Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ტრიუმფი თურქეთში - რა მიზეზებით დამარცხდა ერდოანის პარტია


ფოტო არქივიდან: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
ფოტო არქივიდან: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის დამაჯერებელი გამარჯვება ბევრისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. „ეს არის გარღვევა თურქეთის პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში“, - თურქეთის მაგალითი მეთვალყურეებს უჩვენებს, რომ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შედეგად ძირეული ძვრები მოსალოდბელი არ არის, მაგრამ ოპოზიციის გამარჯვება განიხილება წარმატებულ რეპეტიციად - 2028 წელს ხელისუფლების შეცვლისთვის.

ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა 2023 წლის არჩევნებში გამარჯვება და ხალხის ნდობა სათანადოდ არ გამოიყენა და მისი პარტიაც სწორედ ამიტომ დამარცხდა.

  • რა არის ოპოზიციის გამარჯვების საიდუმლო?
  • რა შეეშალა თურქეთის პრეზიდენტს?

სიურპრიზი თურქეთში

"31 მარტის არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ჩემს პოლიტიკურ მეგობრებს: 14 - მეგაპოლისი, 21 - ქალაქი, 337 - მუნიციპალიტეტი, 48 - დასახლება - ვულოცავ ყველა არჩეულ მერს", - დაწერა X-ზე სტამბოლის გამარჯვებულმა მერმა, ექრემ იმამოღლუმ 1 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, როცა ჯერ ისეც არ იყო ცნობილი არჩევნების საბოლოო შედეგი.

მერმა სტამბოლელებს მადლობაც არაერთხელ გადაუხადა.

53 წლის იმამოღლუ ამ არჩევნებზე „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP] კანდიდატი იყო. სტამბოლის მერის პოსტზე ის ჯერ კიდევ 5 წლის წინ აირჩიეს და მისი რეიტინგი არათუ არ დაცემულა, წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო.

  • 51%-39% - წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ექრემ იმამოღლუმ, სტამბოლში, სწორედ ამ შედეგით სძლია ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ [AKP] კანდიდატს - მურათ ქურუმს, რომელიც ამომრჩეველს დიდად არ აღაფრთოვანებდა.
  • ოპოზიციამ მოიგო დედაქალაქ ანკარაშიც. წინასწარი შედეგებით, ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა, მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან, თურგუთ ალთინოქს, ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა.
  • ოპოზიციამ მოიგო ასევე - იზმირში, ანტალიაში, ბურსასა და სხვა დიდ ქალაქებში.

წინასწარი შედეგებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით - სახელისუფლებო პარტიას 35.5%-იანი მაჩვენებელი აქვს, ხოლო სახალხო რესპუბლიკურ პარტიას - 37.7%. კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 78.5%-ს შეადგენდა.

თურქეთი დადგა რეალობის წინაშე, როცა პრეზიდენტსა და მის სახელისუფლებო პარტიას უარი უთხრა ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა. თურქულ მედიაში უკვე დაიწყო მსჯელობა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

31 მარტის არჩევნებში ოპოზიციამ შთამბეჭდავ გამარჯვებასა და ბევრისთვის წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია.

„უშაქი, დენიზლი, აფიონქარაჰისარი, ქუთაჰია, ქირიქალე, ბურსა, ბალიქესირი, ადიამანი, ქილისი, გირესუნი, ზონგულდაქი...“, - თურქეთის საკითხების სპეციალისტი ქამრან მამედოვი რადიო თავისუფლებასთან იმ პროვინციებსა და ქალაქებს ჩამოთვლის, სადაც "ტრადიციულად იგებდა მმართველი გუნდი“, ხოლო ახლა ოპოზიციის ხელში გადავიდა.

„ასეთი შედეგი არცერთ სოციოლოგიურ კვლევას არ ჰქონია. ელოდნენ განსხვავებას 2-3%-ით, მაგრამ ამხელა გამარჯვებას არავინ ელოდა. ეს არის ტრიუმფი", - გვეუბნება მამედოვი, რომელიც განსაკუთრებით 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მუდმივად აკვირდებოდა თურქეთში მიმდინარე პროცესებს.

რა იყო ოპოზიციის გამარჯვების რეცეპტი?

სახალხო რესპუბლიკური პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას დიდწილად სტამბოლის ყოფილ/მომავალ მერს - ექრემ იმამოღლუს უმადლიან. ის პარტიის თავმჯდომარე არ არის, მაგრამ - გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერია, რომლის მიმართ სიმპათიებმა სხვა რეგიონებზეც მოახდინა ზეგავლენა.

იმამოღლუს ხშირად ხედავდნენ ხალხთან მოსაუბრეს.

როგორც აღწერენ, მას შეეძლო, მაგალითად, რომელიმე რესტორანში ხალხთან ერთად ესადილა და თუკი ვინმე კრიტიკოსს შეხვდებოდა, შეეძლო დიდხანს ელაპარაკა მასთან, ვიდრე საბოლოოდ დაარწმუნებდა.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც უკვე ათი წელია სტამბოლში ცხოვრობს, გვეუბნება, რომ - ქალაქის მერის მზრუნველობა ყველასთვის თვალშისაცემი იყო.

„მისი შეუსვენებელი ბრძოლა, თავდაუზოგავი შრომა - რაც ჩანს ყველგან და ყველაფერში... ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხმა დაინახა, რომ ბიუჯეტის ფული, ხალხის ფული ისევ ხალხისთვის იხარჯება. ამ არჩევნების მთავარი სლოგანიც ეს იყო, რომ ბიუჯეტი ხალხს უნდა მოხმარდეს“, - კაკაბაძე იზიარებს სპეციალისტების პროგნოზს, რომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს აქვს ყველა შანსი - 2028 წელს, არჩევნებში პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს.

რესპუბლიკელების გამარჯვება თურქეთში ერთი პარტიის გამარჯვებაზე მეტია. ირაკლი კაკაბაძე გვეუბნება, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა „დემოკრატიული პროცესების ხელახალი დაბადება“ და „მოხდა არჩევნების ლეგიტიმაცია დემოკრატიული თვალსაზრისით“.

„თუკი წინა [საპრეზიდენტო] არჩევნების დროს საარჩევნო პროცესში შეცდომები ხალხისთვის თვალნათელი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებზე დემოკრატიამ იზეიმა“, - გვეუბნება ირაკლი კაკაბაძე.

პროდასავლური პრინციპების "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ", რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის მომხრეა, გამარჯვებისთვის სულ რაღაც 6 თვეში მოიკრიბა ძალა - როცა თავის რიგებში მოტივირებული ახალგაზრდები შემოიკრიბა.

ეს კი, თავის მხრივ, თავმჯდომარის პოსტიდან - ქემალ ქილიჩდაროღლუს გაშვებას მოჰყვა.

ქემალ ქილიჩდაროღლუ რეჯებ ტაიპ ერდოანის მთავარი მეტოქე იყო 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე ტურში დამარცხდა. ქილიჩდაროღლუს 6 პარტიისგან შემდგარი კოალიცია უჭერდა მხარს.
არჩევნების შემდეგ კოალიცია ხმაურით დაიშალა და დამარცხებული კანდიდატი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წავიდა.

რა ვერ გათვალეს ერდოანმა და მისმა პარტიამ?

არჩევნები თურქეთში მწვავე ეკონომიკური პრობლემების, მაღალი ინფლაციისა [გასულ თვეში 70%] და თურქული ლირის გაუფასურების ფონზე ჩატარდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობა აღმოჩნდა სახელისუფლებო პარტიის მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებზე, ხოლო ერდოანის მთავარ შეცდომად ასახელებენ იმას, რომ 2023 წლის მაისიდან, როცა მან არჩევნებში გაიმარჯვა - სათანადო ყურადღება არ დაუთმო ხალხის მთავარ დაკვეთას - ეკონომიკურ გაუმჯობესებას.

„როგორც ჩანს, ეკონომიკურმა პრობლემებმა თავისი საბოლოო სიტყვა თქვა. ბოლო 3-4 წელია, რაც თურქეთში დიდი კრიზისია. ერდოანის მმართველობით იმედგაცრუებული, მმართველობით გადაღლილი ადამიანები წავიდნენ და სხვა პარტიას მისცეს ხმა“, - გვეუბნება ქამრან მამედოვი.

CHP-ის გარდა, ამომრჩეველთა ხმების გარკვეული ნაწილი შეხვდა ასევე ისლამისტური იდეოლოგიის - „კეთილდღეობის პარტიას“ [YRP] - რომელიც ხელისუფლებაზე განაწყენებულ, მაგრამ დიდწილად ხელისუფლების თანამოაზრე პარტიად ითვლება.

ამ პარტიის ხმები ერდოანის პოლიტიკურ ძალასა და კანდიდატებს რომ მიმატებოდათ, მამედოვის შეფასებით - რესპუბლიკელების გამარჯვება სათუოც შეიძლება გამხდარიყო.

თუმცა საერთო ენა ვერ გამოინახა.

მამედოვი გვეუბნება რომ ერდოანის პარტიამ - არ გაიზიარა YRP-ის სამპუნქტიანი შეთავაზება: ისრაელთან ვაჭრობის გაწყვეტა, პენსიის 20 ათას ლირამდე გაზრდა და თურქეთში ნატოს სარადარო ბაზის დახურვა.

„31 მარტი ჩვენთვის დასასრული არ არის. ეს გარდამტეხი ეტაპია. თურქმა ხალხმა პოლიტიკოსებს გამოგვიგზავნა სიგნალი, საარჩევნო ბიულეტენების საშუალებით“, - ერდოანის სიტყვებს თურქული მედია ავრცელებს. ასევე მას მიეწერება სიტყვები, რომ - „მუნიციპალურ არჩევნებში, პირველ ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას“.

  • ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერდოანს თეორიულად შეეძლო - არჩევნების გაყალბება და მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს - გაყალბებაზე უარის თქმა.
  • განსხვავებული მოსაზრების თანახმად კი - ოპოზიციის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეს ვეღარც გაყალბება შემოატრიალებდა და ხელისუფლებას მარცხის აღიარება მოუწია.

თუმცა, მარცხის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოანის ხელში რჩება განუზომელი ძალაუფლება და ექსპერტებს უჭირთ პროგნოზირება - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2028 წლამდე; მით უფრო - ერდოანის მმართველობის დროს გამოვლენილი რეპრესიებისა და ოპოზიციის დევნის მძიმე ეპიზოდების გათვალისწინებით.

რა იყო მსგავსი ან განსხვავებული წელს?

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპოზიცია, ამ არჩევნებზეც შეზღუდული იყო.

მეთვალყურეები ამბობენ, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად არ დაუთმეს საეთერო დრო საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა არხების ეთერში. ხალხის ინფორმირების ძირითად იარაღს ოპოზიციისთვის კვლავ სოციალური ქსელები წარმოადგენდა.

ოპოზიციას ტრადიციულად ჰქონდა უფრო მცირე დაფინანსება.

გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ, "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" - CHP - ქვეყნის მასშტაბით, დამოუკიდებლად პირველად მოიგო არჩევნები.

წინასაარჩევნო კამპანიაში წელს ნაკლებ ადგილს იკავებდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო მესიჯები, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით. სპეციალისტები და მეთვალყურეები ამბობენ, რომ ეს თემები თურქეთში გაცვდა, სერიოზულად აღარავინ აღიქვამს - ამაში უკვე ხელისუფლებაც დარწმუნდა და ფუჭად დრო აღარავინ დაკარგა.

თურქეთს დასავლური ტიპის დემოკრატიამდე ბევრი აკლია, ინსტიტუციები სიმყარით არ გამოირჩევა, თავს იჩენს არაერთი საკამათო ფაქტიც, მაგრამ - ჩანს, რომ არჩევნები ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობით სარგებლობს.

მცირე გამონაკლისების გარდა, ხალხს ძირითადად სჯერა, რომ მათი ხმა არ დაიკარგება. ფაქტია, რომ თურქეთში შესაძლებელია, ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვოს ოპოზიციამ და დამარცხება უპრობლემოდ აღიაროს ხელისუფლებამ.

სპეციალისტების შეფასებით, ამ ფაქტის გააზრება არცერთ ქვეყანას არ აწყენდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG