Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს

„იმედის“ მთვარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა 20:00 საათზე“: გადაცემის წამყვანები ლევან ჯავახიშვილი და ხატია ქვათაძე.
„იმედის“ მთვარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა 20:00 საათზე“: გადაცემის წამყვანები ლევან ჯავახიშვილი და ხატია ქვათაძე.

ბრიტანული საქნციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასები ნაღდი ფულის სახით გასცეს. წყაროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს ტელევიზიის წარმომადგენელიც.

„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია.

ჩვენი ინფორმაციით, როგორც წესი, „იმედში“ ხელფასი ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიცემა - დღევანდელი დღე - 27 რიცხვი, თებერვალში ბოლო პარასკევს დაემთხვა.

ბრიტანული სანქციების შემდეგ ტელეიმედს საბანკო ანგარიშებს ვეღარ იყენებს, ეს დადასტურდა დღეს დილით გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც საუბარი იყო საკუთარი ბანკის შექმნაზე.

„კი [ნაღდი ფულის სახით დარიგდა ხელფასები] და სხვა ბანკებიც აღარ ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უზრუნველყოფილი იქნება“ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.

„ფინანსური პრობლემა არ გვექნება“ - ამბობენ „იმედში“

  • 27 თებერვალს, „იმედმა“ განაცხადა, რომ მას „არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება“.
  • ტელეკომპანიის ვებსაიტები - imedi.ge და imedinews.ge - 25 თებერვალს, საღამოს გაითიშა გარკვეული დროით.

„იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელმა ილია მიქელაიშვილმა რადიო თავისუფლებას იმ საღამოს განუცხადა, რომ საიტები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო იყო გათიშული და ეს პრობლემა სანქცირების ნაწილს არ უკავშირდებოდა.

თუმცა მეორე დღეს „იმედმა“ განაცხადა: „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია“.

„ბანკებმა მომსახურების მზადყოფნა გამოთქვეს“ - „იმედი“

„რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას“, - განაცხადა დღეს „იმედმა“.

ტელეკომპანიას ეს ბანკები არ დაუსახელებია.

25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ:

„კომერციული ბანკები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თანხვედრაში არაა საერთაშორისო პრაქტიკასთან“.

თურნავას თქმითვე, თუ ქართულ კანონმდებლობას და სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტს შორის „კოლიზია წარმოიქმნა“ - ანუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდა - „მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.

ბანკების ასოციაციას წარსულში არაერთხელ უთქვამს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს. ტელევიზიების სანქცირების შემდეგ საბანკო სექტორს კომენტარი არ გაუკეთებია.

ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემა გლობალური სისტემის ნაწილია, ბანკები ვალდებულნი არიან, დაიცვან სანქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქცირების რისკის წინაშე დგანან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG