ამ შინაარსის დადგენილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღეს, 12 მარტს მიიღეს.
საუბარია „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილებაზე.
ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
რა იკრძალება?
სამინისტროს პრესცენტრის თანახმად:
- 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება „საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება“;
- ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება „პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება“.
პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება დაშვებულია, თუკი მწარმოებელი მას ქვეყნის გარეთ გაყიდის.
მაგრამ მათი უცხოეთიდან შემოტანა იკრძალება.
შუშის ბოთლების იმპორტი
შუშის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი, - რაც, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს პლასტმასის ბოთლების მასობრივ მოხმარებას, - ჩვეულებრივ, უფრო ძვირია.
შესაბამისად, აკრძალვების ძალაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, იმავე მოცულობის სასმელები გაძვირდება.
ამჟამად საპარლამენტო კომისია მეორე თვეა ცდილობს დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპულ ბაზარზე - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება და ხომ არ მოქმედებს კარტელური გარიგებები.
2024 წელს საქართველოში 71.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მინის ბოთლები და ბოცები შემოიტანეს, 2025 წელს - 79.9 მილიონის ღირებულებისა.
„ბიზნეს მედია“ BMG-ის ცნობით, საქართველოში მინის ტარას აწარმოებს ერთადერთი კომპანია, რომელსაც თურქული ფირმა „შიშეჯამი“ ფლობს.
„გამონაკლისები“
დადგენილებით გათვალისწინებული „გამონაკლისების“ თანახმად:
- აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე;
- ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (იქნება ეს არაალკოჰოლური, ალკოჰოლური, გამაგრილებელი თუ სხვა ტიპის სასმელი).
გამონაკლისი ასევე ვრცელდება „შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე“.
ეს ნიშნავს, რომ პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და სამინისტროების სხვა თანამშრომლებს კვლავ მიაწვდიან პლასტმასის პატარა ბოთლებით სასმელებს.
„ნარჩენების 88% პლასტმასია“ - სამინისტრო
სამინისტრო გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებს გარემოზე ზრუნვას.
უწყების თანახმად, საქართველოში პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ:
- „მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს;
- მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის.
- მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს“, - წერს სამინისტრო.
რეგულაციები და რეალობა
2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი“ პლასტმასის საგნების, ერთჯერადი ჭურჭლის, კონტეინერებისა და თავსახურების რეალიზაცია.
საქართველოში პოლიეთილენის პარკების რეალიზაციაზეც არის დაწესებული შეზღუდვები: მოქმედი კანონმდებლობით, სავაჭრო ობიექტებში ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა ეს წესი სავაჭრო ობიექტების მხოლოდ ნაწილში სრულდება.
საქართველოში კვლავ არ ხდება ნაგვის სეპარირება, ანუ განცალკევება, რაც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უშლის ხელს და გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების შემთხვევაში იქნებოდა.
ფორუმი