Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ფრონტის ხაზს დაკონსერვებული ძველი ტანკებით ამარაგებს


ტანკი T-55 რეზერვებისა და კონსერვაციის 1295-ე ცენტრალურ ბაზაზე. 2011 წელი.
ტანკი T-55 რეზერვებისა და კონსერვაციის 1295-ე ცენტრალურ ბაზაზე. 2011 წელი.

მაშინ, როდესაც უკრაინელი ტანკისტები  თანამედროვე დასავლურ ტანკებს და სხვა შეიარაღებას ითვისებენ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დიდი დანაკარგის შესავსებად, იძულებული ხდება საცავებიდან გამოიტანოს დასაწყობებული ტანკები, რომლებსაც რუსეთში „ბაბუის კონსერვებს“ უწოდებენ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team (CIT)-მა ახლახან გამოაქვეყნა თავისი წყაროებით მიღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს შორეული აღმოსავლეთიდან რუსეთის დასავლეთისკენ მიმავალი, ტანკებით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები. პლატფორმებზე კი დგანან Т-54 ტიპის ტანკები, რომელთა გამოშვებაც საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წინ დაიწყეს. მანამდე ყველაზე ძველი მოდელის ტანკად, რუსეთი უკრაინაში გაჩაღებულ ომში რომ იყენებდა, 1960-იან წლებში გამოშვებული Т-62-ები ითვლებოდა.

საბჭოთა ტანკი Т-54Б. პრიმორსკის სარკინიგზო პლატფორმაზე. 2023 წლის მარტი.
საბჭოთა ტანკი Т-54Б. პრიმორსკის სარკინიგზო პლატფორმაზე. 2023 წლის მარტი.

CIT-ის მიერ მოპოვებულ ფოტოებზე გარკვევით ჩანს როგორც Т-54-ით, ისე მოგვიანებით შექმნილი Т-55-ებით დატვირთული სამხედრო ეშელონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მარტის თვის მონაცემებით, რომლის შესახებ რუსეთი კომენტარს არ აკეთებს, მოწინააღმდეგემ ერთწლიანი ინტენსიური ბრძოლების შედეგად 3405 ტანკი და 6673 ჯავშანტექნიკა დაკარგა.

ბრიტანეთის დაზვერვის ვერსია დასტურდება

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ უკრაინაში მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსეთის სარდლობა იძულებულია, გამოიყენოს საბრძოლო ტანკები T-67, რომლებიც უკვე 60 წელია იწარმოება.

T-54B. 2023 წლის მარტი.
T-54B. 2023 წლის მარტი.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ დღეებში უკრაინაში პირველად შენიშნეს ჯავშანტრანსპორტიორი BTR-50-ები, რომლებიც პირველად 1954 წელს გამოჩნდა შეიარაღებაში.

და არა მხოლოდ 1950-იანი წლების საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორები, არამედ რუსეთმა ამავე პერიოდში გამოშვებული ტანკებიც გაუყოლა ომის გზას.

როგორც CIT-ის ჯგუფმა დაადგინა, ამ და სხვა მოდელის ტანკებით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა დანიშნულების ადგილისკენ მარტის დასაწყისში გაემგზავრა პრიმორსკის ოლქის ქალაქ არსენევიდან, სადაც ტანკების შენახვისთვის (კონსერვაციისთვის) განკუთვნილი 1295-ე სარეზერვო ცენტრალური ბაზა მდებარეობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ბაზის კონსერვაციიდან იხსნება და უკრაინაში გადააქვთ დასაწყობებული ძველი ტანკები. ასე მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ეკატერინბურგში ვიდეოკამერამ დააფიქსირა Т-62М(В) ტანკებით სავსე ეშელონი, რომელიც ასევე ქალაქ არსენევში გაემგზავრა.

იმ ფაქტს, რომ არსენევში შედარებით თანამედროვე Т-80БВ და Т-72Б-ის მოდელის ტანკების გარდა, Т-62М(В)-ებიც ინახებოდა, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს გადაღებული ფოტოებიც მოწმობენ.

Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს არსენევის შემნახავი ბაზის თაობაზე ფართოდ ხელმისაწვდომი ფოტოები და დაადგინეს, რომ არა უადრეს გასული წლის 12 ივლისისა და არა უგვიანეს 2022 წლის ოქტომბრისა, ბაზა დატოვა სულ მცირე 191-მა ტანკმა (სავარაუდოდ, ძირითადად, Т-62). არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ბაზიდან უფრო მეტი ტანკი გაგზავნეს უკრაინაში საომრად, რადგან ჩვეულებრივად ანგარებში დაცული, უფრო კარგად მომზადებული საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების დაფიქსირება რთულია.

„ეს ტანკები ფრონტის ხაზზე "დაიწვება“

თუ როგორ ცარიელდებოდა 1295-ე სარეზერვო და ტექნიკის შემნახველი ბაზა ტანკებისაგან, - ნათლად ჩანს პორტალ Planet.com-ის მიერ 12 ივლისს, 19 აგვისტოსა და 2 ოქტომბერს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე.

ამ მასალის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა, სავარაუდოდ, რუსეთის ევროპულ ნაწილში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს Т-54/55 მოდელის ტანკებით დატვირთული მატარებელი.

ტანკი Т-54-ის და Т-55-ის საბრძოლო გამოყენების ერთ-ერთ პირველ შემთხვევად ითვლება 1956 წელს უნგრეთის აჯანყება. 1956 წელი
ტანკი Т-54-ის და Т-55-ის საბრძოლო გამოყენების ერთ-ერთ პირველ შემთხვევად ითვლება 1956 წელს უნგრეთის აჯანყება. 1956 წელი

ტანკი Т-54 ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა და Т-55-თან ერთად 40 ათასი ერთეული იქნა გამოშვებული. ამ მოდელის ტანკები მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის საბჭოთა ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთსა და რუმინეთს ჰქონდა შეიარაღებაში. მათი საბრძოლო გამოყენების ერთ-ერთ პირველ შემთხვევად ითვლება 1956 წელს უნგრეთის აჯანყება.

უკრაინაში მიმდინარე ომის ველზე რუსეთიდან ძველი საბჭოთა აღჭურვილობის მასობრივმა გადასროლამ პიკს მიაღწია 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა. იმ პერიოდში უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქში ეშელონებით კონსერვაციიდან ამოღებული მრავალი T-62 ტანკი და სხვა აღჭურვილობა შეიტანეს.

„სულ არარაობას, მოძველებული ტანკიც სჯობს, მაგრამ ამ მოდელების ძირითად ნაკლოვანებად ჩვენ მივიჩნევთ ბალისტიკური გამომთვლელებისა და მანძილმზომების არქონას, ცეცხლის მართვის სისტემაზე რომ არაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, მათ აქვთ პრიმიტიული სამიზნეები, ხოლო T-54-ის შეიარაღება არასრულფასოვანი სტაბილიზაციით ხასიათდება. ძნელია ჩამოთვალო ამ ტანკების გამოყენების სფეროები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გარდა დახავსებული საწყობებიდან БТР-50-ის გამოტანა და გამწევ-ჯავშანტრანსპორტიორ МТ-ЛБ-ებზე სახომალდო საზენიტო ქვემეხების დამონტაჟება, აღჭურვილობით უზრუნველყოფის მხრივ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს“, - აღნიშნავს კონფლიქტის დაზვერვის გუნდი.

და ამ ფონზე, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ინტენსიურ მომზადებას, რათა აითვისონ დასავლეთის მოდელის Leopard-2-ები, რომელთა მიწოდებაზე ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ კიევთან მიღწეული „სატანკო გარიგების“ ფარგლებში. უკრაინის სამხედროებისთვის ოთხკვირიანი მომზადების კურსები, კერძოდ, გერმანიასა და ესპანეთში ტარდება.

აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა: პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი გეგმავენ ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი.

კრემლმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას სახიფათო ესკალაცია უწოდა, - კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტანკები ფრონტის ხაზზე „დაიწვება“.

ხოლო ურალის რეგიონში განთავსებული კომპანია Fores-ი, რომელიც ენერგეტიკის ინდუსტრიის აღჭურვილობას აწარმოებს, ფულადი პრემიების მიცემის პირობით გამოდის იმ სამხედროებისთვის, რომლებიც „ხელში ჩაიგდებენ ან გაანადგურებენ“ გერმანიის წარმოებულ Leopard-2-ის ან აშშ-ის წარმოებულ Abrams-ის ტიპის ტანკებს.

უკრაინელი სამხედროები წვრთნებზე გერმანიაში, სადაც "ლეოპარდ-2"-ის მართვას და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას სწავლობენ. 2023 წლის 14 მარტი.
უკრაინელი სამხედროები წვრთნებზე გერმანიაში, სადაც "ლეოპარდ-2"-ის მართვას და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას სწავლობენ. 2023 წლის 14 მარტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG