დონორების რძით მხოლოდ დღენაკლულ ახალშობილებს გამოკვებავენ. ჩვილებს სტაციონაში რძეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიუტანენ.
„ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ვიყო დონორი“
სამი შვილის დედა, 34 წლის ხათუნა ფაღავა, დედის რძის ბანკის პირველი დონორია. მესამე შვილი 5 ივნისს გააჩინა. სამშობიაროდან გაწერის დღეს გაიგო, რომ შეეძლო დონორი გამხდარიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი რძე მქონდა, პირველი ბავშვის გაზრდა მაინც ფორმულით [ე.წ. ხელოვნური კვება] მომიწია. ახალბედა დედა ვიყავი, ბავშვს ძუძუს მოჭიდების პრობლემა ჰქონდა, რაღაცები ვერ გავითვალისწინე... მახსოვს, მაშინ ძალიან ვინერვიულე. მეორე ბავშვს რომ ველოდებოდი, მოვემზადე, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წყალობით, რძის ძალიან დიდ მარაგს ვაგროვებდი. რძე იმდენად ბევრი იყო, რომ მიწევდა მისი გადაღვრა.
როდესაც უკვე მესამე ბავშვი შემეძინა, განვიცდიდი, რომ ჰიპერლაქტაციის გამო ისევ მომიწევდა რძის გადასხმა. თუმცა, სამშობიაროდან გამოწერის დღეს, კლინიკაში შევიტყვე, რომ იხსნებოდა დედის რძის ბანკი და შემეძლო ვყოფილიყავი დონორი. ძალიან გამიხარდა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა ფაღავა.
კვლევების შემდეგ, მისი რძე დონორობისთვის ვარგისად მიიჩნიეს:
„გამიკეთეს ანალიზები, მათ შორის სხვადასხვა ვირუსზე. ჩატარდა რძის ბაქტერიოლოგიური კვლევა და საბოლოოდ, ექიმებმა დამიდასტურეს, რომ შემეძლო ვყოფილიყავი დონორი“.
ექიმებმა ხათუნას ასწავლეს, როგორ შეეგროვებინა რძე უსაფრთხოების წესების დაცვით და ახლა ბანკში პაციენტებისათვის გასაცემი მისი შეგროვებული 5 ლიტრი რძეა შენახული:
„რძეს ვაგროვებ შესაბამისი წესებით - სტერილურად, მაქსიმალურად უნდა გამოიტუნბოს ჰაერი იმ პაკეტებიდან, რომლებიც რძის შესანახადაა განკუთვნილი და რძე ამის მერე უნდა ჩავასხათ. შემდეგ პაკეტებს ვინახავ საყინულეში, საკვებისგან იზოლირებულად. მე მაგალითად, თავდახურულ კონტეინერში ვათავსებ პაკეტებს და ისე ვინახავ. 3-4 დღეში დაახლოებით 15 პაკეტი მიგროვდება. შემდეგ ვუკავშირდები ბანკს, საიდანაც მოდის ბანკის წარმომადგენელი და თერმო-ბოქსით მიაქვს “, - გვიხსნის ხათუნა ფაღავა.
ეს არ არის ანაზღაურებადი საქმე. ხათუნა ამაში ფულს არ იღებს. დედის რძის ბანკის იდეა სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული:
„პირადად ჩემთვის, რასაც ვაკეთებ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს...ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ. აუცილებლად ვურჩევდი სხვებსაც“.
პირველი ამიერკავკასიაში
საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში, დედის რძის პირველი ბანკი ოფიციალურად 10 ივლისს გაიხსნა.
ამ იდეაზე მუშაობა იაშვილის სახელობის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო სოლომონიამ და იაშვილის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა კანდელაკმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს, მაშინ პროცესი პანდემიამ შეაფერხა.
„დაგვჭირდა ძალიან ბევრი ცოდნის დაგროვება, ურთიერთობა ექსპერტებთან, გაწევრიანება ევროპის რძის ბანკის ასოციაციაში და ეტაპობრივად მოხდა ის, რომ საქართველოში და კერძოდ, აჭარის რეგიონში, შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი წამოწყების რეალიზება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ დარჩება მხოლოდ ერთ რეგიონში. ამ ზომის და ამ შობადობის ქვეყანას არ სჭირდება ბანკი ყველა ფეხის ნაბიჯზე. ეს არ არის ისე, რომ ადამიანი შემოვიდა ქუჩიდან, მოითხოვა რძე და გაიტანა. ეს არის ძალიან მკაცრად, ექიმის დანიშნულებითა და ჩვენებით გაცემული, უძვირფასესი პროდუქტი, რომელიც ხარისხის კონტროლის ურთულეს ჯაჭვს გადის იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მივიდეს ახალშობილამდე. ასეთი ბანკი აუცილებლად გაიხსნება თბილისშიც, აღმოსავლეთ საქართველოსთვის. და ეს სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო სოლომინია.
დედის რძის ბანკები მსოფლიოში ათწლეულებია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველი ასეთი ბანკი ავსტრიაში, ვენაში, 1909 წელს გაიხსნა.
დღეს უკვე მსოფლიოში 700-ზე მეტი დედის რძის ბანკი 60-ზე მეტ ქვეყანაშია და რაოდენობა იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), UNICEF-ისა და სხვა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, როდესაც დედა ახალშობილს საკუთარი რძით ვერ კვებავს, პირველ არჩევანს არა ხელოვნური ნარევი, არამედ სპეციალურად დამუშავებული და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით შენახული დონორის დედის რძე წარმოადგენს.
დედის რძის ბანკის ყველაზე ფართო ქსელი ბრაზილიას აქვს. ქვეყანაში 230-ზე მეტი დედის რძის ბანკი და ასობით რძის შეგროვების პუნქტი მუშაობს. სწორედ ბრაზილიის მოდელს ასახელებენ WHO და UNICEF ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად, რადგან მან მნიშვნელოვნად შეამცირა დღენაკლულ ახალშობილებში სიკვდილიანობა და მძიმე გართულებების რიცხვი.
ქვეყნების უმეტესობაში დედის რძის დონაცია სრულად უანგაროა. ევროპაში, კანადაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში ქალები რძეს უსასყიდლოდ აბარებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ მხოლოდ ტრანსპორტირების ან რძის შეგროვებისთვის საჭირო მასალების ხარჯი უნაზღაურდებათ.
ანაზღაურების პრაქტიკა ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ რამდენიმე კერძო კომპანიას აქვს, რასაც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში დისკუსიის საგნადაა ქცეული, რადგან სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რძის კომერციალიზაციამ შესაძლოა ქალების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობის რისკი შექმნას.
ვისთვისაა დედის რძის ბანკები?
პირველ რიგში, იმ ჩვილებისთვისაა, რომელთაც ყველაზე მაღალი სამედიცინო რისკი აქვთ. მათ შორის, უკიდურესად დღენაკლული და ძალიან დაბალი წონის ახალშობილები, თანდაყოლილი გულის მანკის ან კუჭ-ნაწლავის მძიმე პათოლოგიების მქონე ბავშვები, ახალშობილები, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს, ასევე სეფსისისა და სხვა მძიმე ინფექციების განვითარების მაღალი რისკის მქონე ჩვილები.
როგორც ქართველი სპეციალისტები და დედის რძის ბანკის იდეის ავტორები უხსნიან რადიო თავისუფლებას, ნეონატოლოგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დონორის რძეს ნეკროზული ენტეროკოლიტის (Necrotizing Enterocolitis – NEC) პრევენციისთვის. ეს დღენაკლულ ახალშობილებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. კვლევები აჩვენებს, რომ დონორის დედის რძე ხელოვნურ ნარევთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს.
„დღენაკლულობა ახალშობილთა სიკვდილობაში ერთ-ერთი პირველი წამყვანი მიზეზია, შესაბამისად, ყველა ის ფაქტორი, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ მაჩვენებლის შემცირებას, დღენაკლულ ახალშობილთა ავადობის შემცირებას, მათი სიკვდილობის შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპირატესი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო სოლომონია.
დედის ბანკიდან რძე ახალშობილთან ხვდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით:
„ეს ექიმები არიან ის ნეონატოლოგები, რომლებიც მუშაობენ ახალშობილთან და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტებში. მათი დანიშნულებით მოდის მომართვა დედის რძის ბანკში, თვითონ კლინიკა ან დეპარტამენტი, სადაც სჭირდებათ რძე, იმ რაოდენობის რძეს უკვეთავს, რაც მათ სჭირდებათ. ამის შემდეგ რძის ბანკი გასცემს რძეს ყველანაირი შეფასების დოკუმენტებით. რძე ისევ და ისევ ცივი ჯაჭვის დაცვის პრინციპით მიაქვს რძის ბანკს და შემდეგ უკვე თვითონ ექიმები წყვეტენ, რა რაოდენობის რძეს გამოალღობენ. დედის რძის ბანკიდან გაცემულ რძეს წამალთან გათანაბრებული დანიშნულება აქვს, ის მიეწოდება სტაციონარში მყოფ ბავშვს და მისი მოხმარება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის ჩათვლით“, - ამბობს ნინო სოლომონია.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ჩვილთა (1 წლამდე ასაკის) სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7.4 შემთხვევა იყო 1 000 ცოცხლად დაბადებულზე. ამასთან, გაეროს შეფასებით, ნეონატალური სიკვდილიანობა, ანუ სიცოცხლის პირველ 28 დღეში გარდაცვალება, საქართველოში დაახლოებით 4-5 შემთხვევას შეადგენს 1 000 ცოცხლად დაბადებულზე.
რა გზას გადის დონორის რძე, სანამ ახალშობილამდე მივა?
დედის რძის ბანკებში დონორების რძე მკაცრი უსაფრთხოების პროცედურების გავლით ხვდება.
დონორები გადიან სამედიცინო სკრინინგს, რძე მოწმდება, პასტერიზდება, ინახება სპეციალურ პირობებში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა სამედიცინო დაწესებულებებს.
სწორედ ამიტომ, ექიმები, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ დედის რძის ბანკის მეშვეობით გაცემული რძე სრულიად განსხვავდება არაფორმალური, უკონტროლო გზით რძის გაზიარების პრაქტიკისგან.
ეკა კანდელაკი, დედის რძის ბანკის შექმნის იდეის კიდევ ერთი ავტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბანკი რძის დამუშავების პროცესში იცავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს და იყენებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკას:
„ეს არის სერიოზული, მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც მოითხოვს ხარისხის კონტროლის ძალიან მაღალ სტანდარტს, რაკიღა ქალის რძე დღეს გათანაბრებულია ორგანული წარმოშობის ბიოლოგიურ ნივთიერებასთან. აქედან გამომდინარე კი ხარისხის ზედამხედველობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველოში გახსნილი დედის რძის ბანკი ზედმიწევნით მიჰყვება რძის შეგროვებისა და დამუშავების საერთაშორისო სტანდარტს“.
მისი თქმით, საქართველოში რძეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, ბრიტანული SteriFeed-ის პასტერიზატორით ასტერილებენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უმაღლესი ხარისხის აპარატურასთან გვქონოდა საქმე. „ვიანის“ (საქართველოში მოქმედი კერძო სამედიცინო ქსელი, რომელიც რამდენიმე მრავალპროფილურ კლინიკასა და სამშობიაროს აერთიანებს - რ.თ.) ქსელმა ამ კუთხით დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და შეიძინა ეს აპარატურა. ყველა ევროპული რძის ბანკი სწორედ ამ პასტერიზატორს იყენებს.
ამასთანავე, ბანკი აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის მაცივრებითა და საყინულეებით, სპეციალური ჭურჭლით, ლამინირებული მაგიდებით, სადაც სპეციალური წესის დაცვით ხდება რძის ნიმუშების შერევა და დამუშავება“, - ამბობს ეკა კანდელაკი.
SteriFeed მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად მიიჩნევა ადამიანის დონორული რძის პასტერიზაციის მოწყობილობების სფეროში. კომპანიის ინფორმაციით, მისი აპარატურა 1994 წლიდან გამოიყენება და დღეს 60-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი პასტერიზატორია დამონტაჟებული, რომლებიც საავადმყოფოებსა და დედის რძის ბანკებს ემსახურება.
ნინო გორგილაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შექმნილი დედის რძის ბანკის პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, რადიო თავისუფლებას დეტალურად უხსნის, თუ რა გზასა და პროცედურას გადის დონორის რძე იმისათვის, რომ ახალშობილამდე სრულიად უსაფრთხო მივიდეს:
„არსებობს ორი ვარიანტია - ერთი, როდესაც ქალი რძეს აგროვებს სახლში, დამოუკიდებლად. რასაკვირველია, მას მანამდე უხსნიან და ასწავლიან ამ პროცედურას და მეორე - მას შეუძლია მოვიდეს ბანკში და იქ გაიაროს ეს პროცესი.
ქალი რძეს ინახავს სუფთა ჭურჭელში, მინუს 20 გრადუსზე. როდესაც დაგროვდება რამდენიმე დღის რძე და როგორც წესი, ეს არის ლიტრზე მეტი, შემდეგ უკვე რძის ბანკის წარმომადგენლის მიერ ხდება ცივი ჯაჭვის დაცვით რძის გადატანა ბანკში“.
ამის შემდეგ იწყება უკვე თავად რძის კვლევა:
„ბანკში ხდება რძის ბაქტერიოლოგიური შესწავლა. ერთი დონორის რძე ერევა ერთმანეთში, რასაც "ფულინგს" ვუწოდებთ და შერეული რძიდან ხდება ბაქტერიოლოგიური ნიმუშის აღება, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში, საიდანაც პასუხებს ვიღებთ 48 საათში. ზოგადად, ქალის რძე არ არის სტერილური, ის ყოველთვის შეიცავს ბაქტერიებს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ არის კონკრეტული ბაქტერიები, რომელთა არსებობის შემთხვევაში რძე ნადგურდება.
იმ შემთხვევაში, თუკი ბაქტერიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ რძე შემდგომი დამუშავებისათვის ვარგისია, უკვე იწყება რძის პასტერიზაცია.
პასტერიზაციის შემდეგ, რძე კვლავ იყინება. როდესაც ბანკში შესაბამისი კლინიკიდან რძეზე მოდის მოთხოვნა, კიდევ ერთხელ ხდება რძის ბაქტერიოლოგიური შეფასება და იქ უკვე ბაქტერიების რაოდენობა უნდა იყოს ნული. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თერმულმა დამუშავებამ მოსპო აბსოლუტურად ყველა ბაქტერია და როდესაც ამაში ვრწმუნდებით, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა რძე“, - უხსნის რადიო თავისუფლებას ნინო გორგილაძე.
დედის რძის ბანკი 12 დღის წინ, 10 ივლისს ამუშავდა. ნინო გორგილაძის თქმით, ამ დროისათვის, ბანკში 5 ლიტრი რძეა გამზადებული გასაცემად:
„ცხელ ხაზზე შემოვიდა არაერთი ზარი, კითხულობენ, როგორ უნდა ჩააბარონ რძე. რამდენიმე პოტენციური დონორი ახლა გადის ტესტირებას. ასევე ინტერესდებიან, შესაძლებელია თუ არა რძის ყიდვა. ბანკის საქმიანობა ხორციელდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, არის უფასო და რძერ გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ვაუჩერული პრინციპით. ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, გავცეთ რძე“, - ამბობს ნინო გორგილაძე.
საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, დედის რძე, გაყინულ მდგომარეობაში რძის ბანკში შეიძლება დაყოვნდეს 6-დან 18 თვემდე. ის სწორედ ამ პერიოდში ინარჩუნებს უნიკალურ თვისებებს:
„მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველ ეტაპზე, რძე დავაყოვნოთ მხოლოდ 3-6 თვე. ეს საკმაოდ გამკაცრებული პირობაა, მაგრამ გვირჩევნია, რომ მაქსიმალური უსაფრთხოებით დავიწყოთ“, - გვიხსნის ნინო სოლომონია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დედის რძის ბანკების მომხმარებელთა ერთიანი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, 2022 წელს, სამედიცინო ჟურნალ Journal de Pediatria-ში გამოქვეყნებული მიმოხილვის („ახალშობილთა მოვლა მსოფლიოში და დედის რძეზე ხელმისაწვდომობა“) მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასზე მეტი ახალშობილი იღებს დონორის დედის რძეს, თუმცა კიდევ დაახლოებით ნახევარ მილიონ დღენაკლულ ჩვილს, რომელსაც რძე სჭირდება, მასზე წვდომა არ აქვს.
WHO ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში, ცოცხლადდაბადებულთა შორის დღენაკლული ჩვილების (ორსულობის 37-ე კვირის დასრულებამდე დაბადებულების) წილი 7.8% იყო. საჯარო წყაროებში სხვა, უახლესი მონაცემი არ იძებნება.
დონორის დედის რძე ყველა დღენაკლულ ახალშობილს არ სჭირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ის გამოიყენება 32 კვირამდე დაბადებული ჩვილებისთვისა და დაბალი წონის (1500 გრამზე ნაკლები) ახალშობილებისთვის, რადგან მათში დედის რძე მნიშვნელოვნად ამცირებს ნეკროზული ენტეროკოლიტისა და სხვა მძიმე გართულებების რისკს.
ფორუმი