Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2025 წლის საუკეთესო 10 ფილმი


კინემატოგრაფიული წლის დასრულებას, ალბათ, მაინც  მარტის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ, როცა ამერიკის კინოაკადემია „ოსკარით“ დააჯილდოვებს 2025 წლის საუკეთესო ფილმებს. 

ვფიქრობ, აქ გამარჯვების მეტი შანსი აქვს პოლ თომას ანდერსონს. მისი „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გასული წლის მხატვრული პორტრეტია, იმ გულგატეხილობის და, ამავე დროს, იმ ფრთხილი ოპტიმიზმის ანარეკლი, რომლითაც ცხოვრობდა თითქმის მთელი ჩვენი პლანეტა 2025 წელს. ტრადიციულად, არ უნდა დავივიწყოთ ზედმეტად ნაქები, ზედმეტად რეკლამირებული და დაფასებული ფილმები, რომელთა შორის მე დავასახელებდი იოახიმ ტრიერის „სენტიმანეტალურ ღირებულებას“, ოლივერ ლაშეს „სირატს“, დელ ტოროს „ფრანკენშტეინს“, კაუტერ ბენ ჰარიას „ჰინდ რაჯაბის ხმას“, ქლოე ჯოუს „ჰამნეტს“... უსამართლოდ დაუფასებელი კინოც არ უნდა გამოგვრჩეს, ისეთი, როგორებიცაა ლუსი ჰაძიხალილოვიჩის „ყინულის კოშკი“, მიშელ ფრანკოს „ოცნებები“, პეტრა ვოლპეს „ღამის ცვლა“ და, რაღა თქმა უნდა, ქართული კინოს მნიშვნელოვანი გამარჯვება, ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“, რომლის ადგილიც, ჩემი აზრით, კანის ან ვენეციის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო. უფრო მეტიც, გამარჯვებულებს შორის უნდა გვეხილა.

მაგრამ კინოკრიტიკა ობიექტურობის პრეტენზიით არ გამოირჩევა. გასული წლის კინოპროდუქციაში ყველას გვაქვს ჩვენი ათეული, რომელსაც ტრადიციულად წარმოგიდგენთ „ბოლოდან“ საუკეთესოსკენ.

10. "რესპუბლიკის არწივები" - რეჟისორი ტარიკ სალეჰი (შვედეთი)

შესანიშნავი პოლიტიკური ტრილერი, გარკვეული თვალსაზრისით აღმოსავლური ვარიაცია ბერნარდო ბერტოლუჩის “კონფორმისტისა” და მით უფრო, იშტვან საბოს “მეფისტოსი”, ძალიან კარგად გასაგები ქართველებისთვის. ბევრი ჩვენი თანამემამულე, განსაკუთრებით ხელოვანი ხალხი, შვედეთში გადასახლებული ეგვიპტელი რეჟისორის ამ ახალ ფილმში საკუთარ თავსაც იცნობს. პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ძალადობაზეა აგებული, რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია შეინარჩუნო მორალური სიმტკიცე. მით უმეტეს, თუკი საჯარო პირი, “ფეისი” ხარ, პოპულარული არტისტი ხარ… კომპრომისი და ხელისუფლებასთან არშიყი ამ სისტემაში სრულიად ნორმალურად ითვლება, წინააღმდეგობა კი, სიგიჟედ, თვითმკვლელობად. სალეჰის წინა ფილმები, რომლებშიც ავტორი აღმოსავლურ დესპოტიას ებრძვის, მთლიანად ორიენტალისტური დისკურსით იყო გაჟღენთილი. “რესპუბლიკის არწივებში” იგი სწორხაზოვნებისგან სრულიად თავისუფლდება. მისი თხრობის სტილი მუდმივად იცვლება - ირონიას, გროტესკს შეუმჩნევლად ჩაენაცვლება ხოლმე მელოდრამა, ფსიქოლოგიური დრამა. მთავარი როლის შემსრულებელი, შვედი მსახიობი ფარეს ფარესი იდეალურია ეგვიპტელი კინოვარსკვლავის როლში.

9. “კრემლის ჯადოქარი” - რეჟისორი ოლივიე ასაიასი (საფრანგეთი)

საახალწლო ანკეტებში ის რუსი კრიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინის რეჟიმს გაექცნენ, “კრემლის ჯადოქარს” 2025 წლის ყველაზე ცუდ ფილმებს შორის ასახელებენ. ჯულიანო და ემპოლის წიგნის ამ ეკრანიზაციაში ისინი ხედავენ სიყალბეს, ისტორიის პრიმიტიულ ინტერპრეტაციას, პუტინის რეჟიმთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს… მე მაინც ვერ ვხდები, რა შეიძლება იყოს რუსი ლიბერალების ასეთი მკვეთრად ნეგატიური რეაქციის მიზეზი. ოლივიე ასაიასი არ მალავს, რომ იღებს ფილმს, პირველ რიგში , ამერიკელი მაყურებელისთვის, ამერიკელი მსახიობებით (ინგლისურ ენაზე), ჰოლივუდის პოლიტიკური დრამების სტილში… “კრემლის ჯადოქარი” არ არის საავტორო კინო, რომელსაც პრეტენზია ექნება კინემატოგრაფიულ სიახლეზე. ესაა კლასიკური პოლიტიკური დრამა შესანიშნავი მსახიობებით. პოლ დანო ასრულებს პუტინის მთავარი მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის როლს (ფილმში მის გმირს ვადიმ ბარანოვი ჰქვია), ჯუდ ლოუ კი თავად პუტინს განასახიერებს. ორივე მსახიობი ფილმის ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციას პერსონაჟების მიმართ და ხანდახან ირონიასაც გამოხატავს იმის მიმართ, ვისაც თამაშობს. არ არის გამორიცხული, რომ რუსები გააღიზიანა „კრემლის ჯადოქრის“ ავტორების პოზიციამ. ნამდვილად არაა სასიამოვნო მათი ეს დასკვნა - რუსული საზოგადოება ვერ ეგუება ჰორიზონტალურ მართვას და დემოკრატიას. რუსული კულტურა თითქოს თავად მოითხოვს მართვის ვერტიკალურ მოდელს და დიქტატურას.


8. "დოსიე 137" - რეჟისორი დომინიკ მოლი (საფრანგეთი)

შესანიშნავად აწყობილი და გენიალურად გათამაშებული პროცესუალური დრამა, რომელიც იმ დროში გვაბრუნებს, როცა კინო იარაღი იყო უსამართლობასთან ბრძოლაში. პრემიერის შემდეგ კანში კოლეგები ამბობდნენ, ეს ფილმი, რომელიც საფრანგეთის პოლიციის თავგასულობას აჩვენებს “ყვითელ ბერეტებთან” დაპირისპირებაში, საქართველოში არ უნდა ნახონ, თორემ პროპაგანდისტული მედია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იტყვის, ხედავთ, რამდენად სასტიკია ფრანგული პოლიცია, ხედავთ, როგორ უსწორდება დემონსტრანტებსო… ჯერ ერთი, საქართველოში საპროტესტო მოძრაობა არანაირად არ ჰგავს “ყვითელი ბერეტების” გამოსვლებს და მეორეც, მთავარი - საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც “დოსიე 137”-ის მსგავს ფილმებს ეროვნული კინოცენტრი, ე,.ი. სახელმწიფო აფინანსებს, რადგანაც კინოს, როგორც ახალ მედიუმს, განიხილავს “მოდარაჯე ძაღლის” ფლაგმანად - დემოკრატიის, საერთოდ, ადამიანის დამცველად. მთავარი როლის შემსრულებელი ლეა დრუკერი, ვფიქრობ, ქალის ყველაზე საინტერესო სახეს ქმნის 2025 წლის კინოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ფილმის ფინალში, რომელიც ქართველ “სინდისის პატიმრებს” გაგახსენებთ, თავს შეიკავებთ და ცრემლებს გაუმკლავდებით.

