Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სებ-ი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო - რას ნიშნავს ეს?


ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე შეაჩერა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე შეაჩერა

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილება - შემსუბუქება დაიწყო.

მაღალი ინფლაციის რისკების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ბოლო თვე-ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 10.5%-მდე შეამცირა, შემდეგ კი უცვლელად დატოვა.

აგიხსნით:

  • რას ნიშნავს და რატომაა მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებები?
  • არ არგუმენტები აქვს სებ-ს, როცა ამ ნაბიჯებს დგამს?
  • რა კონტრარგუმენტები არსებობს?

დავიწყოთ ყველაზე მარტივით:

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

რეფინანსირების განაკვეთი - იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი აწესებს კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე. სხვანაირად - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისგან ასაღები სესხის ფასი.

და ის არის ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი ინფლაციის „ტარგეტირების“ პირობებში.

„ტარგეტირება“ ქართულად მიზანში ამოღებას ნიშნავს. ამ ტერმინს ეროვნული ბანკი იყენებს და ჩვენც გამოვიყენებთ.

ინფლაციის „ტარგეტირება“ - ინფლაციის მიზანში ამოღება, - მონეტარული პოლიტიკის რეჟიმია. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ინფლაციის კონტროლი. ამ რეჟიმს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, მათ შორის:

  1. მიზანი: მონეტარული პოლიტიკის უმთავრეს მიზნად მიჩნეულია ფასების სტაბილურობა - დაბალი ინფლაცია;
  2. განსაზღვრულობა: ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ არის განსაზღვრული - ამჟამად საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია;
  3. განჭვრეტადობა: მონეტარული პოლიტიკა ეფუძნება სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის ინფლაციის პროგნოზს.

ინფლაციის „ტარგეტირების“ პირობებში, თუკი ინფლაციის დონე მაღალია, ჩვეულებრივ, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის ან მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს.

და პირიქით - თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა ან მასზე დაბალია, რეფინანსირების განაკვეთი ან მცირდება, ან უცვლელი რჩება.

ეს იმიტომ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა.

უფრო მარტივად: როცა რეფინანსირების განაკვეთი იცვლება, იცვლება კომერციულ ბანკებში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც.

რატომ?

როცა საპროცენტო განაკვეთი მაღალია, სესხის აღება ნაკლებ სასურველია. ესე იგი, სესხებზე მოთხოვნა მცირდება - და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს.

ამის საპირისპიროდ, როდესაც საპროგნოზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში სესხებზე მოთხოვნა იზრდება, - რადგან იაფად სესხის აღება მეტად სასურველია. მოთხოვნის ზრდა კი ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას განაპირობებს. საბოლოოდ, მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.

ეროვნული ბანკის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება. ეს ნიშნავს, რომ, პირობითად, დღევანდელი გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე პერიოდში მოიტანს შედეგებს.

რა ხდება ახლა?

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს, 21 ივნისს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - განაკვეთი 10.5%-ზე გააჩერა.

სებ-მა ეს გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5 პროცენტამდე, ხოლო საბაზო - 3.9 პროცენტამდე შემცირდაო.

2022 წლის 30 მარტიდან საქართველოში ისტორიულად ყველაზე მკაცრი რეფინანსირების განაკვეთი იყო ძალაში - 11%. ეს იმიტომ, რომ ამ პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა.

10.5%-იანი განაკვეთი კი 2023 წლის 10 მაისიდან მოქმედებს. 10 მაისის სხდომაზე განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირეს. ესე იგი, სებ-მა „ძვირი ფულის“ პოლიტიკა შეცვალა.

სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ათასობით ადამიანს, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული, სესხის პროცენტი 0,5 პროცენტული პუნქტით შეუმცირდა. მეორე მხრივ, ლარი კვლავ გაუფასურდა, - და გაუფასურების ტრენდი დაბრუნდა.

ლარმა გაუფასურება გააგრძელა 21 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგაც - დოლარის მიმართ 0.44 თეთრით გაუფასურდა 22 ივნისის გაცვლითი კურსით, დოლარი 2.6208 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკი ახლა აცხადებს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. და რახან წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შევამცირეთ, რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დავტოვეთო.

ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები?

სებ-ი 21 ივნისის დასაბუთებაში წერს, რომ რახან ადგილობრივი ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იკლებს, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.

„მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა“, - წერს ეროვნული ბანკი.

ამასთანავე, სებ-ის ამავე არგუმენტაციაში წერია, რომ „პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია“:

  • მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება.
  • ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია - 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას „საყურადღებოს ხდის“;
  • „ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეიმჩნევა“.

ხელფასი-ფასის სპირალი ეწოდება ხელფასებისა და ფასების ურთიერთდამოკიდებულების დინამიკას, როდესაც ხელფასის ზრდამ შეიძლება ფასების მატების ტალღა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, მუშახელის მხრიდან კიდევ უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნას განაპირობებს და ა.შ..

იმის მიუხედავად, რომ სებ-ის თქმით, სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეინიშნება, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი, - წინა კვარტალთან შედარებით მცირე კლების მიუხედავად, - მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ეს კი, სებ-ის სიტყვებითვე, „შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს“.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“

ეკონომისტი, კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის 21 ივნისის გადაწყვეტილება ცუდი არჩევანი იყო, მაგრამ არსებობდა უფრო ცუდიც - განაკვეთის უფრო შემსუბუქება.

ამ ნაბიჯის შეფასებამდე, ის მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის მიერ საკუთარ პოლიტიკის დახასიათებას - მიიჩნევს, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა სულაც არ ყოფილა მკაცრი.

ეკონომისტის არგუმენტი ასეთია: სებ-ი თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრობდა და, პარალელურად, ბაზარზე უცხოური ვალუტის და სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების რეკორდული შესყიდვით მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებდაო.

სტატისტიკა ამას ადასტურებს - ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის პირველ ოთხ თვეში 782.9 მილიონი დოლარი შეისყიდა და სებ-ის სავალუტო რეზერვებმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ რაოდენობის რეზერვები საქართველოს არასოდეს ჰქონია. დოლარის ინტენსიურ შესყიდვას მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ეფექტი აქვს და კონტრპროდუქტიულია ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები ეფექტს რამდენიმე კვარტლის შემდეგ იძლევა, ეკონომისტი ეგნატე შამუგია ვარაუდობს, რომ ამჟამად მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შედეგებს 2024 წლის გაზაფხულიდან იგრძნობს მოსახლეობა - ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

2024 წელი საარჩევნო წელია.

„მომავალი წლის, დაახლოებით, გაზაფხულიდან, ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იქნება. შესაბამისად, შემდგომში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო მეტად იქნება საჭირო, რაც მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც უფრო უარესად აისახება“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

XS
SM
MD
LG