Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერცი ბრიუსელშია უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გადასარჩენად: რა ხდება?


ფრიდრიხ მერცი
ფრიდრიხ მერცი

მოკლედ

  • უკრაინისთვის „რეპარაციების სესხთან“ დაკავშირებული დავა გადამწყვეტ ფაზაში შედის - წინააღმდეგი ბრიუსელია, ოღონდ არა ევროკავშირის ცენტრი, არამედ ბელგიის დედაქალაქი.
  • სანამ ევროკომისია სამართლებრივ გამოსავალს ეძებს, დიპლომატებმა ბელგიის პოზიცია „რუსეთის ყველაზე ფასეულ აქტივად“ მოიხსენიეს.
  • შეძლებს თუ არა გერმანია ბელგიის დარწმუნებას – და რას ნიშნავს ეს მთელი ევროპისათვის?

გერმანიის კანცლერი 5 დეკემბერს ბრიუსელში ბელგიელი კოლეგის დათანხმებას ეცდება უკრაინისთვის „რეპარაციების სესხის“ გამოყოფაზე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. ბრიუსელს, როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოსკოვმა შეუთვალა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შედეგებს ქვეყანა „სამუდამოდ“ იგრძნობს.

ვინ დაემორჩილება პუტინის პირდაპირ მუქარას?

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რა მოლოდინები აქვთ ახლა ევროპელ დიპლომატებს.

3 დეკემბერს, ოთხშაბათს, ევროკომისიამ წარმოადგინა სამართლებრივი წინადადება, რომელსაც ბოლო კვირებში დაძაბულად ელოდნენ ევროპულ დედაქალაქებში — უკრაინისთვის რეპარაციების სესხის შესახებ, გაყინულ რუსულ აქტივებზე დაყრდნობით.


რატომ გახდა „ბელგია ყველაზე ფასეული რუსული აქტივი“?

„ტექსტი, რომელსაც ევროკომისია დღეს წარადგენს, ჩვენს შეშფოთებებს დამაკმაყოფილებლად არ პასუხობს“
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რამდენიმე საათით ადრე, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც მინისტერიალი უნდა დაწყებულიყო, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან გამოვიდა. მან თქვა, რომ ბელგია უკმაყოფილოა კომისიის წინადადებით “რეპარაციების სესხზე”.

„ტექსტი, რომელსაც ევროკომისია დღეს წარადგენს, ჩვენს შეშფოთებებს დამაკმაყოფილებლად არ პასუხობს“, — განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ, რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების ჩამოთვლის შემდეგ. მან ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

ამ განცხადებას უძღოდა ევროკომისიასა და იურისტებთან, ევროკავშირის ელჩებსა და ბელგიას შორის კვირების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციები, მაგრამ ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის პოზიცია უცვლელი დარჩა — ბელგია უჭერს მხარს უკრაინის დასახმარებელ სხვა გზებს, რომლებიც რუსულ აქტივებს არ შეეხება.

ამის შემდეგ, 4 დეკემბერს, Politico-მ დაწერა, რომ „ბელგია გახდა რუსეთის ყველაზე ფასეული აქტივი“.


რა შესთავაზა ევროკომისიამ?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ბელგიის „მთავარ შენიშვნებს“ ითვალისწინებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, 2025 წლის 3 დეკემბერი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, 2025 წლის 3 დეკემბერი

კერძოდ, შეთავაზებაში საუბარია არა მხოლოდ ბელგიაში არსებულ აქტივებზე (რომელთა მოცულობა სხვადასხვა შეფასებით დაახლოებით 180 მილიარდ ევროს შეადგენს), არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსა და „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებშიც არსებული აქტივების გამოყენებაზე.

ასევე საუბარია რისკების განაწილებაზე — 2026–2027 წლებისთვის საჭირო 90 მილიარდი ევროს სესხის ნაწილი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიზღვიონ, ნაწილის გარანტია კი ევროკავშირის ბიუჯეტი იქნება.

ევროკომისიამ ამ სამართლებრივი წინადადების შემუშავების დავალება მიიღო ოქტომბრის სამიტზე, სადაც ბრიუსელს იმაზე მეტი ოპტიმიზმი ჰქონდა, ვიდრე ახლა — რომ გადაწყვეტილება სესხის შესახებ მიღებული იქნებოდა.


რას ეფუძნებოდა ოპტიმიზმი?

