Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ბიზნესმა სანქცირებულ "იმედთან" და "პოსტივისთან" თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "უზრუნველყოფილი იქნება" დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 25 თებერვალს, შესაბამისი შეკითხვის პასუხად უთხრა, ტელევიზიების დასანქცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება "არასერიოზული" და "სამარცხვინოა".

"დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე „პოსტივიში“. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა", - განაცხადა კობახიძემ კოჯორში, იუნკრების მემორიალთან ყოფნისას. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, დაცული იქნება თუ არა ასევე იმ ბანკების, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების უფლებები, რომლებიც ტელეკომპანიებთან ითანამშრომლებენ, კობახიძემ უპასუხა:

"ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული, სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული, ყველა ზომა იქნება მიღებული".

შეკითხვაზე, ხომ არ იქნება მიღებული ახალი რეგულაციები, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

"შესაძლოა, თუნდაც, მაგრამ შეიძლება არც დაგვჭირდეს. ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ საქართველოში დაცული იყოს მედიის თავისუფლება".

ამასთან, მისი სიტყვებით, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო კომპანიებმა ტელეკომპანიებთან თანამშრომლობა "უნდა გააგრძელონ".

რისთვის დაწესდა სანქციები

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).


სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

ორი ტელეკომპანიის დასანქირება, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 105 წლის წინ განხორციელებულ საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. მისი თქმით, "როგორც 105 წლის წინ ბოლშევიკებმა დაიწყეს საქმეების შეკერვა, ხურავდნენ მედიას, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი, ამას აკეთებს ზუსტად ის მეხუთე კოლონა [ახლა]".

პაპუაშვილის თანახმად, "საქართველოში ბრიტანეთის ელჩის სახით გვყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა". საპასუხო რეაგირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად პაპუაშვილმა კონკრეტიკის გარეშე თქვა: "ვიმოქმედებთ საჭიროებისდა მიხედვით".

სანქციების განმარტება

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ორივე ტელეარხს შემდეგნაირი შეზღუდვები დაუწესდა: „აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“.

სამივე ტიპის სანქცია სხვადასხვა შეზღუდვას ითვალისწინებს:

  1. „აქტივების გაყინვა“ - სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული ყველა ფონდი და ეკონომიკური რესურსი - რაც დიდ ბრიტანეთში არსებობს - „იყინება“; დიდ ბრიტანეთში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ სანქცირებულებთან ტრანზაქციები ან აქტივების შესყიდვა; დიდ ბრიტანეთში არავის შეუძლია სანქცირებული პირისთვის სახსრების პირდაპირ თუ ირიბად გადაცემა.
  2. „სანქციები ტრასტის სერვისებისთვის“ - ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს თუ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებიც ბრიტანეთში ოპერირებენ (იურისტებს, მრჩევლებს, ა.შ.), ეკრძალებათ სანქცირებულ პირთან/კომპანიასთან ან მისთვის „ტრასტის“ შექმნა და „ტრასტთან“ დაკავშირებული რაიმე სერვისების შეთავაზება;
  3. „დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“ - ეს ნიშნავს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია ბრიტანული კომპანიის დირექტორობა, მართვა ან რაიმე ფორმით მართვაში მონაწილეობა.

ეხება ოფშორებსაც

ბრიტანეთის დაწესებული სანქციები ვრცელდება იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მიიჩნევა „ოფშორულ ზონებად“ და რომლებიც ამავდროულად ბრიტანეთის იურისდიქციაში ექცევიან.

შესაბამისად, სანქციები ვრცელდება ბერმუდაზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

რეკლამის მსხვილი დამკვეთები

„კომუნიკაციების კომისიის“ ცნობით, 2025 წლის მხოლოდ III კვარტალში - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - „იმედმა“ 14,4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ხოლო „პოსტივიმ“ - 1,9 მილიონი ლარისა.

ამ პერიოდში „იმედს“ რეკლამაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს „მეამამ“, ჩხარტიშვილების ოჯახის „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსიმ“ და „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“.

"პოსტივის" რეკლამის ყველაზე მსხვილი კლიენტი კი აღნიშნულ სამ თვეში „მეამა“ იყო - ნახევარ მილიონ ლარზე მეტის რეკლამა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიტანა ტელეარხზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG