Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში


რუსეთში ახალი რეგულაციები საქართველოშიც გაზრდის საწვავის ფასებს
რუსეთში ახალი რეგულაციები საქართველოშიც გაზრდის საწვავის ფასებს

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, აკრძალოს დეფიციტური საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოშიც გააძვირებს საწვავს.

იმპორტიორები ამბობენ, რომ კომპანიებს მარაგები აქვთ, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება და კვლავ სწრაფად დაუბრუნდებიან ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზარს.

მაგრამ რახან, - როგორც თავად ამბობენ, - ევროპიდან ბენზინის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთიდან, და, შესაძლოა, რუსეთის აკრძალვამ საერთაშორისო ბაზრებზეც გაიზარდოს საწვავის ფასები, ამ ცვლილებამ გარდაუვლად უნდა გააძვიროს საწვავი საქართვცელოში.

როგორ გაიზარდა რუსეთის წილი იმპორტში

საქართველოს ყოველთვის სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს საწვავი - ძირითადად, უკვე გადამუშავებული ნავთობი. ნედლი ნავთობი აქ თითქმის არ შემოდის, რადგან ქვეყანაში მხოლოდ ორი გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს და მათი პროდუქტის შეფარდება საერთო მოხმარებულთან მხოლოდ 2%-ია.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, სწორედ რუსეთის ფედერაციაა.

საქართველოში ამ პერიოდში ჯამში 716 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შემოიტანეს. რუსეთზე კი სრული იმპორტის ღირებულების 61% მოდის, ხოლო იმპორტის მოცულობის (ტონებში) - 67%.

მეორე ადგილზე რუმინეთია - ღირებულების 14%-ით.

რუსეთი იმპორტიორებს შორის შესამჩნევად დომინანტი 2022 წლიდან გახდა - თუკი 2021 წელს ჩრდილოელი მეზობლისგან $135 მლნ-ის ღირებულების ნავთობი შემოვიდა, 2022 წელს იმპორტი $621 მლნ-მდე გაიზარდა.

წინა წლების დინამიკა კი ასეთი იყო:

  • 2010 წლისთვის რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება, პროდუქტის საერთო იმპორტის ღირებულების მხოლოდ 3.82% იყო;
  • მომდევნო წლებში თანდათანობით გაიზარდა და 2019 წლისთვის 26%-ს მიაღწია;
  • კორონავირუსის პანდემიის დროს 16%-მდე შემცირდა,
  • უკრაინაში ომის შემდეგ, 2022 წელს კი 46%-ს მიაღწია.

ეს ცვლილება, ნავთობკომპანიების წარმომადგენლების თანახმად, რუსეთში საწვავის სიიაფემ გამოიწვია.

„თავდაპირველად რომ დავაანონსეთ, [რომ რუსეთის ბაზარზე აქტიურად გადავდიოდით] წამოვიდა კითხვები, „რატომ იღებთ რუსეთში“?.. ბიზნესი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ჩვენ საწვავს ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა.

2022 წლის გაზაფხულზე, სანამ ქართველი ბიზნესმენები რუსულ ბაზარს ამ დონეზე აითვისებდნენ, საქართველოში საწვავის ფასები 4 ლარს ასცდა. სხვადასხვა ხარისხის/ბრენდის საწვავის ფასი 3,7 ლარიდან 4,8 ლარამდე მერყეობდა. ამ პერიოდიდან გადავიდა ინდუსტრია ძირითადად რუსეთიდან იმპორტზე.

რუსეთის გადაწყვეტილება

რუსეთის ბაზარზე გადაწყობის უარყოფითმა შედეგებმა ახლა შეიძლება იჩინოს თავი.

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, ანუ საზღვარგარეთ გაყიდვა აკრძალა.

გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ 4 პარტნიორი ქვეყნისთვის - ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთისათვის. ისინი რუსეთის „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრები არიან და მოსკოვი მათ საწვავს სამთავრობოთაშორისი შეთანხმებებით აწვდის.

რუსული მედია წერს, რომ , აკრძალვა მოჰყვა ბენზინისა და დიზელის რამდენიმეთვიან დეფიციტს. . დეფიციტის მიზეზებს შორის ასახელებენ რუბლის გაუფასურებას, „საცობებს“ სარკინიგზო გადაზიდვებისას და გადამამუშავებელი ქარხნების გადაიარაღების საჭიროებას.

  • დეფიციტის გამო რუსეთში სამომხმარებლო ფასები მომატებულია;
  • ორიოდე კვირით ადრე, 6 სექტემბერს, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დმიტრი პატრუშევმა განაცხადა, რომ საწვავზე დეფიციტი საფრთხის ქვეშ აყენებდა მოსავლის აღებას, ამიტომ მთავრობას ექსპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა.
  • რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში წერია, რომ დროებითი შეზღუდვები გაჯერებაში [„გაჯერება“ ნიშნავს ბაზარზე პროდუქტის გავრცელებას] დაეხმარება საწვავის ბაზარს, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის საწვავს გააიაფებს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ბრძანება შეზღუდვას „დროებით“ აწესებს, თუმცა ისე, რომ ვადას არ აზუსტებს. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვა განუსაზღვრელი დროით იქნება ძალაში.

დასავლელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ახალი რეგულაციების მიზანი, შიდა ფასების დასტაბილურების გარდა, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მომატებაა, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დარაზმული დასავლეთი „დასაჯოს“. ზამთრის მოლოდინში საწვავზე მოთხოვნა, ჩვეულებრივ, იმატებს ხოლმე.

2023 წელს საწვავის ფასებმა საერთაშორისო ბაზრებზე ზრდა უკვე დაიწყო. ამის ძირითადი მიზეზი 2023 წლის ივნისში საუდის არაბეთის გადაწყვეტილება იყო ექსპორტის შეზღუდვის შესახებ. საუდის არაბეთმა დღიური ზედა ზღვარი დააწესა. ფასების ზრდას ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შეზღუდვა სულ მცირე წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

საბაზრო პრინციპის თანახმად, რაც უფრო ნაკლებია მიწოდება, მოთხოვნის შენარჩუნების პირობებში, ფასები იზრდება.

რა მოხდება ახლა?

„დეფიციტი არ იქნება. იმპორტის წყაროები არ არის პრობლემა. დავუბრუნდებით იმ წყაროებს, რაზეც ვიყავით“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი და ამ ქვეყნებს შორის რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქმენეთს ასახელებს.

2021 წლისთვის ბაზარი გაცილებით დივერსიფიცირებული იყო, ვიდრე ახლა. სულ რაღაც 2 წლის წინ ნავთობის იმპორტის 23% თურქმენეთზე მოდიოდა, 16-16 პროცენტი რუსეთსა და რუმინეთზე, 15% აზერბაიჯანს ეჭირა, 13% კი ბულგარეთს.

რუმინეთში „რომპეტროლს“ აქვს საკუთარი („რომპეტროლის“ მფლობელი „ყაზმუნაიგაზის“) ქარხნები, ბულგარეთში კი „ლუკოილს“. „ყაზმუნაიგაზი“ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა, „ლუკოილი“ კი რუსული. იობაშვილის თქმით, რუმინეთი-ბულგარეთიდან იმპორტი ძირითადად სწორედ ამ კომპანიებს უკავშირდება.

რუსეთის გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვის შესახებ საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასების მატებას გამოიწვევს.

ამჟამად სხვადასხვა ბრენდირებულ კომპანიაში „რეგულარის“ ფასები 2.8-3 ლარში მერყეობს, „პრემიუმისა“ - 3-3.2 ლარში, „სუპერისა“ კი 3.65-3.8 ლარის დიაპაზონში.

საწვავის ფასები 25 სექტემბრისთვის
საწვავის ფასები 25 სექტემბრისთვის

„მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ” - ამბობს იობაშვილი და „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში არ ასახელებს, კონკრეტულად რამდენით შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებამ გაზარდოს საქართველოში 1 ლიტრი საწვავის ფასი.

„ჯერ ჩვენ ისევ გვაქვს რუსული პროდუქტი ქვეყანაში. წინდაწინ რაიმე ფასის განსაზღვრა ვერ მოხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, საიდან და როგორ შემოვიტანთ. ყოველდღიურად იცვლება სანავთობო ბაზრებზე ფასები. კომპანიებს უწევთ, ერთი მხრივ, გაცვლითი კურსი აკონტროლონ, მეორე მხრივ კი - ფასები სანავთობო ბაზრებზე“, - ამბობს იგი.

თუმცა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში 21 სექტემბერს „ახლო მომავალში [ფასის] 10 თეთრამდე ზრდა“ ივარაუდა.

მედიასთან საუბარში ზრდის მოლოდინი დაადასტურა „ვისოლის“ ქსელმაც.

ვახტანგ იობაშვილს იმედი აქვს, რომ აღდგება აზერბაიჯანიდან აქტიურად მოწოდება: „ამასობაში, იმედია, აზერბაიჯანი აამუშავებს ბაქოს გადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც გადაიარაღების პროცესში არიან და აღდგება ის რეგულარული მოწოდება, რაც ადრე გვქონდა“.

„კარტელური გარიგება“

2022 წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 2023 წლის აგვისტოში 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა.

„გალფი“, „რომპეტროლი“, „ლუკოილი“, „სოკარი“ და „ვისოლი“ ჯამში 4 მილიონ ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ.

კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ კონკურენტები ერთმანეთს მაღალი ფასის შენარჩუნებაზე უთანხმდებოდნენ.

სააგენტოს თანახმად, ხუთივე კომპანიას „მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდა“, თუმცა მათი „საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე“. კონკურენციის სააგენტომ ხაზი გაუსვა, რომ ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის იყო „აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია“.

კომპანიები არ ეთანხმებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს მიმართავენ. მათი მტკიცებით, „2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით“.

ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ინდუსტრია „ყველა ღონეს ხმარობს, რომ ფასები არ წავიდეს შორს“ და „სინამდვილეში, კომპანიებს არანაირად არ აწყობთ ბენზინის გაძვირება“ და ამას ასე ასაბუთებს:

„რაც უფრო ძვირია ბენზინი, ვაჭრობა იკლებს. ადამიანები იმ რაოდენობით აღარ ყიდულობენ საწვავს. რაც უფრო მისაღებია ფასი მომხმარებლისთვის, უფრო მეტია ბრუნვა, შემოსავალი და მეტი რაოდენობით ყიდის კომპანია“.

XS
SM
MD
LG