სწორედ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს ღამის სამ საათზე პატრიარქი ილია მეორე, მასიური სისხლდენით.
„კაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროება სისხლდენის კუპირებისთვის ანუ შეჩერებისთვის, პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების დასტაბილურება“, - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.
კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, ექიმი პასუხობს, რომ ილია მეორე „იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია[პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.
საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".
- კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.
მის მოსანახულებლად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე.
სამედიცინო დაწესებულებაში არიან პატრიარქის თანამოსაყრდე შიო მუჯირი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის“. სარჯველაძის ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს ყველა საჭირო ზომის მიღება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი.
- ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
- 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ფორუმი