მაკო გომური ერთ-ერთია იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2025 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილი მოვლენებისას დაირღვა ევროპული კონვენციის სამი მუხლი.
გომური დღეს გამოჰკითხეს ექსპრემიერის, - ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიციონერის, - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში.
„არ მინდოდა მოსვლა დაკითხვაზე“
მაკო გომურმა თავდაპირველად ფეისბუკზე დაწერა, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ. მისი თქმით, ჩვენების მიცემა არ სურდა:
„ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო და ისედაც ჩემით განერვიულებულ ოჯახის წევრებს ამ სადარდებელს ვეღარ დავუმატებ“, - დაწერა მან.
„არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ალბათ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი 20 ივნისის საქმეზე, მაგრამ ყველა დამნაშავემ და არა მხოლოდ ერთმა დამნაშავემ“, - დაწერა მაკო გომურმა.
- 17 ივნისს სასამართლო სხდომა 20 ივნისის საქმეზე გაიმართა - ამ საქმეზეა ბრალდებული ექსპრემიერი და ამჟამად „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია.
- მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად 2025 წლის 13 ნოემბერს შეუფარდეს. მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა „ჩორჩანის ეპიზოდზეც“.
გომურის გამოკითხვა - რა მოხდა 20 ივნისს
დღევანდელ სხდომაზე მაკო გომურმა დეტალურად გაიხსენა 19-20 ივნისის მიჯნაზე განვითარებული მოვლენები, - ის, რაზეც არაერთხელ საჯაროდ უსაუბრია:
„არანაირი დაპირისპირება არაა, ხალხის ნაკადი შენელებულია, არანაირი საფრთხე არაა. ყველა ველოდით, რომ საფრთხე არ უნდა ყოფილიყო, და უცებ დაიწყეს სპეცრაზმელებმა ტყვიების სროლა…
დავიბენით, შეგვეშინდა… არეულობა დაიწყო, ზოგი გარბის, ზოგი გამორბის, ჩაკუზული ვიყავი, მოფარებული და იმას ვხედავდი, ხალხი რომ დადიოდა. ამ არეულობაში ერთი მეგობარი დაგვეკარგა, ვეღარ დავინახეთ, დრო ვიხელთეთ თუ არა, მეტროს მხარეს გავემართეთ…
ხელოვნების სახლი რომაა, მუსიკალური სკოლა, დავინახეთ, რომ „რობოკოპები“ მოდიან პარლამენტის მხარეს. ვერც მარჯვნიდან აუვლი გზას და ვერც მარცხნიდან…
წამოვედით უკან, იმიტომ რომ წინ ვერ გავაგრძელებდით გზას… დავიწყეთ ადამიანების გაფრთხილება: „წადით, რობოკოპები მოდიან“. ამ დროს ერთი კაცი ჩამოჰყავდათ პარლამენტის კიბეებიდან, მასაც თვალში ჰქონდა მოხვედრილი…
ეს კაცი წაექცათ და ჩემი უფროსი და და ერთი ბიჭი მივიდნენ დასახმარებლად. სიცარიელე აღმოჩნდა ჩემსა და პარლამენტის მხარეს შორის და მომხვდა ტყვია…
არაფერი მითქვამს და რომც მეთქვა, ვერ გაიგონებდნენ...
ტყვია მომხვდა მარცხენა თვალის მარცხენა ძვლის ორ ადგილას, სავარაუდოდ, იყო დათვის ტყვია… სხვა შემთხვევაში, ძვალი გააჩერებდა და თვალს არ დავკარგავდი…
დავიწყე ყვირილი. მოვიდნენ ჩემი დები, მათაც დაიწყეს ყვირილი, მოვიდნენ სხვები და წამიყვანეს სასწრაფოსკენ. ძალიან შორს იყო სასწრაფო, მიუხედავად ასეთი ამბავისა….
მიმიყვანეს და სასწრაფოში დამხვდა ჟურნალისტი [თამარ] ბაღაშვილი და კიდევ ერთი ბიჭი, სახე გასისხლული მქონდა და ერთმა ბიჭმა რომ დამინახა, ჩამოვიდა და ადგილი დამითმო, მე აქ რა მინდაო.“
რა ჰკითხა მაკო გომურს გახარიას ადვოკატმა
ამის შემდეგ სხდომაზე მაკო გომურს კითხვები დაუსვა გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ, - რომელიც ამავე დროს პარტიის აღმასრულებელი მდივანია.
- „თქვით, რომ ცრემლსადენი გაზის სუნი მოდიოდა, თქვენ რომ ამოხვედით, იგრძნობოდა, რომ საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობდა?" - იკითხა სიჭინავამ.
- „ჩემთვის პირველი აქცია იყო. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა“, - უპასუხა გომურმა.
- „ამოხვედით, თქვენი დები ნახეთ, იცით, რომ საპოლიციო ღონისძიება მიდის... რატომ დარჩით, რა მიზნით?"
- „პროტესტის მიზნით“...
- „დაინახეთ გიორგი გახარია?“
- „არა, გიორგი გახარია არ დამინახავს და არც ის ადამიანი დამინახავს, ვისაც შეიძლება ბრძანება გაეცა."
- "გაქვთ ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ გასცა ბრძანება, რომ ტყვიები ესროლათ?"
- "არა."
ამ კითხვის შემდეგ მაკო გომურს გაეცინა და განაცხადა:
„თუ გახარია დამნაშავე იყო, რატომ გახდა პრემიერი?"
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა მოსვლა დაკითხვაზე, იყო ის, რომ „ქოცების“ [„ქართული ოცნების“ წევრების] მარიონეტად არ მეგრძნო თავი.
ჩემთვის 20 ივნისის საქმე არის ყველა იმის დანაშაული, ვინც იყო „ქართული ოცნების“ წევრი, - არა მარტო გიორგი გახარია, არამედ დეპუტატები, მინისტრები... ეს ყველას პასუხისმგებლობა იყო.
თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ გახარია იყო დამნაშავე, მაშინ რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი?
ვისაც არ უნდა გაეცა ბრძანება… გიორგი გახარია არის დამნაშავე, კი, მან მიიღო „თვალთხარიას“ სტატუსი და პრემიერობაზე წავიდა.
შვიდი წელია ვმათხოვრობთ და ვითხოვთ სამართალს.
შვიდი წელი აქვთ ადამიანებს, რომ გამოიძიოს დანაშაული და მხოლოდ ერთი პირია დამნაშავე?
ის პოლიციელები, სპეცრაზმელები, „რობოკოპები“, საპოლიციო სისტემა, ვისაც შეეძლო გამოეძიებინა ეს საქმე და შვიდი წელი არ გვემათხოვრა, ჩემთვის ყველა არის დამნაშავე“.
ბოლოს მაკო გომურს ჰკითხეს: „რას ფიქრობთ, რატომ აირჩიეს გახარია?“
- „არ ვიცი. დაუჭამიათ ერთმანეთი“, - უპასუხა მან.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 11 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში აქციების დაშლის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი;
- ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ჯამში, ასიათასობით ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის - 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.
- გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ პასუხისმგებლობა დააკისრა ექსპრემიერს, ოპოზიციაში გადასულ გიორგი გახარიას, - რომელიც უკვე მეორე წელია, გერმანიაშია.
- „საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს“, - თქვა პაატა სალიამ.
ფორუმი