კალოიანის ცნობით, მნიშვნელოვანი იქნება „შემდგომი დინამიკა, თუ რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა“.
ექიმების კონსილიუმი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს და აკვირდება, ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომპლექტებული.
„ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია, სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი“, - ამბობს ექიმი.
კალოიანის თქმით, ძირითადი პრობლემა კუჭიდან სისხლდენა იყო, რამაც მის ორგანიზმში „გარკვეული ძვრები გამოიწვია“, რაც „სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია“.
„ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიაკამენტის ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ოპტიმალურადაა გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე“, - თქვა მან.
რეანიმატოლოგს პროგნოზების გაკეთება უჭირს, აცხადებს, რომ ვითარება კომპლექსურია და გარკვეულ დროს საჭიროებს, რათა „სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული“. ის იმედს იტოვებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობისებისკენ წავა.
„მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა“
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ გამყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა და ანალიზები საათში ერთხელ უტარდება; მაჩვენებლები „კვლავ საყურადღებოა“.
„მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. შეიკრიბა კონსილიუმი, წამყვანი რეანიმატოლოგები, ისინი შეჯერდნენ და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავაკვირდეთ ყველა პარამეტრებს“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
„ბევრი რამეა დამოკიდებული ასაკსა და ორგანიზმზე“
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის სამართავად კლინიკაში წამყვანი რეანიმატოლოგებისგან დაკომპლექტებული გუნდია შეკრებილი და გადაწყდა, რომ პაციენტის ჯანმრთელობას დინამიკაში დააკვირდებიან.
„გამართულ კონსილიუმზე არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა.
შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და ითქვა, რომ მიდის მკურნალობა ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, სხვა ალტერნატივა ამწუთას რეალურად არ არსებობს.
ყველა უკმაყოფილო ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის მოლოდინი და სურვილი.
მთავარი რაც გამოიკვეთა კონსილიუმზე - უნდა დავკვირდეთ პროცესებს დინამიკაში ბევრ რამეა დამოკიდებული ასაკზე, ორგანიზმზე... რაც მოგვცემს საშუალებს რამდენიმე საათში ახალი მსჯელობა გაიმართოს“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ექიმებმა მედიასთან პატრიარქის ჯანმრთელობაზე კლინიკაში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის შემდეგ ისაუბრეს. კობახიძემ და პაპუაშვილმა კი ილია მეორე მცირე დროით მოინახულეს.
ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და განაცხადა, რომ „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგრძელდეს პატრიარქის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“.
პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან მიდიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები.
ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია
17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.
კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძემ დღეს დილას უპასუხა:
„[იგი] იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია [პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.
- ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
- 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
- კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.
ფორუმი