მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა“.
მან ასევე „იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის“.
როგორ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე“.
შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიზნით რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოში ისრაელის საელჩოს.
საელჩოს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ:
- „ელჩმა პრემიერ-მინისტრს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
- შეხვედრა იყო კარგი და კონსტრუქციული, რომლის ფარგლებშიც მათ განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ასევე ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული კარგი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები“.
წინა დღეს, 10 მარტს ირაკლი კობახიძემ - მეზობელი ქვეყნების ლიდერების კვალდაკვალ, - ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს.
შეხვედრა მუსლიმი თემის ლიდერებთან
მოგვიანებით, 10 მარტსვე, ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ „თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა“.
მან რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მეგობარ ქვეყნებს უსურვა „მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე;
- დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე;
- საქართველოს მუსლიმთა შეიხი ფაიგ ნაბიევი;
- აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი.
ისრაელის საელჩოს წინა განცხადებები
გასულ კვირაში ისრაელის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა - „მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება“.
ამავე ტექსტში შეხსენება იყო ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 2 600-წლიანი მეგობრობის შესახებ, რომელიც „დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“.
მთავრობის პოზიცია
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ბოლო მოვლენები
- შაბათს, 7 მარტს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელები აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებით დადგნენ და სამძიმარი გამოხატეს.
- ამასთან, ისინი სკანდირებდნენ: „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!“
ამ საკითხის კომენტირებისას, ირაკლი კობახიძემ 9 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე ასი ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ამ ყველაფერს მართვა სჭირდება“.
ამგვარად მან პარლამენტის წინ უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეები შეადარა ირანის საელჩოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც სკანდირებდნენ: „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად“.
2024 წლის 28 ნოემბრიდან კი რუსთაველის გამზირზე იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, მთავრობასა და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ, და ითხოვენ აქციების დროს დაპატიმრებული მონაწილეების გათავისუფლებას. მთავრობა პროევროპულ, ანტისამთავრობო აქციებს უწოდებს „გადატრიალების მცდელობას“.
- საქართველოში ეს მოვლენები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა აშშ-ისრაელის დარტყმას ირანზე და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, შემდეგ კი ირანისა და მისი „პროქსი“ ძალების თავდასხმებს სხვადასხვა ქვეყანაში.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
შენიშვნა: 18:00 საათისთვის ინფორმაცია განახლდა ისრაელის საელჩოსგან მიღებული დამატებითი ინფორმაციით.
ფორუმი