Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთრის “მოულოდნელი” თოვლის შედეგები - სიტუაცია რთულია, ამინდის პროგნოზი ცუდი


მოძრაობა კვლავ შეზღუდულია გზებზე; ათზე მეტი მუნიციპალიტეტი დენის გარეშე რჩება. ხაშური, 2025 წლის 30 დეკემბერი
მოძრაობა კვლავ შეზღუდულია გზებზე; ათზე მეტი მუნიციპალიტეტი დენის გარეშე რჩება. ხაშური, 2025 წლის 30 დეკემბერი

მოკლედ

  • თოვლის გამო ათზე მეტ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშა; გზებზე მოძრაობა გართულდა ან შეიზღუდა.
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა უკვე მეორე დღეა უშუქოდ რჩება, რაც ტურიზმის ბიზნესსაც აზარალებს.
  • სიცივე და თოვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

თოვლს საქართველოში ტრადიციულად პრობლემები მოაქვს და გამონაკლისი არც 2025 წლის დეკემბერია. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათობით ქალაქი და სოფელი, გზებზე მოძრაობა გართულდა. მოძრაობა გაძნელებულია განსაკუთრებით - დაბებში, სოფლებში.

ადამიანები წუხან, რომ ფაქტობრივ იზოლაციაში რჩებიან, როცა მობილური ტელეფონები უჯდებათ. არ არსებობს ზუსტი პასუხები შეკითხვებზე - როდის გაიწმინდება გზები, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

ამბროლაურის მუნუციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი
ამბროლაურის მუნუციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში “ჩვეულებრივი თოვლი” მოვიდა, ადგილობრივები კი, უკვე მეორე დღეა, ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი.

“გუშინ [29 დეკემბერს] რომ დაიწყო თოვა, [დენი] ერთი-ორჯერ მოვიდა ცოტა ხნით, მერე წავიდა და ამ დრომდე ჩაბნელებული ვართ. დაახლოებით 5 სმ-ზე იყო თოვლის საფარი, რომ უკვე შუქი წავიდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეკლა დავითულიანი. ის ამბროლაურთან ახლოს, ახალსოფელში ცხოვრობს. არ გამართლდა სოფელში გაჩენილი მორიგი იმედი, რომ შესაძლოა "ენერგოპრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის მიწოდება 30 დეკემბერს 15:00 საათისთვის განეახლებინა.

ცალკე სადარდებელია ტურიზმის ბიზნესი. თეკლას კოტეჯები საახალწლოდ დაჯავშნილია, მაგრამ სტუმრებმა ახალსოფელში ასვლაც რომ შეძლონ, უჭირს წარმოდგენა - როგორ გაუმასპინძლდება უშუქო სოფელში საახალწლო დღესასწაულებზე ჩასულებს. მობილური ტელეფონის ბოლო შესაძლებლობებს თეკლა 30 დეკემბერსაც სწორედ მათთან სასაუბროდ ინახავდა.

“სტუმარი რომ მოვა და შუქს ვერ დაახვედრებ, რა უნდა ქნას?! გარდა ამისა, წყალი მოდის იმ წნევით, რომ ცხელი წყალი ხვეწნით და ლოცვით თუ ჩაირთვება”, - თეკლა დავითულიანი გვეუბნება, რომ დენი მარტო დიდთოვლობისას კი არა, ხშირად “ჟუჟუნა წვიმის” დროსაც ითიშება ხოლმე.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:30 0:00
გადმოწერა

"ენერგოპრო ჯორჯიას" ცხელ ხაზზე, ავტომოპასუხე თითქმის 5 წუთის განმავლობაში ჩამოთვლიდა “ავარიული გათიშვის” მსხვერპლ მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებს.

30 დეკემბერს, დღის 13:00 საათისთვის ვრცელ ჩამონათვალში შედიოდა:

ქუთაისის მთელი რიგი ქუჩები; საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონი, ზუგდიდის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ოზურგეთის, წყალტუბოს, ხაშურის მუნიციპალიტეტების ცენტრები და ცალკეული სოფლები; აჭარაში - ხელვაჩაური, გონიო, კვარიათი, ხულო, ქედა, შუახევი.

“მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები” - ყოველ ჯერზე აზუსტებდა ავტომოპასუხე, ელექტროენერგიით მომარაგების დროის დაზუსტების გარეშე.

“მუშაობენ ჯგუფები, რომ დროულად აღადგინონ და დღის განმავლობაში ჩაირთვება. კონკრეტულად რომელ საათზე, ეს ინფორმაცია პროგრამულად არ გვიფიქსირდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ველოდებით აღდგენას”, - "ენერგოპრო ჯორჯიას" ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ავარიები “უამინდობამ გამოიწვია”.

მათი ავტომოპასუხის ჩამონათვალში დღის 13:00 საათისთვის არ იყო მოხსენიებული მაგალითად - ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები. თუმცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია 15:00 საათისთვის იტყობინებოდა, რომ “მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო” ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ცაგერი და ლენტეხი და რომ “დიდთოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა” რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში და “გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე, რომელთა წმენდაც მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება”, თუმცა ეს გრაფიკები გამოქვეყნებული არ არის.

მუნიციპალიტეტების ოფიციალური ინფორმაციები ერთმანეთის მსგავსია - “თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”.

ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზე. გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მაგისტრალი 24-საათი იწმინდება; თუმცა 30 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოძრაობა ჯერ ისევ არ იყო დაშვებული მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; კვლავ შეზღუდვები იყო საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მთელ რიგ მონაკვეთებზე.

საქართველოს მთელი რიგი მუნიციპალიტეტებისთვის, ამბროლაურის მსგავსად - ელექტროენერგიის გამორთვა მხოლოდ ზამთრის პრობლემა არ არის, მაგრამ უშუქობა, ნებისმიერ სეზონზე - ხშირად სწორედ უამინდობას ბრალდება - “დენი მიდის წვიმის დროსაც, ქარის დროსაც”.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის [სემეკი] ყოფილი წევრი, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე თავის ფეისბუკპოსტში წერს, რომ - “ელექტროენერგიის უწყვეტად, საიმედოდ მიწოდების მხრივ” განსაკუთრებით რთული ვითარებაა საქართველოს რეგიონებში: “თოვლი მოდის ითიშება ელექტროენერგია”, “⁠წვიმა მოდის - ანალოგიურად [ითიშება], “⁠ქარი უბერავს, უმალვე წყდება”, “⁠ტემპერატურა ნორმაზე მაღალია, დნება სადენები” და რომ ამის მიზეზია “გაცვეთილი ქსელი” და “ამ ყველაფერს სხვა ვერაფერი მოაგვარებს თუ არა სრული რეაბილიტაცია”.

“როგორც სემეკის ყოფილი წევრი, დღეს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, 10 წლის განმავლობაში სექტორში მყოფი პირი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინვესტიციების განხორციელება გარდაუვალია, რაც პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ტარიფთან, რომელიც ითვლება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებული მეთოდოლოგიით”, - დაწერა 30 დეკემბერს მაია მელიქიძემ.

სოციალურ ქსელებში - ადამიანები თავის გასაჭირის შესახებ ჰყვებიან.

  • “20 სმ-ანი თოვლი და -3 ჰა, ჰა -5 გრადუსი რატომ უნდა გახდეს სტიქიური უბედურება და ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე სატრანსპორტო კოლაფსი რატომ უნდა გამოიწვიოს, ვერაფრით ვხვდები”.
  • “თერჯოლის სოფლებში უკვე 2 დღეა შუქი არ არის”.
  • “ამნაირი დაქცეული ქვეყანა თუ არსებობდეს რააა... 15 სანტიმეტრი მოთოვა ქუთაისში და მეორედ მოსვლა გეგონება - შუქი გათიშულია, ინტერნეტი გათიშულია, წყალი გაყინულია ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილებაზე ზედმეტია საუბარი”.
  • “სოფლები უნდა ნახო კარიდან ვერ გავდივართ არსაიდან ხმა არსით ძახილი”, - წერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
  • “ეზოდან ტრასაზე ვერ გამოვდივართ.გვეშველება რამე?”


სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ “დეკემბერში თოვლი მოულოდნელად მოვიდა” და შესაბამისად - “არ არის გასაკვირი, რომ მას ხელისუფლება წელსაც მოუმზადებელი შეხვდა”.

“რა იცოდნენ ზამთარში თოვლი თუ მოვიდოდა, თორემ ზაფხულში ხომ იზრუნებდნენ ამაზე”, - ხუმრობს ერთ-ერთი მომხმარებელი.

30 დეკემბერს, "ქართული ოცნების" მთავრობამ ორი დადგენილება გამოსცა, რომელთა მიხედვითაც, რეგიონებში გადამცემი ხაზების გაძლიერებისთვის, საერთაშორისო დონორების დახმარებით - ჯამში, 15 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

  • პირველი დადგენილებით, დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული პროექტების: 500 კვ ეგნ წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის (EU-NIF, KfW), ჩრდილოეთის რგოლის (EBRD), ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანურის ( EBRD, EU-NIF, KfW), 500 კვ ეგb ჯვარი-წყალტუბოს (WB), გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა (EU-NIF, KfW) და კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების (KfW) განხორციელების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა მისთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამით“ გამოყოფილი ასიგნებებიდან სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 10 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერის სახით გადაცემა.
  • მეორე დადგენილებით კი, დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული პროექტების: 500 კვ ეგხ წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის (KfW, Nif), გურიის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა (KfW) და ხელედულა-ლაჯანური-ონის (KfW) განხორციელების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა მისთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამით“ გამოყოფილი ასიგნებებიდან სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 5 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერის სახით გადაცემა.

საქართველოში ზამთრების არცთუ სახარბიელო გამოცდილება არსებობს. დიდთოვლობის გამოწვევები ქვეყანას 2025 წლის დასაწყისში დაატყდა თავს - როცა დაინგრა სახლები, სოფლების დიდი ნაწილი მოწყდა გარე სამყაროს; იყო მსხვერპლიც.

ჯერჯერობით სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნდება სიცივე და დროდადრო ითოვებს.

უახლოეს დღეებში კვლავ თოვლსა და ქარბუქს მოელიან დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში - ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქ -7 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -2 გრადუსი იქნება.

31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია უმეტესად თოვა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზები მოიყინება და გაჩნდება ზვავის საშიშროება.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ვიდრე 29 დეკემბრიდან საქართველო ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა, ამინდის გაუარესების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება, 29 დეკემბერს, მობილურ ტელეფონზე 112-მა დააგზავნა.

“გაცნობებთ, რომ 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, - 112-ის მოკლე ტექსტები კონკრეტულ კოორდინატებსა და სხვა დეტალებს არასოდეს შეიცავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG