Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლზ ვაიტეკი - "საქართველო ბევრად, ბევრად ახლოს არის ელიმინაციის მიზანთან, ვიდრე იყო 7-8 წლის წინ"


ჩარლზ ვაიტეკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი
ჩარლზ ვაიტეკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი

ჩარლზ ვაიტეკი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს ცე ჰეპატიტის პროგრამის იმგვარად დახვეწის აუცილებლობას, რომ შესაძლებელი გახდეს მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობაში ჩართვა.

რადიო თავისუფლება: მსურს, დავიწყო ერთი ახალი ამბით - რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) გაიხსნა ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი. რას ნიშნავს ეს სიახლე? რა ტიპის უწყებაა ეს? რა მიზანს მოემსახურება?

ჩარლზ ვაიტეკი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კოლაბორაციული ცენტრის გახსნა ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუცია შეირჩა WHO-ს გენერალური დირექტორის მიერ იმ დაწესებულებების ქსელის წევრად, რომლებიც თანამშრომლობენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში დაახლოებით 800 ასეთი დაწესებულებაა.

საქართველოს აქვს მოდელი, რომელიც სხვა ქვეყნებს ეიმედებათ, განსაკუთრებით ცე ჰეპატიტის მართვის კუთხით. არიან ქვეყნები, რომლებიც უკვე სწავლობენ საქართველოსგან, იზიარებენ მის გამოცდილებას.

რადიო თავისუფლება: WHO-ს ეგიდით.

ჩარლზ ვაიტეკი: დიახ, WHO-ს ეგიდით და ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ამ ინსტიტუციებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონკრეტულ სფეროში მიაღწიეს შესაძლებლობების მაღალ დონეს. ეს არის პირველი კოლაბორაციული ცენტრი საქართველოსთვის. ის ჰეპატიტის მართვის სფეროს ეხება და ახლა უკვე არის ნაწილი ქსელისა, რომელშიც გაერთიანებულია 13 კოლაბორაციული ცენტრი მსოფლიოში, მათ შორის - ერთი ჩემს ორგანიზაციაში, „დაავადებათა კონტროლის ცენტრებშია“ (CDC), აშშ-ში და მეორე რობერტ კოხის ინსტიტუტში, გერმანიაში - რომლებიც „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) დიდი ხნის პარტნიორები არიან.

ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ WHO იმუშავებს NCDC-სთან ჰეპატიტთან ბრძოლის ამოცანების შესრულებისკენ წინსვლისთვის როგორც საქართველოში, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის კონტექსტშიც. საქართველოს აქვს მოდელი, რომელიც სხვა ქვეყნებს ეიმედებათ, განსაკუთრებით ცე ჰეპატიტის მართვის კუთხით. არიან ქვეყნები, რომლებიც უკვე სწავლობენ საქართველოსგან, იზიარებენ მის გამოცდილებას. ახლა ეს უკვე უფრო ფორმალიზებული იქნება, ვინაიდან WHO მოწადინებული იქნება და დაეხმარება საქართველოს, გაავრცელოს საკუთარი გამოცდილება რეგიონის ქვეყნებში. CDC და სხვა პარტნიორები გააგრძელებენ მუშაობას, ვინაიდან ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ, რომ ჰეპატიტის მართვის განვითარება გაგრძელდეს საქართველოში, მოხდეს მისი დოკუმენტირება, რომ აქ მიღებული გაკვეთილები სხვა ქვეყნებსაც გამოადგეთ.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ქმნის თაობას, რომელსაც აქვს იმუნიტეტი ბე ჰეპატიტის მიმართ.

რადიო თავისუფლება: გასაგებია - ანუ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ დაიმსახურა ამ ცენტრის გახსნა.

ჩარლზ ვაიტეკი: ნამდვილად შესანიშნავი საქმე გაკეთდა როგორც ცე ჰეპატიტის კონტროლის, აგრეთვე ბე ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით - რაც შესაძლებელი გახდა საქართველოში ბე ჰეპატიტზე ბავშვების ვაქცინაციის პროგრამის ძალიან კარგად განხორციელებით.

რადიო თავისუფლება: ​როცა ნახსენებია ვირუსული ჰეპატიტები, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ცე ჰეპატიტი არ იგულისხმება, არა?

ჩარლზ ვაიტეკი: დიახ.

რადიო თავისუფლება: ​რა გეგმებია? მსმენია ბე ჰეპატიტთან დაკავშირებით, ვგულისხმობ არა ბავშვებს, არამედ ზრდასრულებს.

ვაგრძელებთ მცდელობას იმ ადამიანების გამოსავლენად და სამკურნალოდ, რომლებიც არიან ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები და ჯერ არ იციან ამის შესახებ.

ჩარლზ ვაიტეკი: ბე ჰეპატიტის კონტროლის უპირატესი გზა არის ვაქცინაციით მაღალი მოცვა, განსაკუთრებით - ბავშვებისა. საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ქმნის თაობას, რომელსაც აქვს იმუნიტეტი ბე ჰეპატიტის მიმართ. რაც შეეხება უფროსი ასაკის ჯგუფებში ბე ჰეპატიტის პროგრამის დეტალებს, ამაზე ჩვენ - CDC არ ვმუშაობთ. თუმცა, ცე ჰეპატიტს რაც შეეხება, „დაავადებათა კონტროლის ცენტრები“ (CDC) სერიოზულად თანამშრომლობს „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან“ (NCDC) და ვაგრძელებთ მცდელობას იმ ადამიანების გამოსავლენად და სამკურნალოდ, რომლებიც არიან ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები და ჯერ არ იციან ამის შესახებ.

რადიო თავისუფლება: ​მინდა გავაგრძელო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს: უკვე მერვე წელიწადია, არა, რაც გრძელდება?

ჩარლზ ვაიტეკი: დიახ, მე-7, მე-8 წელია.

2021 წლისთვის ცე ჰეპატიტის გავრცელების დონე მოსახლეობაში 70%-ით შემცირდა. ანუ, ჩვენი კოლაბორაციით გავიარეთ ელიმინაციის მიზნისკენ მიმავალი გზის ორი მესამედი.

რადიო თავისუფლება: ​7-8 წელი. ვიცი, რომ ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი პერიოდი პროგრამის დაწყებამდე. CDC-ს განმარტებით, „ინფექციის ელიმინაცია არის განზრახ გაწეული ძალისხმევით ნოლამდე შემცირება ინფექციის გავრცელებისა, რაც გამოწვეულია სპეციფიკური აგენტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში“. არის თუ არა საქართველო ახლოს ელიმინაციის მიზანთან ან ამ გზის რა მონაკვეთზეა?

ჩარლზ ვაიტეკი: საქართველო ბევრად, ბევრად ახლოს არის ამ მიზანთან, ვიდრე იყო 7-8 წლის წინ. გამოკვლევამ, რომლის ჩატარებაშიც სხვა პარტნიორებთან ერთად დავეხმარეთ NCDC-ს და რომელმაც 2021 წლისთვის, როცა ეს კვლევა ჩატარდა, აჩვენა, რომ წლების შემდეგ, 2021 წლისთვის ცე ჰეპატიტის გავრცელების დონე მოსახლეობაში 70%-ით შემცირდა. ანუ, ჩვენი კოლაბორაციით გავიარეთ ელიმინაციის მიზნისკენ მიმავალი გზის ორი მესამედი. ვფიქრობ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესანიშნავი მიღწევაა.

რადიო თავისუფლება: ​მაგრამ მაინც, ეს არ არის ნოლი. ამ კითხვებს არ გისვამთ გასაკრიტიკებლად, არამედ იმის დასადგენად როგორია რეალობა, რა ეტაპზე ვართ. დასაწყისში პროგრამა დაგეგმილი იყო ხუთი წლით, თუ არ ვცდები, 2020 წლის შემდეგ გაგრძელდა, რამდენი წელი იმუშავებს კიდევ ეს პროგრამა?

დაავადების ელიმინაციის წარმატებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, დარჩენილი ადამიანების პოვნა ძნელდება.

ჩარლზ ვაიტეკი: ვისურვებდი ზუსტი რიცხვის თქმას, მაგრამ ძალიან ძნელია ზუსტად განსაზღვრა. ერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას - პანდემიამ რამდენიმე წლით შეანელა პროგრესი, ვინაიდან ადამიანებს ჰქონდათ სერვისებზე წვდომის სირთულეები.

ეს აჩვენებს, რომ პროგრამა ახლა მნიშვნელოვან წერტილშია: როცა რაღაც წარმატებით მიმდინარეობს, ყოველთვის არის საფრთხე, რომ ადამიანები მოდუნდნენ, ჩათვალონ, რომ საქმე უკვე გაკეთებულია - იფიქრონ, ბევრი ადამიანი განვკურნეთ, იქნებ, აღარ არის საჭირო იმდენი ენერგიის გაღება, რამდენიც დასაწყისში იყო საჭირო. სინამდვილეში კი, საჭიროა გაგრძელდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერა მოსახლეობისგან, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის პროგრამებში დაავადების ელიმინაციის წარმატებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, დარჩენილი ადამიანების პოვნა ძნელდება. როგორც წესი ამას მიზეზები აქვს: რატომ არ უსმენენ ისინი მედიას, რომელიც აწვდის ინფორმაციას სად შეუძლიათ მკურნალობა; არიან ადამიანები, რომლებიც დიდად არ ენდობიან ექიმებს. ანუ, რაღაცნაირად უნდა გადააწყო შენი პროგრამა, რომ მიწვდე ამ ადამიანებს.

ამიტომ, ვფიქრობ, წინა პერიოდში მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს. რამდენიმე წელია მიმდინერეობს ინტენსიური მუშაობა პროგრამის ისე გადასაწყობად, რომ მივწვდეთ ადამიანებს, რომელთა მიწვდომაც საჭიროა.

მედიაკამპანია მოუწოდებდა ყველას გარკვეული ასაკის ზევით, ვინაიდან ვირუსის გავრცელების კონცენტრაცია კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს უკავშირდებოდა, რომ ერთხელ მაინც გატესტილიყო.

რადიო თავისუფლება: ​რა სახის გადაწყობას თვლით აუცილებლად?

ჩარლზ ვაიტეკი: ხშირად საჭიროა გამონახო გზები, რომ ადამიანებისთვის მისაწვდომი გახადო დიაგნოსტირება და მკურნალობა იმის მიღმა, რასაც ამას მანამდე აკეთებდი. მაგალითად, გააკეთო ისე, რომ ბევრი დაავადების დიაგნოსტირებისას და ეს ცე ჰეპატიტის პროგრამისთვის დაინერგა, ადამიანებს არ სჭირდებოდეთ კლინიკაში მისვლა ტესტირებისთვის, არამედ შეეძლოთ ამ ტესტის აღება არასამთავრობო ორგანიზაციაში და თავად გატესტვა. ეს მათ დაეხმარება პრობლემის დადგენაში და შემდეგ მივლენ სამკურნალოდ. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც იგეგმება. მეორე გზა არის საზოგადოებაში იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც მიწვდებიან სხვა ადამიანებს და მიიყვანენ ტესტირებაზე და სამკურნალოდ.

რადიო თავისუფლება: ​ეს კომუნიკაციის ნაწილია.

ჩარლზ ვაიტეკი: დიახ, ეს არის ტოლი ტოლთან კომუნიკაციისა და მხარდაჭერის ტიპის პროგრამა. ესაა გარკვეული სახის ადაპტირებები, რომლებიც მუშავდება ცე ჰეპატიტისთვის და უწინ წარმატებული აღმოჩნდა სხვა დაავადებების შემთხვევაში.

რადიო თავისუფლება: ​საქართველოში ცე ჰეპატიტს საზოგადოება მჭიდროდ უკავშირდებს ცალკეულ რისკჯგუფებს. ჩვეულებრივ, ადამიანები ფიქრობენ - „ეს მე არ მეხება, არამედ ვიღაც სხვას, ვისაც განსხვავებული ცხოვრება აქვს“. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ არსებობს რისკჯგუფების კლასიფიკაციაც, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა საჭიროა ბევრად მძლავრი კომუნიკაცია გზავნილისა, რომ ეს ყველას ეხება, პირველ რიგში - თავად მე. არ ფიქრობთ, რომ საჭიროა კომუნიკაციის ახალი ტალღის წამოწყება, რომ მეტი ადამიანი გაიტესტოს?

ახლა წინსვლისთვის საჭიროა იმის მოფიქრება, როგორ მივიტანოთ გზავნილი იმ ადამიანებამდე, ვისაც ტესტირება არ გაუვლია და შევეცადოთ გადავლახოთ ნებისმიერი წინაღობა, რომელიც, მათი აღქმით, შეუძლებელს ხდის ტესტირებას.

ჩარლზ ვაიტეკი: ვფიქრობ, ხშირად რაც უნდა გააკეთო, უნდა მიმართო ერთდროულად რამდენიმე ჩარევას და დიდწილად ეს შეეხება როგორც საყოველთაო კომუნიკაციას, აგრეთვე ფოკუსირებულ ძალისხმევას, რომელიც ვახსენე - როცა ცდილობ ვირუსის გავრცელების თემში ადამიანების ერთი ნაწილი მეორეს დაეხმაროს სერვისების წვდომაში. ვფიქრობ, საყოველთაო კომუნიკაცია ძალიან საინტერესო საკითხია.

აშშ-ში გვქონდა იგივე პრობლემა ცე ჰეპატიტის კონტროლთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა საყოველთაო კომუნიკაციის კამპანიამდე: როცა ყველა რეკომენდაცია და მთელი მედიაკამპანია მოუწოდებდა ყველას გარკვეული ასაკის ზევით, ვინაიდან ვირუსის გავრცელების კონცენტრაცია კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს უკავშირდებოდა, რომ ერთხელ მაინც გატესტილიყო. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის პოტენციურად მნიშვნელოვანი ინტერვენცია.

რადიო თავისუფლება: ​საკმაოდ შთამბეჭდავია ტესტირების რაოდენობა ამ წლების განმავლობაში - 4 მილიონი ტესტია გაკეთებული, რაც ცხადია არ ნიშნავს 4 მილიონ ადამიანს, ამდენი სულ არ ვართ. და მაინც, ტესტირებით მოცვა არ არის სასურველ დონეზე. ვიცი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაციები მუშაობენ ამაზე. რადიო თავისუფლება საკმაოდ აქტიურად აშუქებს ამ საკითხს. არაერთხელ მიმასპინძლია აქტივისტებისთვის, ექიმებისთვის, რომ კიდევ და კიდევ აგვეხსნა - რატომ არის მნიშვნელოვანი ტესტირება. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ თქვენს ადრინდელ ინტერვიუში საქართველოს უწოდებთ მსოფლიო ლიდერს ცე ჰეპატიტთან ბრძოლაში. როგორ შეიძლება საქართველო გამოდგეს მოდელად სხვებისთვის? როგორია საქართველოს წარმატებული და პრობლემური გაკვეთილები?

ეს არის უკვე ის ფაზა, როცა პროგრამის დეტალური დახვეწა უნდა მოხდეს.

ჩარლზ ვაიტეკი: ვფიქრობ, რეალობას აღწერთ. მსოფლიო ლიდერად ქცევის პროცესი მოიცავს შენივე საკითხებითა და პრობლემებით სწავლას. ვფიქრობ, ის გამოწვევები, რომლებსაც აღწერთ - მაგალითად, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ესა თუ ის პრობლემა მხოლოდ სხვას ეხება და მას არა, ყველგან გვხვდება. ვთვლი, რომ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომ მოახერხა ამდენი ადამიანის ტესტირება. ახლა წინსვლისთვის საჭიროა იმის მოფიქრება, როგორ მივიტანოთ გზავნილი იმ ადამიანებამდე, ვისაც ტესტირება არ გაუვლია და შევეცადოთ გადავლახოთ ნებისმიერი წინაღობა, რომელიც, მათი აღქმით, შეუძლებელს ხდის ტესტირებას. შეიძლება წააწყდე ისეთ პრობლემებს, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ - ბევრი მუშობაა საჭირო გზავნილების ადრესატამდე მისატანად, თუმცა ამავე დროს მსოფლიო ლიდერი ხარ, რადგან სხვებიც აწყდებიან მსგავს პრობლემებს, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლები წარმატებით უმკლავდებიან.

რადიო თავისუფლება: ​ვიცით, რომ დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანია, ვისაც ტესტი დადებითი აქვს და ვერ მიიღეს მკურნალობის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილება. აქ რისი გაკეთება შეიძლება? არ ვიცი, სპეციალისტები როგორ ითვლით, მაგრამ, როგორც ვიცი, მიზანი იყო 120-125 ათასი ინფიცირებულის გამოვლენა საქართველოში, რაც მიღწეული არ არის. მაგრამ, რა ვუყოთ ადამიანებს, ვინც იცის ჰეპატიტის დადებითი სტატუსის შესახებ? როგორია სხვების გამოცდილება?

არა მგონია, ახლო მომავალში ცე ჰეპატიტის ერადიკაციის ამოცანა გველოდეს.

ჩარლზ ვაიტეკი: ეს არის უკვე ის ფაზა, როცა პროგრამის დეტალური დახვეწა უნდა მოხდეს. არის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფი, რომელიც იკრიბება პროგრამის განმახორციელებლებთან ერთად და სწორედ ასეთ საკითხებზე მსჯელობენ. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტოლი ტოლთან კომუნიკაციის გზა არის, რაზეც ბოლო შეხვედრის შემდეგ ამყარებენ იმედს, ვინაიდან არის მოსაზრება, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთ სტატუსზე და არ მკურნალობენ, საჭიროებენ ერთი-ერთზე კომუნიკაციას გადაწყვეტილების მისაღებად.

რადიო თავისუფლება: ​ნიშნავს თუ არა ამ ცენტრის გახსნა ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლაში მეტ რეგიონული მასშტაბის აქტივობას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მაგალითად?

ჩარლზ ვაიტეკი: ვფიქრობ, NCDC სულ უფრო მეტად ჩაერთვება ცე ჰეპატიტზე რეგიონულ აქტივობებში, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ენდომება, რომ მათ უფრო ფართოდ გააზიარონ საკუთარი გამოცდილება. ეს იყო ერთ-ერთი მკაფიო გზავნილი ცენტრის გახსნაზე, რომ საჭიროა სხვა ქვეყნები გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას. გახსნაზე იყვნენ დელეგაციები შუა აზიის სამი ქვეყნიდან. ისინი საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს გამოცდილების გასაცნობად. უბრალოდ გახსნაზე დასასწრებად არ ჩამოსულან, არამედ საქართველოს გაკვეთილების გასაცნობად და თავიანთ გეგმებში გასათვალისწინებლად. ამიტომაც, ვფიქრობ, საქართველო იქნება ჩართული რეგიონულ - როგორც კავკასიის, ისე შუა აზიის აქტივობებში.

საკმაოდ ასაკიანი ვარ და მახსოვს ადამიანებს ვმკურნალობდით, როცა ცე ჰეპატიტი არ იკურნებოდა... ახლა კი შეგიძლია განკურნო თითქმის ყველა, სამ თვეში.

რადიო თავისუფლება: ​მითების საკითხი - ბევრისთვის ეს წინაღობად იქცა, დარწმუნებული ვარ იმათი უმრავლესობისთვის, ვისი ტესტის პასუხიც დადებითია და მკურნალობაში ჩართვა ვერ გადაწყვიტა. ტიპური მითი არის, რომ ეს მედიკამენტი გამოიცდება ქართველებზე - აბა, რატომ მოვიდოდა კომპანია და დახარჯავდა ფულსა და რესურსებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ა.შ.. მოდით, უკან წავიდეთ და ისტორია გავიხსენოთ - რატომ შეირჩა საქართველო ამ პროგრამისთვის? რატომ გადაწყვიტა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ რესურსების აქ დახარჯვა? და საერთოდაც, რატომ ხორციელდება ეს პროგრამა? პირადად მე არ მაქვს ეჭვები პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელმაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ რა ვუყოთ მითებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს?

იმისთვის, რომ მიწვდე, ვისაც აქამდე ვერ მიწვდი, მედიაკამპანიები კარგია, მაგრამ უნდა ითანამშრომლო სამოქალაქო საზოგადოებასთან...

ჩარლზ ვაიტეკი: ასეთი მითები მსგავსია სხვა ქვეყნებშიც, სხვა დაავადებებთან დაკავშირებულ პროგრამებზეც, განსაკუთრებით, როცა ეს პროგრამები უფასოა. ბევრს ჰგონია, რომ ვიღაც ალტრუიზმის მიღმა სხვა ინტერესებით მოქმედებს პროგრამის განხორციელებისას, რამაც საქართველოში შესაძლებელი გახადა, როგორც აღნიშნეთ, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, რომლებიც ღვიძლის კიბოთი ან ღვიძლის ციროზით გარდაიცვლებოდნენ.

რადიო თავისუფლება: ​რატომ საქართველოს მოქალაქეები და არა სომხეთისა, მაგალითად?

ჩარლზ ვაიტეკი: ვინაიდან აქ იყო კომბინაცია ქვეყნის შიგნით ხედვის მქონე ლიდერებისა, რომლებმაც თქვეს - უნდა ვცადოთ ისეთი პროგრამის შექმნა, რომელშიც გამოვიყენებთ ახალი სახის მედიკამენტებს, რომლებიც ძალიან ეფექტიანია და გავაკეთებთ ამას სისტემურად, რომ მთელ მოსახლეობას შეეხოს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ტესტირება და შემდეგ ჩავრთავთ მათ მკურნალობაში. ლაპარაკი იყო მედიკამენტზე, რომელსაც გავლილი ჰქონდა კვლევის ყველა ფაზა, იყო ძალიან ეფექტიანი და იყიდებოდა ძალიან ძვირად მდიდარ ქვეყნებში. თუმცა, „გილიადის“ ხელმძღვანელობას აგრეთვე სურდა წარმოჩენილიყო კარგ მოქალაქე-კორპორაციად და მისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა იდეა, რომ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ხედვა - როგორ დაეხმაროს ყველა ინფიცირებულს ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა ქვეყნისთვის დიდი ოდენობით მედიკამენტის მიწოდებას, თუმცა საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მართვაც შესაძლებელი იყო. „გილიადს“ შეეძლო ამ რაოდენობის მედიკამენტის დონაცია, ფარმაცევტული კომპანიისთვის სასიცოცხლო რისკის გარეშე. ასე რომ, ეს იყო კომბინაცია აქ საქართველოში ხედვის მქონე ლიდერებისა და „გილიადის“ როლის.

რადიო თავისუფლება: ​მიფიქრია აგრეთვე, რომ წარმომედგინა - თითქოს, ამ წუთას არც ერთი ცე ჰეპატიტით ინფიცირებული არ არის საქართველოში, მაგრამ წარმოუდგენელია - ადამიანები მოგზაურობენ, კვეთენ საზღვარს, ეს ვერ იქნება სტატიკური მდგომარეობა. მე არ ვიცი და შეიძლება გკითხოთ, ხომ არ განიხილება უფრო დიდი მიზნის მიღწევა - საქართველოში ამ შედარებით მცირე პროგრამის დაწყებით, საბოლოოდ ამ ინფექციის ერადიკაცია/აღმოფხვრა?

ჩარლზ ვაიტეკი: დიახ, ერადიკაცია ნიშნავს გლობალურად განოლებას, როგორც ეს ყვავილზე მოხდა. ყვავილი არის ადამიანის ერთადერთი დაავადება, რომელიც სრულად აღმოიფხვრა. ის ბუნებაში აღარ არსებობს. არა მგონია, ახლო მომავალში ცე ჰეპატიტის ერადიკაციის ამოცანა გველოდეს. ყვავილის ერადიკაციის მიღწევა უფრო ადვილი იყო, ვინაიდან ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა იყო საჭირო და ეს საკითხი ნათელი იყო. სამწუხაროდ, დიდი დრო დასჭირდება იმ ფაზამდე მისვლას, როცა ჩვენ შევეცდებით (თუკი ასეთი რამ საერთოდ მოხდება) ცე ჰეპატიტის გლობალურად აღმოფხვრას.

რადიო თავისუფლება: ​ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადსხვა ჯგუფის ჩართულობა - არა მხოლოდ მთავრობის, სამინისტროსი ან NCDC-სი, არამედ საზოგადოებისა.

ჩარლზ ვაიტეკი: სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად მნიშვნელოვანია: იმისთვის, რომ მიწვდე, ვისაც აქამდე ვერ მიწვდი, მედიაკამპანიები კარგია, მაგრამ უნდა ითანამშრომლო სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან პირისპირ ურთიერთობა ეხმარება იმათ დარწმუნებას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით: მითების, თუ ტესტირებისა და მკურნალობის მიმართ გულგრილობის გამო ვერ იღებენ გადაწყვეტილებას.

რადიო თავისუფლება: ​ვიცი, საკმაოდ ბევრი ადამიანი, კარგი ადამიანები, ვინც ამას აკეთებს

ჩარლზ ვაიტეკი: რაც კარგია, რადგან ეს არის შემთხვევა, როცა მედიკამენტი არის საოცრად კარგი. საკმაოდ ასაკიანი ვარ და მახსოვს ადამიანებს ვმკურნალობდით, როცა ცე ჰეპატიტი არ იკურნებოდა, შემდეგ იყო მედიკამენტი, რომლითაც ცოტა ადამიანის განკურნება იყო შესაძლებელი და რომლის მიღებაც იყო რთული, ახლა კი შეგიძლია განკურნო თითქმის ყველა, სამ თვეში, მედიკამენტით, რომელიც შედარებით არატოქსიკურია. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გვერდითი ეფექტი აქვთ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG