Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დევნილი მთავრობის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადასცეს


შესაძლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება (საილუსტრაციო ფოტო).
შესაძლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება (საილუსტრაციო ფოტო).

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების 2020-2021 წლების საქმიანობა შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა.

ჯიპი ქალაქში და უქმე დღეებზე ჩასხმული საწვავი

5 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აფხაზეთის მთავრობამ იმ მიზეზით, რომ ხშირად უწევთ მაღალმთიან რეგიონებში მივლინებები, მაღალი გამავლობის ავტომობილი იყიდა, თუმცა აუდიტმა ვერ იპოვა ინფორმაცია, რომ მთავრობის წევრები ხშირად იყენებდნენ ამ მანქანას რეგიონებში სასიარულოდ. სამსახური წერს, რომ მაღალი გამავლობის მანქანის ნაცვლად მსუბუქი ავტომობილი რომ ეყიდათ, ბიუჯეტში 10 ათასამდე ლარი დაიზოგებოდა.

აფხაზეთის მთავრობა დარღვევებით იყენებდა კიდევ ოთხ სამსახურებრივ ავტომობილს. ამ მანქანების მოძრაობის აღრიცხვას აუდიტმა ვერ მიაგნო. ორ შემთხვევაში - ასეთი აღრიცხვა საერთოდ არ არსებობდა, დანარჩენ შემთხვევებში კი დაიკარგა.

ასევე აღმოჩნდა, რომ არ კონტროლდება საწვავის ლიმიტი და იყო გადაჭარბების შემთხვევები, თანამშრომლები მივლინებაში არ იყვნენ, საწვავს სახელმწიფოს ხარჯზე ასხამდნენ და ისე ჩამოწერეს რეცხვის ტალონები, რომ ხარჯის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობდა. ამის გამო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად 13 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თანახმად, შეუსაბამობები გამოვლინდა ავტომანქანის რეცხვისას. აუდიტი აღწერს კიდევ ერთ შემთხვევას. როდესაც უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ავტომანქანა დაზიანდა ავტოსადგომზე, უწყებამ კი არც საპატრულო პოლიციას აცნობა და არც დაზღვევით ისარგებლა, შესაბამისად, მანქანის შეკეთებაზე 2000-მდე ლარი დაზღვევის ნაცვლად ბიუჯეტიდან აიღეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რატომ არ მიმართეს სადაზღვევო კომპანიას.

"მანქანას დაეჯახა დაუდგენელი პირი იმ დროს, როდესაც ის სადგომზე იდგა. იმისათვის, რომ დაზღვევამ მანქანა გაარემონტოს, პატრულის დასკვნა სჭირდება ავარიის შესახებ. ასეთი დასკვნა ვერ დაიდებოდა, რადგან მძღოლმა, რომელიც ოფისში იმყოფებოდა, დაზიანებული მანქანა გვიან ნახა, დამნაშავის დადგენა შეუძლებელი გახდა. შეიქმნა გამოუვალი ვითარება - ან მანქანა უნდა ჩამოგვეწერა, რისი უფლება არ გვქონდა, ან ჩვენ უნდა გაგვერემონტებინა. რემონტი დაჯდა 1700 ლარი", - გვითხრა ჯემალ გამახარიამ.

შეუდარებლად მეტი, 26 487 ლარია დახარჯული ერთი ავტომობილის "მერსედეს-ბენცის" შეკეთებაზე.

აუდიტი გადააწყდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამსახურებრივ ავტომობილებში საწვავი უქმე დღეებშია ჩასხმული, არადა, არსად მოიძებნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დღეს თანამშრომლები მანქანას სამსახურის საქმეებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ ხმარობდნენ ავტომობილებს პირადი საქმეებისთვის?

ჩავარდნილი ტენდერები და უხარისხოდ შესრულებული დაკვეთები

დოკუმენტში ასევე, საუბარია, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატში 13 ტენდერიდან 9-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულებს კონკურენციის გზით არ ავლენდნენ. ამასთანავე, ხშირი იყო ტენდერების ჩავარდნის შემთხვევები, 2020-2021 წლებში ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული 59 ტენდერიდან, 13 არ შედგა.

"11 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, რაც ძირითადად უკავშირდებოდა სამუშაოების უხარისხოდ და არასრულად შესრულებას. ასეთ ობიექტებზე, 4100 ლარამდე სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა", - ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, ვერ დადგინდა, სად, რომელ ობიექტბზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რამაც ბიუჯეტიდან 107 750 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკები შექმნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აუდიტის სამსახური აფხაზეთის სტრუქტურების მუშაობაში ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს ავლენს. 2018-2019 წლებში აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის ხარჯვის შესაბამისობა შეისწავლა და 12 ნაკლოვანება-ხარვეზი დაადგინა. ძირითადად აქაც ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე იყო საუბარი.

აფხაზეთიდან დევნილი სტრუქტურები 1992-1992 წლების ომის შემდეგ, თითქმის სამი ათწლეულია თბილისში ფუნქციონირებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოები - უმაღლესი საბჭო, მთავრობის აპარატი და სამინისტროები.

​აუდიტის სამსახურის კრიტიკულ ანგარიშთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება აფხაზეთის ა/რ მთავრობასაც დაუკავშირდა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს და მხოლოდ მეორე დღეს მოგვწერეს, რომ მათთვის ოფიციალურად, წერილობით მიგვემართა.

შესაძლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე მასალები აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG