Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ PACE-ში საქართველოზე დაგეგმილ დებატებამდე

24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პლენარულ სხდომაზე დაგეგმილ დებატებს - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობა საქართველოში“, - მოჰყვება კენჭისყრა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეფუძნება.

ამ სტატიაში გიყვებით, რას ითხოვს რეზოლუცია, რატომ არ ითხოვს ევროსაბჭო საქართველოსგან განმარტებას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და რას პასუხობს "ქართული ოცნება", რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა 2025 წლიდან PACE-ს კრიტიკული რეზოლუციისა და ქართული დელეგაციის მანდატის შეზღუდვის გადაწყვეტილების გამო თავად შეაჩერა.

დაგეგმილი დებატების წინასწარ დაგმობა

„პოლიტიკური აბსურდი“, „მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე“, „საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები“, - ასეთი განცხადებებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ დაგმეს 24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დაგეგმილი დებატები და კენჭისყრა. საქმე ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ყოველ წელს ფასდება. ბოლო შეფასებების მიხედვით საქართველო უწყვეტ უკუსვლას აჩვენებს.

დებატები და რეზოლუცია - რა იგეგმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?

24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გაიმართება დებატები - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობა საქართველოში“, - რასაც მოჰყვება კენჭისყრა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ეფუძნება საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს. თანამომხსენებლები არიან პორტუგალიელი სოციალისტი ედიტე ეშტრელა და ბოსნიელი ლიბერალ-დემოკრატი საბინა ჩუდიჩი. რეზოლუციის პროექტს 2026 წლის 18 მაისს ერთხმად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა, როცა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წევრობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება მორიგჯერ შეაფასა.

რა ჩაწერეს ევროსაბჭოს მომხსენებლებმა ანგარიშში?

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაასკვნეს, რომ საქართველოს ურთიერთობები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, განსაკუთრებით ევროპული ორგანიზაციებისა და მათი წევრი სახელმწიფოების მიმართ, "სულ უფრო იზოლაციონისტური და ანტაგონისტური ხდება".

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთან. 2025 წლის 11 ნოემბერი. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთან. 2025 წლის 11 ნოემბერი. თბილისი, საქართველოს პარლამენტი

ანგარიშის განმარტებით ნაწილში მომხსენებლებმა აღწერეს თბილისში გამართული შეხვედრების, მათ შორის პარლამენტში გამართული შეხვედრების შინაარსიც და ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეს ყურადღება:

„ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თხოვნის თანახმად, ვიზიტის დროს პირდაპირ ვკითხეთ პარლამენტის სპიკერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებს, სურდათ თუ არა ევროსაბჭოსთან, კერძოდ, „ვენეციის კომისიასთან“ თანამშრომლობა იმ შეშფოთების პასუხად, რაც გამოწვეულია პრობლემური კანონმდებლობით - მათ შორის, გამჭვირვალობაზე კანონითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ყველა შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი - აცხადებდნენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცვლილებებს განახორციელებს მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შემთხვევაში (თუკი მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად არ იქნება მიჩნეული). ღრმა სინანულს გამოვხატავთ დიალოგში ჩართვისა და თანამშრომლობის სურვილის არქონის გამო, რასაც საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობა არსებითად დაჰყავს ევროსასამართლოში მიმდინარე პროცესებამდე. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ეს არის უფრო მასშტაბური მიდგომის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და რომელიც სულ უფრო იზოლაციონისტური და ანტაგონისტური ხდება, განსაკუთრებით - ევროპული ორგანიზაციებისა და მათი წევრი სახელმწიფოების მიმართ“.

რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში?

"კრიზისი მხოლოდ ღრმავდება"

  • საპარლამენტო ასამბლეა სრულად იმეორებს საქართველოს შესახებ 2025 წლის რეზოლუციებში გამოთქმულ „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის ნგრევის, აგრეთვე ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ“.
  • გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ დემოკრატიული უკუსვლა არ შენელებულა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონეთა დევნა. „ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის ნგრევის გაგრძელება და ასამბლეის რეკომენდაციების უპასუხოდ დატოვება აჩენს სერიოზულ ეჭვებს ხელისუფლების ნების მიმართ - საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე“.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან, აგრეთვე ქვეყნის სხვა პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის, რომელიც უნდა დაეფუძნოს გაგებას, რომ ევროსაბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელიც უფლებებსა და ვალდებულებებს გულისხმობს - „ამ ვალდებულებათა იმპერატიული საჭიროება არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ან იქცეს განხილვის საგნად“.


"ერთპარტიული დიქტატურა შეუსაბამოა ევროსაბჭოს წევრობასთან"

  • „მიუღებელია საქართველოს პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებითა და შეთითხნილი ბრალდებებით“ - ასამბლეა იმეორებს, რომ ამ კურსის გაგრძელება „ეფექტურად დაამყარებს ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუსაბამოა ევროსაბჭოს წევრობასთან“ და ის „საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე და დაასრულოს მისი ლიდერების გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“.


"პოლიტპატიმრები და დემოკრატიული არჩევნების შეუძლებლობა"

  • ასამბლეის შეფასებით, „საქართველოში არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“, რაც გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის „უმოწყალოდ დევნით“ და პოლიტიკური პოლარიზაციით. ის კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას, „დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ქვეყანაში ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს აღსადგენად“.
  • „ახლავე დასრულდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამოყენებით“ - ასამბლეას მიაჩნია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას არ შეიძლება ჰქონდეს რამე სხვა მიზანი, განსხვავებული აზრის ჩახშობის გარდა. ამ კონტექსტში მკაცრად გმობს ოპოზიციის ლიდერებისა (მათ შორის, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ) და სხვების მიმართ განსაზღვრულ „პოლიტიკურად მოტივირებულ და არაპროპორციულ სასჯელებს“.

"პოლიტიკური პატიმრის" განსაზღვრება

  • ასამბლეა ხელისუფლებას შეახსენებს „პოლიტიკური პატიმრის განსაზღვრების“ შესახებ 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერა: „პირი, რომელსაც შეეზღუდა პირადი თავისუფლება, უნდა იყოს მიჩნეული „პოლიტიკურ პატიმრად“, თუ: ა) მას მიესაჯა პატიმრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევით, კერძოდ - აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; ბ) პატიმრობა მიესაჯა მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლებით, სხვა დანაშაულებთან რაიმე კავშირის გარეშე; გ) თუ პოლიტიკური მოტივები, პატიმრობის ხანგრძლივობა ან მისი პირობები ცალსახად სცდება პირის მიმართ გამოტანილ მსჯავრსა თუ წაყენებულ ბრალდებას; დ) თუ პოლიტიკური მოტივების გამო, მისი პატიმრობის პირობები არის სხვა პირებისგან განსხვავებული, დისკრიმინაციული; ე) თუ პატიმრობა არის იმ პროცედურების შედეგი, რომლებიც ცალსახად უსამართლო იყო და ვლინდება მისი კავშირი ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან“.


"გაიწვიეთ რეპრესიული კანონები"

  • ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაიწვიოს ბოლო ხანს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა.
  • ასამბლეა იმეორებს, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აუცილებელია დემოკრატიისთვის და გმობს სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო სივრცის სულ უფრო დავიწროებას, რაც „საფრთხეს უქმნის მის არსებობას“.
  • „ეს ტენდენცია უნდა შეტრიალდეს“ - ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში, რომელშიც ასევე დაგმობილია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ზეწოლა, მათ შორის „წინააღმდეგობრივი კანონების ბოროტად გამოყენებით“.
  • „პირველ რიგში, გაწვეული უნდა იქნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (GEOFARA), ბოლო დროს „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებთან ერთად“.
  • ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოში აკადემიურ თავისუფლებაზე განათლების რეფორმის ზეგავლენის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი ნებისმიერი საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის სამართავად“ - ქონებისა, რომელიც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ რეფორმის შედეგად, შესაძლოა ზედმეტი აღმოჩნდეს.


"გამოიძიეთ პოლიციელთა სისასტიკე და ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი"

  • ასამბლეას მიაჩნია, რომ არ ჩატარებულა სანდო გამოძიება „დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, არც დემონსტრანტების დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე“. ასამბლეა იზიარებს „წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ბოლო ანგარიშში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებას“.
  • ასამბლეა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს თბილისში საპროტესტო აქციების დაშლისას აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე ცნობების გამო და მიაჩნია, რომ ამ საკითხზე „დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება“.
  • ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად აღასრულოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქმეებზე - „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, აგრეთვე სხვა 77 საქმეზე მიღებული და დღემდე შეუსრულებელი გადაწყვეტილებები.

შეასრულეთ „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

  • ასამბლეა სრულად იზიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიგნებებსა და დასკვნებს, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ასამბლეის მიერ უკვე მიღებულ ამ რეზოლუციასთან და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს თბილისს.


ევროკონვენციის 33-ე და 52-ე მუხლები

  • ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროსაბჭოს შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა არსებული ინსტრუმენტი, მათ შორის, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით განსაზღვრული საშუალებები, რომელთა თანახმადაც, „ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოთხოვნით, ნებისმიერი უმაღლესი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია წარმოადგინოს განმარტება იმის თაობაზე, რამდენად უზრუნველყოფს მისი შიდა კანონმდებლობა კონვენციის მუხლების შესრულებას“.
  • ასამბლეა აგრეთვე მოუწოდებს ევროსაბჭოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, იფიქროს ევროსასამართლოსთვის სახელმწიფოთაშორისი სარჩელით მიმართვაზე, რაც გათვალისწინებულია ევროკონვენციის 33-ე მუხლით. მასში წერია: „ნებისმიერ უმაღლეს ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციის მუხლებისა და ოქმების სავარაუდო დარღვევის გამო“.


რატომ არ იყენებს ევროსაბჭოს გენმდივანი ევროკონვენციის 52-ე მუხლს?

ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 23 ივნისს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ALDE) წევრმა ჰკითხა, რატომ არ იყენებს ის ევროკონვენციის 52-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას და არ ითხოვს საქართველოსგან განმარტებას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

"უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ასამბლეის მუშაობას საქართველოს საკითხზე ძალიან სერიოზულად ვუდგები, წინა რეზოლუციებისა და მიმდინარე კვირაში განსახილველი ანგარიშის ჩათვლით. ჩვენ კვლავ იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ: ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ის ცალსახად მოსაგვარებელია. სრულიად მიუღებელია: სამოქალაქო სივრცის დავიწროება, ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლა, პატიმრობები, შემზღუდავი კანონები, რომელთა ნაწილიც ახსენეთ და ანგარიშვალდებულების არარსებობა პოლიციის სისასტიკეზე არსებულ ინფორმაციაზე.

აგრეთვე მსურს გაცნობოთ, რომ გუშინ შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათი შეშფოთება ადასტურებს ვითარების სიმძიმეს.

თქვენ ახსენეთ 52-ე მუხლი და ჩემთვის ცნობილია მოწოდება გამოყენებაზე, რომელიც არის გენერალური მდივნის ხელთ არსებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი. თუმცა ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვა, არის, რა მოიტანს ყველაზე დიდ შედეგს? – ეს არ არის სინდისის დამშვიდების საკითხი, ჩემთვის ადვილი იქნებოდა გამომეყენებინა რაღაც ინსტრუმენტები და არ მეფიქრა შესაძლო შედეგებზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ბალანსის უზრუნველყოფაზე. მიზანი უნდა იყოს გარკვეული ძვრის მიღწევა და არა იმის თქმა, რომ სწორად მოვიქეცით. უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯი, სწორი შედეგების მისაღებად. ამას ვაფასებთ ახლა.

როგორც ვხედავთ, საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ ვითარება არ გააუმჯობესა. საქმე ის არის, როგორ ვიმოქმედოთ, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს. ვიცით, რომ იზოლაცია არ არის გამოსავალი.

ნება მომეცით, ასე დავასრულო: კვლავაც ყველა დონეზე ჩართული ვარ და გთხოვთ გაიგოთ, რომ ჩემთვის დიალოგი არ არის თვითმიზანი. არამედ საქმე ისაა: როდის, როგორ და რა შედეგს მივაღწევთ ამ დიალოგით და არა მხოლოდ - როდის და როგორ. შედეგი არის მნიშვნელოვანი ელემენტი. დიალოგმა უნდა მიგვიყვანოს მნიშვნელოვან პროგრესამდე. ეს ერთადერთი გზაა პროგრესის მისაღწევად. ეს უნდა იყოს მიზანი და ვფიქრობ, ძალიან გასაგებად განვუცხადე პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ერევანში 4 მაისს. აგრეთვე ჩემს სამდივნოს ვთხოვე, იმუშაონ წინსვლის კონკრეტულ გზებზე, ვითარების შესაბამისად“.


მეორე წელი საპარლამენტო ასამბლეის მიღმა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას თითქმის წელიწად-ნახევრის წინ შეეზღუდა უფლებამოსილება, რის საფუძვლადაც იქცა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები. 2025 წლის იანვრის რეზოლუციაში ჩაიწერა:

„საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც წარმოშვა სერიოზული ეჭვები ამ არჩევნების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაზე. ასამბლეა გმობს ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და მოუწოდებს სასწრაფო რეფორმებისკენ პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის ფონზე, ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, ყველა მხარესთან ჩართულობით საარჩევნო ხარვეზების მოსაგვარებლად, ევროინტეგრაციის პროცესის განსაახლებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად. მიმდინარე დარღვევების პასუხად, ასამბლეა საქართველოს დელეგაციის წევრებს უჩერებს გარკვეულ უფლებებს და 2025 წლის აპრილში, იმ დროისთვის მიღწეული პროგრესის მიხედვით, ხელახლა შეაფასებს ვითარებას“.

ამ რეზოლუციის პასუხად საქართველოს დელეგაციამ სრულად შეაჩერა საპარლამენტო ასამბლეაში საქმიანობა.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG