„გადაწყვეტილება, მათივე თქმით, დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს, რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას და, სავარაუდოდ, მეორე ფაქტი ეხება მარკეტა გრეგოროვას მოთხოვნას, რომელიც ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნამ გააღიზიანა“, - თქვა სოფო ბერიძემ.
„იმედის“ ცნობითვე, მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია მათ მსგავსად არ მისცა არც „რუსთავი 2-სა" და „პოსტივის". სამივე არხი ქართული პროსახელისუფლებო ტელევიზიაა.
პროსახელისუფლებო არხების სანქცირება
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უზრუნველყოფილი იქნება“ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.
„ფინანსური პრობლემა არ გვექნება“ - ამბობენ „იმედში“
- 27 თებერვალს „იმედმა“ განაცხადა, რომ „არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება“.
- ტელეკომპანიის ვებსაიტები - imedi.ge და imedinews.ge - 25 თებერვალს, საღამოს გაითიშა გარკვეული დროით. მოგვიანებით გაირკვა, რომ „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია“.
სანქციების ეფექტი
სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასებს ნაღდი ფულის სახით იღებენ.
„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ 27 თებერვალს, ხელფასის აღების დღეს.
27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა BBC Studios-მა "იმედს" „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა. ეს პროგრამა პროსახელისუფლებო არხზე წლების განმავლობაში გადიოდა და პოპულარობით სარგებლობდა.
ფორუმი