23 ოქტომბრის სამიტამდე, ჟურნალისტებთან არაერთ შეხვედრაზე, ევროპელი დიპლომატები საკმაოდ ოპტიმისტურად საუბრობდნენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე. ეს ალბათ იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ, მართალია, რეპარაციების სესხი ჯერ დამტკიცებული არ იყო, მაგრამ უკვე მსჯელობდნენ — რაზე უნდა დახარჯულიყო ეს თანხები:

- ამერიკული პროგრამის, PURL-ის (Prioritised Ukraine Requirements List - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ფარგლებში დახმარებაზე,

- თუ შეიარაღების შესყიდვაზე ევროკავშირის შიდა ბაზარზე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

ბელგიელი დიპლომატები საუბრობდნენ ბელგიის შეშფოთებების სიაზე - მაგალითად, იმაზე, რომ რისკი „გამონაკლისის გარეშე“ ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაიზიაროს. ამავე დროს ისინი მიანიშნებდნენ, რომ, მაგალითად, უნგრეთი მომავალ სქემაში ჩასართავად არ მოიაზრებოდა, მაგრამ თუ დანარჩენები შეუერთდებოდნენ, გადაწყვეტილება მაინც უნდა მიღებულიყო.

Politico-ს წყაროების თქმით, ევროკავშირის ელჩებს შორის ზედმეტი ოპტიმიზმი იმის გამო წარმოიშვა, რომ ბელგიის პრემიერის, დე ვევერის, და ევროკავშირში ბელგიის ელჩის, პიტერ მურსის კომუნიკაცია არასაკმარისი აღმოჩნდა. ელჩი ახლოს იყო ბელგიის წინა პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროსთან და, წყაროების თქმით, არ იცოდა, რამდენად მტკიცე იყო დე ვევერის პოზიცია.

ჩეხმა აქტივისტებმა პრაღაში აქცია გამართეს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, უკრაინისთვის რეპარაციის სესხი გამოეყოთ და გაყინული რუსული ფინანსური აქტივები უკრაინის თავდაცვისთვის გამოეყენებინათ, 2025 წლის 4 დეკემბერი.
ჩეხმა აქტივისტებმა პრაღაში აქცია გამართეს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, უკრაინისთვის რეპარაციის სესხი გამოეყოთ და გაყინული რუსული ფინანსური აქტივები უკრაინის თავდაცვისთვის გამოეყენებინათ, 2025 წლის 4 დეკემბერი.

ზეწოლა ბელგიაზე

რადიო თავისუფლება ბოლო კვირებში ესაუბრა არაერთ დიპლომატს, რომლებიც იზიარებდნენ ბელგიის პოზიციას რისკების გადანაწილების მოთხოვნაზე - ამბობდნენ, რომ ეს სრულად ლეგიტიმურია, მაგრამ არ ეთანხმებიან ყველა არგუმენტს:

მაგალითად, ევროს გაუფასურების რისკზე ბევრი ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია, თუ გერმანია, ქვეყანა, რომლის ეკონომიკაზეც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ევროს სტაბილურობა, მზად არის გარანტიების მისაცემად.

დე ვევერის კიდევ ერთი არგუმენტი - რომ აქტივების გამოყენება ზიანს მიაყენებს მშვიდობის პროცესს, ბევრს არ მიაჩნია სარწმუნოდ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ფაქტობრივად უშლის ხელს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას“ და თქვა, რომ თავდაპირველ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმის პროექტში 100 მილიარდი ევრო სწორედ აღდგენას უნდა მოხმარებოდა და აშშ-ს მოგების 50% უნდა მიეღო.

ეს პუნქტი საბოლოო ვერსიებიდან ამოღებულია. ერთ-ერთი დიპლომატის აზრით, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, საეჭვოა, რომ მოგების აშშ-სთვის გადაცემა ამერიკულ მხარეს მოეთხოვა - შესაძლოა, რუსეთმა ჩასვა შეთანხმების პროექტში, ამერიკის გულის მოსაგებად და მის ინტერესებზე გათვლითო.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, 2025 წლის 24 ნოემბერი, ბრიუსელი.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, 2025 წლის 24 ნოემბერი, ბრიუსელი.

„ტრამპი“ ან „კატასტროფა“

მთავარი არგუმენტი, რომელიც ევროპულ დედაქალაქებში ისმის, ის არის, რომ რუსული აქტივები ერთგვარი კოზირია (trump-card), რომელიც ევროკავშირსა და უკრაინას აქვთ, და რომლის გამოყენება უნდათ.

რეპარაციების სესხმა უნდა გააძლიეროს კიევის პოზიცია მოლაპარაკებებში.

თუ ეს არ მოხდება, პუტინს გაუჩნდება იმედი, რომ ევროპული მხარდაჭერა შესუსტდება და ეს კატასტროფა იქნება.

„ეს არის ისტორიული მომენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ამ ომის, არამედ, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობაც,“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ესტონეთის საგარეო მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

მისმა პოლონელმა კოლეგამ, რადოსლავ სიკოსკიმ, რეპარაციების სესხი „გადამწყვეტ საკითხად“ მოიხსენია:

„იმიტომ, რომ მას შეუძლია დააჯეროს პუტინი, რომ უკრაინა ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება მომდევნო ორ–სამ წელიწადში, ამიტომ მას მოუწევს ომის გაგრძელება კიდევ ორი–სამი წლით. და თუ ეს არ მოხდება, პუტინს გაუჩნდება იმედი, რომ ევროპული მხარდაჭერა შესუსტდება და ეს კატასტროფა იქნება.“

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს. ბრიუსელი, ბელგია, 2025 წლის 3 დეკემბერი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს. ბრიუსელი, ბელგია, 2025 წლის 3 დეკემბერი.

ერთადერთი რეალური გზა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ უკრაინის დასახმარებლად ორი გზა შესთავაზა - ევროკავშირის ბიუჯეტზე დაფუძნებული ერთობლივი სესხი და რეპარაციების სესხი - რეალური მხოლოდ მეორეა: ერთობლივი სესხებისთვის საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვნება, ხოლო აქტივების გამოყენებისთვის — კვალიფიციური უმრავლესობა.

ერთსულოვნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია:

- არა მხოლოდ უნგრეთის გამო, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსებას არ დაუჭერს მხარს,

- არამედ სლოვაკეთის გამოც, რომლის საგარეო მინისტრმაც თქვა, რომ არ დაუჭერს მხარს არცერთ ვარიანტს.

ზოგი სხვა ქვეყანაც ბიუჯეტური პრობლემების გამო ვერ დაეთანხმება საკუთარ გადასახადებზე დაფუძნებულ ფონდს. ამიტომ, დიპლომატების თქმით, რუსულ აქტივებზე დაფუძნებული რეპარაციების სესხი, კვალიფიციური უმრავლესობის პირობებში, ერთადერთი რეალური არჩევანია.

ევროკომისიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტექნიკურად, კვალიფიციური უმრავლესობით შესაძლებელია სესხის დამტკიცება ბელგიის თანხმობის გარეშე, თუმცა პრაქტიკაში ამას არ იზამენ.

„არავის უნდა ბელგიის გვერდის ავლა ამ საკითხში,“ — თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებასთან.


„გამარჯვებულების ნაკარნახევი“

ევროკომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ აქტივების გამოყენებით რუსეთზე მოახდენენ ზეწოლას და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა იწვნიოს.

„ჩვენ ხელში გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ გავაძლიეროთ უკრაინა, არამედ მოსკოვს ერთმნიშვნელოვანი სიგნალი მივაწოდოთ — რომ აგრესიის ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს,“
მერცი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი კი ამტკიცებს, რომ რუსეთის დასასჯელად ჯერ რუსეთი უნდა დაამარცხონ.

მან ასევე აღიარა რუსეთის მუქარა: „მოსკოვმა მიგვახვედრა, რომ აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, ბელგია და პირადად მე ამას ‘სამუდამოდ’ ვიგრძნობთ,“ — თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ფონზე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა — იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც რუსული აქტივების კონფისკაცია ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვა — გამოაქვეყნა სტატია Frankfurter Allgemeine Zeitung-ში, სადაც ბელგიის შეშფოთებას „გაგებით“ შეხვდა და ევროკავშირის ქვეყნებს რისკების პროპორციულად გაზიარებისკენ მოუწოდა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ზაარბრიუკენში, გერმანია, 2025 წლის 3 ოქტომბერი.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ზაარბრიუკენში, გერმანია, 2025 წლის 3 ოქტომბერი.

„ჩვენ ხელში გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ გავაძლიეროთ უკრაინა, არამედ მოსკოვს ერთმნიშვნელოვანი სიგნალი მივაწოდოთ — რომ აგრესიის ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს,“ — წერს მერცი.

ბელგიის დასარწმუნებლად, მერცმა გადადო დაგეგმილი მოგზაურობა ოსლოში და 5 დეკემბერს ბრიუსელში ჩადის ბარტ დე ვევერთან და ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე. ფონ დერ ლაიენთან მას კერძო ვახშამიც აქვს დაგეგმილი.

18 დეკემბერს საკითხი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე განიხილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG