დაუყენებია და რაზეც არ ისაუბრებს, თუმცა თქვა, რომ ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ „შეუფერებელია“.
ევროკავშირი vs ევრაზიული კავშირი
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირში ერთდროულად წევრობა შეუძლებელია.
„მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის: ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მიღება. ჩვენ ვაკვირდებით ამ დისკუსიებს“, - განაცხადა მან.
„თუმცა, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში წევრობას. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას სრულად პატივს ვცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა 14 იანვარს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის ქვეყანას „ცალსახად და ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე“ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
- მისი თქმით, როდესაც ევრაზიულ კავშირში წევრობა ამ გზასთან წინააღმდეგობაში მოვა, არჩევანი სომეხი ხალხის ჩართულობით იქნება მიღებული.
- „ჩვენი სტრატეგია ასეთია: ჩვენ ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ უნდა გავაგრძელოთ სომხეთის ევროკავშირის სტანდარტების დამაკმაყოფილებელ ქვეყნად გარდაქმნის გზაზე“, - განაცხადა მან.
2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
2025 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.
ფორუმი