Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჯარს აგზავნიან: ბულგარეთის სოციალური მედია მოიცვა ჭორებმა მობილიზაციის შესახებ


ბულგარეთის არმიის სპეცდანიშნულების ჯარისკაცები სამხედრო პოლიგონზე
ბულგარეთის არმიის სპეცდანიშნულების ჯარისკაცები სამხედრო პოლიგონზე

ბულგარელი ქალი გვიამბობს, რომ შვებას გრძნობს, რადგან მისი ვაჟი საზღვარგარეთაა და ვერ მისწვდება ის, რაც, როგორც დედა შიშობს, მოსალოდნელია სამშობლოში: შრომისუნარიანი კაცების არა მხოლოდ ჯარში გაწვევა, არამედ უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიან კონფლიქტში საომრად გაგზავნა. 

"აღარ ვდარდობ იმაზე, რომ ჩემმა ვაჟმა დატოვა ბულგარეთი და წავიდა", ეუბნება რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს ელენა, რომელსაც არ სურს, რომ თავისი ვინაობა გაამხილოს და განმარტავს, რომ შეშინდა მას შემდეგ, რაც შეიტყო "შესაძლო სამხედრო მობილიზაციის" შესახებ.

ბულგარეთის მთავრობას არ გამოუცხადებია მსგავსი გეგმის ან განზრახვის თაობაზე, არც არაფერი განუხილავს და არც უხსენებია საერთოდ მსგავსი რამ.

ისევე, როგორც დღევანდელი დეზინფორმაციის დიდი ნაწილი, ეს ჭორიც, სავარაუდოდ, სოციალურ მედიაში გაჩნდა. ამ შემთხვევაში, ამ ჭორების გავრცელებას ბულგარეთში ბიძგი მისცა Facebook-ში პრორუსულმა ანგარიშმა, 10 000-ზე მეტი გამომწერით და ერთმა პოპულარულმა რეპერმა.

ვინც ეს დეზინფორმაცია გაავრცელა, როგორც ჩანს, სიმართლის მარცვალს მოეჭიდნენ: მთავრობის წევრებმა გადაწყვიტეს კანონის გადახედვა, რომელიც მშვიდობიან დროს სამხედრო სარეზერვო ძალების წვრთნას ითვალისწინებს და 18 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვეს შეეფასებინა, თუ რამდენად კანონიერი იქნებოდა ასეთი ნაბიჯი.

რეზერვისტების შესახებ კანონის შესაძლო გადასინჯვის განმარტებისას, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, რომ დადგენილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სამართლებრივი ბუნდოვანების აღმოფხვრას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, სულ მცირე, 2016 წლით არის დათარიღებული.

მას შემდეგ, ბულგარეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მთავრობა არ განიხილავდა იმას, აღედგინა თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელიც 2008 წელს გაუქმდა, და არ ემზადებოდა საყოველთაო მობილიზაციისთვის.

ხელოვნური აყალმაყალი

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ირწმუნება, რომ არანაირი მობილიზაცია და უკრაინაში გაგზავნა არ განიხილებოდა, ზოგიერთ ბულგარელს ეს მაინც არ სჯერა.

იორდან ჰალაჩევი, რომელსაც Facebook-ზე 11 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, სკეპტიკურად უყურებდა მთავრობის მოტივებს და სარკასტულად წერდა: "არა, ეს არ არის დაკავშირებული ომთან უკრაინაში. მთავრობა უბრალოდ გვეკითხება!"

ჰალაჩევის ფეისბუკ გვერდზე ქვეყნდება მხოლოდ პრორუსული შინაარსის პოსტები, უკრაინაში ომისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.

ელენამ ჰალაჩევის პოსტით შეიტყო "ომში გაწვევის ამბავი" და გააზიარა კიდეც. ის ამბობს, რომ ადრე ჟურნალისტად მუშაობდა და ამ პოსტმა თავდაპირველად არ შეაშინა, მაგრამ შეშფოთდა მას შემდეგ, რაც "საერთაშორისო პრესაში" წაიკითხა, რომ მობილიზაცია აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გამოცხადდა. არადა რეგიონში არც ერთ ქვეყანას მსგავსი არაფერი გამოუცხადებია და არც აპირებს.

საუბარი უკრაინის კონფლიქტში ბულგარეთის ჩათრევისა და მობილიზაციის შესახებაც კი, დროგამოშვებით გაისმოდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამის შესახებ განსაკუთრებით კრემლის მომხრე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ. მათ შორისაა ულტრამემარჯვენე "აღორძინების პარტია" და მისი ლიდერი, კოსტადინ კოსტადინოვი.

ჰალაჩევის 19 იანვრის პოსტი Facebook-ზე სწრაფად გავრცელდა. ერთმა მომხმარებელმა ასეთი კომენტარი დაწერა: "ხორცის გასატარებელმა მანქანამ გაჭედა".

როგორც რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა გაარკვია, პოსტი ასევე გავრცელდა Facebook-ში თანამოაზრეთა ჯგუფებშიც. ანგარიშის მფლობელმა ნიკოლინა მიჰაილოვამ ეს მასალა გააზიარა 11 ასეთ ჯგუფში, რომელთაგან სამს 150 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

მობილიზაციის შესახებ ხმები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პოპულარულმა რეპერმა, სტანისლავ ნაიდენოვ-სპენსმა, 12 იანვარს თავის შოუში იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი რამ ახლოვდებოდა. "ისინი ბულგარეთის არმიას უკრაინაში გაგზავნიან", უთხრა მან ათასობით თავის მიმდევარს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

ევროპის კავშირის ყველა ქვეყნის მსგავსად, მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ბულგარეთს ამჟამად ჰყავს სრულად პროფესიონალური არმია, რომელშიც 37 000 ადამიანი ირიცხება. სარეზერვო ძალების შემადგენლობა, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 45 000 ადამიანს შეადგენს. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ რეზერვისტების მნიშვნელოვან რაოდენობას არ აქვს საკმარისი სამხედრო მომზადება.

მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო რეზერვში მყოფი ბულგარელები არ შეიძლება გაიწვიონ წვრთნებზე მშვიდობიან პერიოდში, რადგან ნებისმიერი წვრთნა უნდა ჩატარდეს ნებაყოფლობით საფუძველზე.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მთელ ევროკავშირში გამოიწვია თავდაცვის საკითხის გადახედვა - მთელი კონტინენტის დედაქალაქების ოფიციალური პირები ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთი სამხედრო ძალების შესაძლებლობებს.

ომი სოციალურ ქსელებში

ბულგარეთში მობილიზაციის შესახებ ჭორების წყაროს ვერ მიაგნეს, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კი ინტერნეტშიც გრძლედება. კრემლი სადეზინფორმაციო საქმიანობას ააქტიურებს.

„2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გარშემო დეზინფორმაცია წარმოადგენს უკრაინის, ასევე სხვა ღია დემოკრატიების მიმართ საინფორმაციო ოპერაციების გაძლიერებას“, - წერია განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა.

ბულგარეთი ნოყიერი ნიადაგი გამოდგა ყალბი ინფორმაციისთვის, რომლის დიდი ნაწილი, როგორც ამტკიცებენ, „შემოგდებული“ და გავრცელებულია კრემლთან დაკავშირებული სუბიექტების მიერ.

ბულგარეთი პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება 2022 წლის ივნისის შემდეგ, როცა პროდასავლური მთავრობა პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვის მეთაურობით დაიშალა ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე თვეს უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ.

სოფია აპრილისთვის მორიგ, ბოლო ორ წელიწადში უკვე მეხუთე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ამზადებს.

კოვიდის პანდემიის დროს ამ ქვეყანამ ასევე იზარალა. იქ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალი იყო კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი დონე იყო, რაც ბულგარელების სკეპტიციზმს ეფუძნებოდა. ამ სკეპტიციზმს კი ასაზრდოებდა სოციალურ ქსელებში აცრის მოწინააღმდეგე, კრემლის მიმართ კეთილად განწყობილი ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„ბულგარეთი პრორუსული ინფორმაციის გავრცელებისთვის განსაკუთრებულად ნოყიერი ნიადაგია. ძალიან დაბალია ამ ქვეყანაში მედიაგანათლება, ხოლო კომუნისტურმა წარსულმა პრორუსულ შეხედულებებს ღრმად გაუდგა ფესვები კულტურულ მეინსტრიმში“, - წერდა Kapital Insights-ი 2022 წლის მაისში.

იგივე ხმები ჩეხეთშიც

ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხდება ხალხის მობილიზება, ევროპის კავშირის ქვეყნებში ძალიან იშვიათია, მაგრამ სულ მცირე კიდევ ერთ ქვეყანაში, ბულგარეთის გარდა, ჩეხეთში, რაღაც მსგავსი მოხდა.

ჩეხეთის სოციალურ ქსელებში გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვითომ პეტრ პაველი, არმიის გადამდგარი გენერალი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა პოპულისტი მეტოქე, მილიარდერი ანდრეი ბაბიში, იმისათვის, რომ ახალი პრეზიდენტი გამხდარიყო, ემზადებოდა ჩეხების არმიაში გასაწვევად, რათა უკრაინაში საბრძოლველად გაეგზავნა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პაველს, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, წარმოადგენდნენ ომისკენ წამქეზებლად. არ არის დადგენილი, თუ ვინ იდგა პაველის საწინააღმდეგო ამ კამპანიის უკან, პოლიციამ გამოაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ბაბიში წინასაარჩევნოდ იყენებდა სარეკლამო ბილბორდებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ მას არ აირჩევდნენ, ჩეხეთი ფართომასშტაბიან ომში იქნებოდა ჩათრეული.
XS
SM
MD
LG