2019 წლის 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ დილით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს - სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
იმ არგუმენტით, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. ამ დღეს, სულ მცირე, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე.
ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ჯამში, ასობით ათასი ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის - 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.
ხელისუფლება ვალდებულია, ეს თანხა დაზარალებულებს გადაუხადოს სამი თვის ვადაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ იცავდნენ 26 მოსარჩელის ინტერესებს:
- მერაბ ცაავა;
- ბესლან კმუზოვი;
- ზაზა სვანიძე;
- თამარ ბაღაშვილი;
- გვანცა ნემსაძე;
- ანა ვახტანგაძე;
- ნინო ხოზრევანიძე;
- კოტე გრიგალაშვილი;
- გურამ მურადოვი;
- თორნიკე კოშკაძე;
- გიორგი ჭუმბურიძე;
- გელა ბოჩიკაშვილი;
- ეკატერინე აბაშიძე;
- გიორგი დიასამიძე;
- დავით ქურდოვანიძე;
- დავით შეყილაძე;
- დიმიტრი ფოჩხიძე;
- ირაკლი გიორგაძე;
- ირაკლი ხვადაგიანი;
- მაკო გომური;
- ნიკოლოზ შარვაშიძე;
- თეიმურაზ დიდბერაშვილი;
- გიორგი სულაშვილი;
- ირაკლი ჩიკვილაძე;
- ლექსო ჩანქსელიანი;
- ვახტანგ ბერიკაშვილი.
სასამართლომ დაადგინა:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) ორივე ასპექტის დარღვევა (26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ);
- მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა 14 განმცხადებლის მიმართ;
- მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა 11 განმცხადებლის მიმართ;
- 38-ე მუხლის (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების) არარსებობა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება უკვე ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოჰყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება; არც განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის შესახებ დასკვნების გამოტანა, რომლებმაც გამოიყენეს - ან ბრძანეს - გადაჭარბებული ძალის გამოყენება...
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა არ იყო გამართლებული“, - წერია გადაწყვეტილებაში.
სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დააკმაყოფილა იმ ორი მომჩივნის საჩივარიც, რომელიც ქვედა პალატამ დაუშვებლად ცნო საქმეში ექსპერტიზის ცნობის არარსებობის გამო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქმეში მოპასუხეა, გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად, ყოფილი თანაგუნდელის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ კი ნეგატიურად წარმოაჩენს:
- „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი“;
- „იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა“;
- „გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით“.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა წლების შემდეგ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 12 ნოემბერს.
„გავრილოვის ღამიდან" ცოტა ხანში გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ის პასუხისგებაში მისცეს ოპოზიციაში გადასვლიდან რამდენიმე წელში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (წამების აკრძალვა) ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დაადგინა. თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის“ (EHRAC) დახმარებით მომჩივნები მოითხოვდნენ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევის დადგენასაც.
ფორუმი