7. “ცისფერი მთვარე“ - რეჟისორი რიჩარდ ლინკლეიტერი (აშშ)

რიჩარდ ლინკლეიტერი წლის რეკორდსმენია - ერთ წელიწადში მან ორი ფილმის გადაღება დაასრულა, „ცისფერი მთვარე“ უჩვენა ბერლინის, ხოლო „ახალი ტალღა“ კანის ფესტივალზე. ორივე ფილმი შემოქმედების შესახებაა, ორივე გვიამბობს ისტორიულ პიროვნებებზე. „ახალი ტალღა“ ჟან-ლუკ გოდარსა და მის მეგობრებზე, „ცისფერი მთვარე“ კი- ლორენც ჰარტზე, ბროდვეისა და ჰოლივუდის პოეტზე და („ახალი ტალღისგან“ განსხვავებით) იმაზე, თუ როგორ დაშორდა თავის მეგობარს, კომპოზიტორ რიჩარდ როჯერსს. ლინკლეტერს, ავტორს შესანიშნავი ფილმისა „მზის ამოსვლამდე“, არ ეშინია ე.წ. „მოლაყბე კინოსი“ – „ცისფერ მთვარეში“ მთავარია სიტყვა. თუმცა კიდევ უფრო მთავარი ისაა, რაც არ თქმულა, რასაც გრძნობს მაყურებელი სიტყვის და მზერის მიღმა. და ეს „მთავარი“ ახალგაზრდობასთან, სიყვარულთან, საერთოდ, სიცოცხლესთან გამომშვიდობების რიტუალია, სადღაც კადრს იქით დარჩენილი. ითან ჰოუკის და ენდრიუ სკოტის დუეტი აბსოლუტურად უნიკალურია. გამიხარდება, თუკი სკოტი დაჯლდოვდება „ოსკარით“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

6. “ოსტატი“ - რეჟისორი კელი რაიხარდტი (აშშ)

ჯოშ ო,კონორის ვირტუოზულად განსახიერებული როლი ნიქსონის ეპოქაში მცხოვრები ერთი უიღბლო ავანტიურისტისა, რომელიც ისტორიაში კვალის დატოვების მიზნით მუზეუმების გაქურდვის „გენიალურ გეგმას“ შეიმუშავებს. კელი რეიხარდტისთვის ჩვეული თემები (ქალები, რომლებიც მამაკაცებისგან ბევრს არაფერს ელიან, კაპიტალიზმი და პატრიარქალური ღირებულებები, შემოქმედებითი კრიზისი და ახალი იდეების დეფიციტი) წარმოდგენილია იგავ-არაკის ფორმის კომედიაში, რომელიც მთლიანობაში სოციალური პროტესტების მიმართ იმედგაცრუებას უფრო გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ „ოსტატი“ ძალიან სასაცილოა, რეიხარდტისთვის არცთუ მაინცდამაინც დამახასიათებელი „სასპენსებით“, წარმოდგენილ ათეულში ამერიკელი დამოუკიდებელი კინოს ეს შესანიშნავი ნიმუში ყველაზე სევდიანი ფილმიცაა, ცოტა არ იყოს, ჩაპლინის რეინკარნაცია ფემინისტურ კინოში.


5. „სამუშაოდ“ - რეჟისორი ვალერი დონზელი (საფრანგეთი)

დონზელის მცირებიუჯეტიანი ფილმი ჯერ მხოლოდ ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს (სადაც აღინიშნა პრიზით საუკეთესო სცენარისთვის), ამიტომ შესაძლებელია, „სამუშაოდ“ არც ითვლებოდეს 2025 წლის ფილმად, თუმცა პრემიერამდე ნამდვილად არ მოძველდება - ასეთი კინო იმიტომ არ ძველდება, რომ გამომწვევად ძველმოდურია. „სამუშაოდ“ არის თანამედროვე ვარიაცია რობერ ბრესონის „ჯიბის ქურდისა“, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში აღიქმებოდა სწორედ ასე - გამომწვევად ძველმოდურად.

ესაა ძალიან ლაკონური, გამჭვირვალე, სასაცილო და სევდიანი ისტორია წარუმატებლობით დაღლილ შუახნის პარიზელზე, პოლზე, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით აბსოლუტურად არაფერში არ უმართლებს, თუმცა მაინც ჯიუტად არ ნებდება უიღბლობას. დონზელიმ კარგად იცის, რა შეიძლება განიცადოს მაყურებლის უმრავლესობამ მისი ფილმის აღქმის პროცესში. ჩვენ თითქმის ფიზიკურად, „კანის დონზე“ შევიგრძნობთ პოლის წვალებას, მის ტკივილებს და განცდას. ვგულშემატკივრობთ მას, სანამ ეკრანზე სასწაული არ მოხდება. თუკი ლეა დრუკერი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელია 2025 წლის კინოში, კაცებში, ჩემი აზრით, საუკეთესოს წოდება პოლის როლის შემსრულებელს, ბასტიენ ბუიონს ეკუთვნის.

4. “ქალი და ბავშვი“ - რეჟისორი საიდ რუსთაი (ირანი)

ამ ახალგაზრდა ირანელ რეჟისორს აშკარად უმართლებს სამშობლოში, სადაც თითქმის უპრობლემოდ ახერხებს მუშაობას, მაგრამ, ახლა უკვე მეორედ, დაუფასებელი რჩება კანის ფესტივალზე. საიდ რუსთაის წინა ფილმი „ლეილას ძმები“ პრიზის გარეშე დარჩა კანის კონკურსში (თუმცა აღინიშნა ფიპრესის პრიზით), წელს კი ჟულიეტ ბინოშის ჟიურიმ არ შეიმჩნია მისი „ქალი და ბავშვი“, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილმი კანის საერთაშორისო ფესტივალის კონკურსში. ბევრი სხვა ირანელი რეჟისორისგან განსხვავებით, რომლებიც თითქოს მხოლოდ დასავლეთის აუდიტორიისთვის მუშაობენ და „იგავის ენით“ ცდილობენ დახატონ თანამედროვე ირანული საზოგადოების პორტრეტი, საიდ რუსთაი კინოს იღებს უფრო მეტად ირანელი მაყურებლისთვის, მიმართავს რა სპარსული სერიალის სტილს და „საპნის ოპერის“ ესთეტიკას. მაგრამ მელოდრამატული სქემა მის გრძელ, სამსაათიან ფილმებში მალევე გადაიზრდება თანამედროვე ტრაგედიაში, რომელიც შეიძლება მოხდეს ირანშიც და საფრანგეთშიც, საქართველოშიც და ამერიკაშიც... ხდებოდა, ხდება და სულ მოხდება, ალბათ. „ქალი და ბავშვის“ სიუჟეტი კინოს მოყვარულებს აუცილებლად გაახსენებს რობერტო როსელინის ფილმს „ევროპა 51“, რომელიც, სხვათა შორის, მიუხედავად სათაურში გამოტანილი კონკრეტული თარიღისა, ასევე მარადიულ პრობლემას ეძღვნება.


3. „ორი პროკურორი“ - რეჟისორი სერგეი ლოზნიცა (გერმანია, უკრაინა)

ესაა პოსტსაბჭოთა ცივილიზაციის მხატვრულ სახეებში აღბეჭდილი ტრავმა, რომელიც, ალბათ, კიდევ რამდენიმე თაობას შეუქმნის დაბრკოლებებს თავისუფლების გზაზე, მაშინაც კი, თუ სტალინიზმის მეტასტაზები მთლიანად მოიკვეთება. ტრაგიკული გარდაუვალობა, რომელიც ლოზნიცას კამერულ შედევრში ნელ-ნელა მიემართება პროგნოზირებადი დასასრულისკენ, შეიძლება ითქვას, „ახლო ხედით“ დაგვანახებს ამ ტრავმას. დღეს უკვე შეგვაჩვიეს ვიშინსკის ფორმულას, რომლის თანახმად ბრალდებულმა თავად უნდა დაამტკიცოს თავისივე უდანაშაულობა, დღეს უკვე ვცხოვრობთ იმ კაფკიანურ რეალობაში, რომელსაც ქმნიან ლოზნიცა და მისი ოპერატორი ოლეგ მუტუ, ასევე - შესანიშნავი მსახიობები, ალექსანდრ კუზნეცოვი და ალექსანდრ ფილიპენკო. შეიძლება ამიტომაც ტოვებს „ორი პროკურორი“ დოკუმენტური კინოს შთაბეჭდილებას. ეს ფილმი თავისებური მკვლელი სილამაზეა, მკვლელი რეალობაა, რომელსაც ლოზნიცა ძალიან ახლოდან, ძალიან ნატურალისტურად იმიტომ გვიჩვენებს, რომ აღარ გავყვეთ ფილმის მთავარი გმირის, იდეალისტი პროკურორის გზას და ახლა მაინც განვთავისუფლდეთ ილუზიებისგან. იდეალიზმი, მოგეხსენებათ, ტოტალიტარიზმთან „ვერ ამხანაგობს“.


2. „უბრალო შემთხვევა“ - რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი (ირანი, საფრანგეთი)

ფანაჰის ამ შედევრის შესახებ უკვე ძალიან ბევრი დაიწერა. წარმატებით უჩვენეს „ოქროს პალმით“ აღნიშნული (სრულიად დამსახურებულად!) ეს ფილმი თბილისის კინოფესტივალზე და დიდი იმედი მაქვს, რომ „ოსკარის“ ნომინანტი უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც გაიმარჯვებს („უბრალო შემთხვევა“ ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე საფრანგეთმა წარადგინა). ფანაჰი ურთულეს ამოცანას შეეჭიდა - მან ყველაზე საზარელი, ყველაზე სასტიკი ჩვენ თვალწინ გადააქცია ანეგდოტად (და არა პირიქით, რასაც ბევრი დიდი ოსტატი აკეთებს). კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსებისთვის გამართული სეანსის დასრულების შემდეგ, დარბაზში ვიღაცამ დაიყვირა: „ღმერთო, შენ დაიფარე ჯაფარ ფანაჰი!“... იშვიათია, კინოკრიტიკოსი თუ უბრალო მაყურებელი ფილმის ავტორს ლოცავდეს სიკეთის მარგალიტისთვის, რომელიც, ალბათ, კიდევ დიდხანს გაანათებს... კარგ კინოზე რომ ამბობენ, ბედნიერებაა ამის ნახვაო, დღეს ამას ჯაფარ ფანაჰის „უბრალო შემთხვევაზე“ ვიტყოდი აუცილებლად.


„მამა, დედა, და-ძმა“ - რეჟისორი ჯიმ ჯარმუში (აშშ)

მინიმალიზმის შედევრი, რომელშიც წყლის თუ ჩაის სმის რიტუალიც კი უმაღლეს პოეზიად გარდაიქმნება. ყოველდღიურ, მოსაწყენ ყოფას, იმას, რასაც უბრალოდ „სიცოცხლე“ ჰქვია, ჯარმუშის კამერა საკრალურ იერს ანიჭებს... შესაბამისად, ადამიანებსაც. რასაც არ უნდა ამბობდნენ, როგორც არ უნდა ტყუოდნენ, ფარისევლობდნენ, ჯარმუშის თვალით დანახული ადამიანი სულ სხვანაირი ხდება. სევდა? კი, რა თქმა უნდა, არის სევდა. უფრო მეტიც, შეიძლება აგეტიროს ფილმის ყურების დროს (განსაკუთრებით მესამე ნოველის მსვლელობისას), რადგანაც ფინალურ ტიტრებამდე გრძნობ კონტრასტს ჯარმუშის თვალით დანახულ სამყაროსა და რეალურ სამყაროს შორის, რომელშიც შენ იმყოფები. ესაა ჯიმ ჯარმუშის ეფექტი. სხვები ამას ვერ აღწევენ (შეიძლება, აკი კაურისმიაკის და ჩან დონ ლის გარდა). ეს რომ შეძლო, ორი რამ აუცილებლად უნდა გიყვარდეს - სიცოცხლე და კინოხელოვნება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG