იგორ კეკელია გვიყვება, რომ ამ ამბიდან მალევე, სკოლის ადმინისტრაციამ მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, თუმცა როცა პედაგოგის უარი მიიღეს, დისციპლინურმა კომიტეტმა და დირექციამ მას მოსწავლეებზე ძალადობა დააბრალეს. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს 30 დეკემბერს მოხდა.
იგორ კეკელია ახლა ორი მიმართულებით იბრძვის:
- დადგინდეს, ვინ და რა კადრები გაავრცელა და მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი;
- სკოლის სამეურვეო საბჭომ გააუქმოს დირექტორის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ყაჩაღობას აიტანს კაცი, ცემას, ქურდობას, მაგრამ ეს ისეთი ტკივილი ყოფილა, იმის დაბრალება, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვითხოვ მაჩვენონ კადრები, სად არის ეს კადრები, მაგრამ პოლიცია მეუბნება, რომ მათ ეს კადრები არ აქვთ, არ უნახავთ...
ემპათია მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ეს აქამდე გადაუტანია. ვიდრე საკუთარ თავზე არ ვიწვნიე, არ მცოდნია, ეს რას ნიშნავს. ვერც აღვწერ რას განვიცდი და რა მდგომარეობაში ვარ.
საბედნიეროდ, მოსწავლეების დიდი ნაწილი გვერდში მიდგას, მწერენ მესიჯებს. სიმართლე გითხრათ, მხარდაჭერას პედაგოგების მხრიდან უფრო ველოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დუმან“, - ეუბნება იგორ კეკელია რადიო თავისუფლებას.
როგორ შეიტყო პედაგოგმა, რომ „რაღაც კადრები“ გავრცელდა?
პროფესიით ისტორიკოსს, 45 წლის იგორ კეკელიას, 18-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მანამდე ის მარტვილში ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის რედაქტორი იყო. 2007 წლიდან კი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მასწავლებლობა გადაწყვიტა.
6 წელია, რაც ფოთის N15 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
გასული წლის 10 დეკემბერს, იგორ კეკელიას ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, გავრცელდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამის შესახებ პოლიციას ანონიმურმა წყარომ შეატყობინაო.
იგორ კეკელია იმავე დღეს გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით, საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება:
„მოვითხოვე კადრების ჩვენება და დაზარალებულის სტატუსის მონიჭება, მაგრამ პოლიციაში მითხრეს, ჩვენ ეს კადრები არ გვინახავს, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მათ მოძიებაში და ხომ არ გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს პირველწყაროო. მე როგორ უნდა დავეხმარო, როცა თავად არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, რა კადრებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
მე ხომ დავფიქრდი საკუთარ თავთან, არა? მე მსგავსი კადრები არასდროს გადამიღია. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. რასაც ასე, მოარული ხმებით ყვებიან, ლაპარაკია სექსუალური შინაარსის კადრებზე, ვინ შექმნა ეს კადრები, თუ ნამდვილად არსებობს ისინი, რა საშუალებებით შექმნეს, არაფერი ვიცი“.
რაც პედაგოგმა გაიგო, ისაა, რომ კადრები თავიდან, სავარაუდოდ, ტელეგრამზე გავრცელდა. ის ფიქრობს, რომ ვიდეო მას შემდეგ წაშალეს, რაც გამოძიება დაიწყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვიდეო დაახლოებით 30-40-წამიანი იყო.
რადიო თავისუფლებამ ვერ მიაკვლია ვერავის, ვისაც ეს ვიდეო ნანახი ჰქონდა. თუმცა ამ სავარაუდო კადრების გარშემო საყოველთაოდ ატეხილ მითქმა-მოთქმაში, დაუდასტურებლად ისიც ითქვა, რომ ვიდეოში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი იყო ასახული.
„ასეთი კადრები რომ ყოფილიყო, ლოგიკურია, უკვე დაპატიმრებული ვიქნებოდი, გარეთ ვინ გამაჩერებდა. თუ კადრი არსებობდა მსგავსი ფაქტით, იმავე დღეს დამაპატიმრებდნენ“, - გვეუბნება იგორ კეკელია.
თავდასხმა მასწავლებელზე
კადრების სავარაუდო გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, იგორ კეკელიას უცნობი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მან პოლიციასაც შეატყობინა, თუმცა, ამ დრომდე, გამოძიებას მისთვის დაზარალებულის სტატუსი არც ამ საქმეში არ მიუნიჭებია:
„ქალაქის ცენტრში, საღამოს ათი საათისთვის, პურის საყიდლად გავედი. პური რომ ვიყიდე, გზად 9 აპრილის ხეივანში შევჩერდი, ჩამოვჯექი, სახლამდე შორი მანძილი მქონდა. ორმა უცნობმა ჩამიარა, გამცდნენ, ერთ-ერთი უკან მობრუნდა და გამეტებით ჩამარტყა მუშტი სახეში. იმ მომენტში ტელეფონში ვიყურებოდი და ვერ მოვასწარი თავის დაცვა. არ ყოფილა არანაირი ვერბალური კომუნიკაცია, არც შელაპარაკება ან მსგავსი რამ.
აი, ასე, მოულოდნელად დამესხა თავს. რამდენიმე დღე მეხვეოდა თავბრუ. პირველად მოხდა, რომ გაკვეთილებს სკამზე დამჯდარი ვატარებდი. პოლიციაშიც განვაცხადე, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ახლა დამიკავშირდნენ, დამატებით გვაქვს ამ საქმეზე კითხვებიო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იგორ კეკელია.
ბულინგი, ზეწოლა - სკოლის, მშობლების, მასწავლებლების რეაქცია
პატარა ქალაქს მალე მოედო ამბავი, რომ სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, სკოლის მასწავლებლის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.
ინფორმაცია, ცხადია, სკოლის მოსწავლეების მშობლებამდე და მასწავლებლებამდეც მივიდა:
„მშობლების ნაწილმა გამოთქვა პრეტენზია, რომ თუკი ასეთი კადრები ნამდვილად გავრცელდა, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, არ გვაქვს სურვილი, რომ ამ ადამიანმა ჩვენს შვილებს ასწავლოსო.
ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და მოვითხოვე, რომ გამოძიებას მშობლებიც გამოეკითხა. სამართალდამცავებმა ისინი გამოჰკითხეს, რათა გაერკვიათ, ხომ არ ჰქონდათ ნანახი კადრები და კონკრეტულად რა პრეტენზიები ჰქონდათ ჩემთან. თუმცა მათ თქვეს, რომ არაფერი უნახავთ, ქალაქში გავრცელდა ინფორმაციაო. ერთი ფაქტითაც კი არ დადასტურდა, რომ ეს კადრები ნანახი ჰქონდათ“, - ეუბნება იგორ კეკელია რადიო თავისუფლებას.
სკოლის პედაგოგებმა წერილით მიმართეს N15 საჯარო სკოლის დირექტორსა და შსს-ს და მოითხოვეს დადგენილიყო, უქმნიდა თუ არა ვიდეოკადრების გავრცელება პრობლემას სასწავლო პროცესს, ლახავდა თუ არა ამ ვიდეოს არსებობა პედაგოგის ან სკოლის რეპუტაციას.
გამოძიებამ გამოჰკითხა სკოლის პედაგოგებიც. თუმცა იგორ კეკელია ამბობს, რომ მშობლების მსგავსად, მათაც თქვეს, რომ გავრცელებული კადრები არ უნახავთ.
იგორ კეკელია ამბობს, რომ სკოლის დირექციამ მას ერთ-ერთ კლასში გაკვეთილების ჩატარების უფლება აღარ მისცა:
„კონკრეტულად იმ კლასში, სადაც მშობლებმა მოითხოვეს, რომ გამოძიების დასრულებამდე მათი შვილებისთვის აღარ ჩამეტარებინა გაკვეთილები. ამის გამო ბევრი ვიკამათე, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს მასწავლებელი.
24 დეკემბერს კი სკოლამ პედსაბჭოს სხდომა მოიწვია.
„[სხდომაზე] მაიძულებდნენ, რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი სამსახურიდან. [მიმტკიცებდნენ] რომ ჩემი იქ დარჩენა შეურაცხმყოფელი იყო სკოლისთვის, რომ ღირსება თუ გამაჩნდა, განცხადება სამსახურიდან წასვლაზე უკვე დაწერილი უნდა მქონოდა. მე კატეგორიული უარი ვთქვი განცხადების დაწერაზე“, - ამბობს იგორ კეკელია.
45 წლის პედაგოგი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც უარი თქვა სამსახურის დატოვებაზე, დირექციამ მის წინააღმდეგ ყალბი კომპრომატების შეგროვება და ამისათვის მშობლების გამოყენება დაიწყო:
„9 კლასს ვასწავლი, 500-ბავშვიან სკოლაში შეიძლება მოიძებნოს მშობელი, რომელსაც სხვა მიმართულებით ექნება პრეტენზია, მაგალითად, მაღალ ქულაზე. დაიწყეს ასეთი მშობლების დაბარებები და 2-3 მშობელს დააწერინეს ჩემს წინააღმდეგ საჩივარი, რომ თითქოს მე ერთ-ერთ მესამეკლასელს წიგნი ჩავარტყი თავში“, - ამბობს იგორ კეკელია. მან პოლიციას თავად მოსთხოვა ამ შემთხვევის გამოძიება.
გამოკითხვაზე დაიბარეს როგორც თავად საჩივრის ავტორი მშობელი და მისი შვილი, ასევე სხვა მოსწავლეები და მშობლებიც. იგორ კეკელია ამბობს, რომ ბავშვმა გამოძიებას მშობლის საპირისპირო ჩვენება მისცა:
„მესამეკლასელი ბავშვი ალალი გულისაა, გამომძიებლებს უთხრა, რომ მე მასზე არ მიძალადია. შესაბამისად, გამომძიებლებმა ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახეს და საქმე ამით ამოწურეს“.
თუმცა ეს საქმე არ ამოწურულა სკოლის ადმინისტრაციისთვის:
„სკოლამ სარწმუნოდ მიიჩნია ამ მშობლისა და კიდევ სხვა მშობლის საჩივარი, რომ თითქოს მე ბავშვებზე ვძალადობდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. არასამუშაო დღეს, კვირას, 28 დეკემბერს, მოიწვია დისციპლინური კომიტეტის სხდომა.
ფორმალურად, ერთ დღეში გამომიცხადეს გაფრთხილებაც, საყვედურიც, სასტიკი საყვედურიც და სკოლის დირექტორს მისცეს რეკომენდაცია ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე გააყალბეს სხდომის თარიღიც - ოქმის თანახმად, სხდომა თითქოს ორშაბათს, 29 დეკემბერს, ჩაატარეს. მე ამ სხდომას, ცხადია, ვესწრებოდი. გულწრფელად გეტყვით, ისიც კი ვერ გავიგე, რას მედავებოდნენ“.
იგორ კეკელია სამსახურიდან 30 დეკემბერს გაათავისუფლეს. დისციპლინური კომიტეტის ოქმი კი, რომლის საფუძველზეც ის სამსახურიდან დაითხოვეს, სრულად „დაშტრიხული“ გადასცეს. მასში, ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა და საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალი არ იკითხება.
იგორ კეკელია ამბობს, რომ პედაგოგის ხელფასი მისთვის და მისი 90 წლის მამისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
რას პასუხობენ რადიო თავისუფლებას სკოლასა და რესურსცენტრში?
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, მერაბ ბარამიას, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა: „მე არაფერი მაქვს სათქმელი, ჩემთან რატომ რეკავთ, დაუკავშირდით რესურსცენტრს“.
რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა არც სკოლის ადმინისტრაციამ.
დირექტორის მოადგილემ, თეა ხორავამ, თავდაპირველად უდროობა მოიმიზეზა და მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვა. მასთან მოგვიანებით დაკავშირება კი ვეღარ შევძელით - დირექტორმა აღარც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და აღარც შეტყობინებას.
ფოთის N15 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა საბულუამ, რომელიც ამასთანავე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“, კომენტარის მისაღებად ფოთში ჩასვლა გვთხოვა:
„ჩამობრძანდით და ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ, რაც კი არსებობს, ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ. ასე ზეპირად და ასე ონლაინ ჩატარებული გამოკითხვები, ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი. მობრძანდით და ყველაფერს გაგაცნობთ“.
ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლანა ტუღუში, რადიო თავისუფლებასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
„ჯერ პროცესი არ დასრულებულა. მასწავლებელს გასაჩივრებული აქვს ეს გადაწყვეტილება. შემდეგი ეტაპია შრომითი დავა, რისი უფლებაც მას აქვს. რაც შეეხება კადრების სავარაუდო გავრცელებას, ეს ჩვენს კომპეტენციას ცდება, სკოლამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მიმდინარეობს გამოძიება.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა
იგორ კეკელიამ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სკოლის სამეურვეო საბჭოში 12 იანვარს გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭო სამი მშობლის, სამი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლისგან შედგება. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ, დატოვებენ თუ არა ძალაში სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას.
იმ შემთხვევაში, თუკი სამეურვეო საბჭო ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ჯერი უკვე სასამართლოზე დგება.
იგორ კეკელიას უფლებებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი იცავს. პირველ რიგში, ის ითხოვს, რომ მასწავლებელს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ამ მოთხოვნით, 12 იანვარს უკვე შევიდა განცხადება პროკურატურაში.
სტატუსის მინიჭება ადვოკატს საშუალებას მისცემს, გაეცნოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეში არსებულ მასალებს:
„უნდა ვნახოთ, აქვს თუ არა გამოძიებას კადრები. ზეპირად გვეუბნებიან, რომ მათ ეს კადრები არ აქვთ. თუკი კადრები არ არის, მაშინ რა იციან, რომ ნამდვილად გავრცელდა ვიდეო? თუკი იციან, რომ გავრცელდა კადრები და მათ ამის შესახებ შეატყობინეს, მაშინ ამ ანონიმურ წყაროს უნდა წარედგინა ან კადრი, ან ფაქტი ეთქვა, სად არის ეს კადრები.
დასადგენია ვიდეოს ავთენტურობაც, რადგან სანამ ამ კადრების სავარაუდო გავრცელებაზე დაიწყებოდა გამოძიება, მანამდე ვრცელდებოდა ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოები, რომლებიც არ შეიცავდა სექსუალურ შინაარსს, მაგრამ სხვა ადამიანის ტანზე ჩასმული იყო იგორის სახე. ამიტომ, თუკი ასეთი ვიდეო საერთოდ არსებობს, არ არის გამორიცხული, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო აღმოჩნდეს.
საკმაოდ ბევრი ადამიანია გამოკითხული, მაგრამ ძალიან რთულია შორიდან შეაფასო როგორ მიმდინარეობს გამოძიება, სანამ საქმის მასალებს არ ვნახავ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, დათვალიერებულია თუ არა ამ ხალხის ტელეფონები, დანიშნულია თუ არა ტელეფონებზე ექსპერტიზები. ამიტომ აუცილებელია, რომ ახლა იგორ კეკელიას დროულად მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ“, - ეუბნება თორნიკე მიგინეიშვილი რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში არაერთი ხარვეზია და სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საქმეს სკოლა „აუცილებლად წააგებს“:
„დაველოდებით სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე ერთი თვის ვადაში გავასაჩივრებთ ამ უკანონო გათავისუფლებას ფოთის სასამართლოში, დავიწყებთ შრომით დავას.
სკოლამ ერთ დღეში დაწერა გაფრთხილება, საყვედური და შემდეგ გათავისუფლება. იმდენად აბსურდული საქმეა, რომ არც კი შეიძლება მოვიაზროთ ის იურისტების გაკეთებულ საქმედ. ეს პროცესი სკოლამ თვითნებურად ჩაატარა. ჩათვალეს, რომ ამ ამბავს არაფერი მოჰყვებოდა - იგორი გაჩუმდებოდა, შერცხვებოდა, ადვოკატს ვერ იპოვიდა.
სამართლებრივად ძალიან მარტივად მოსაგები საქმეა, უბრალოდ ახლა ჩემი მიზანია, რომ გარდა სამართლებრივი მოგებისა, ამ ადამიანმა აღიდგინოს რეპუტაცია, რადგან ის ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ეს იქნება პრეცედენტული საქმე. ეს საქმე არ ეხება მხოლოდ იგორს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ რა კადრებიც არ უნდა გაუვრცელონ მათ, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, ისინი შეძლებენ თავის დაცვას და მარტო არ დარჩებიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
დევნა პოლიტიკური ნიშნით?
იგორ კეკელია არ გამორიცხავს, რომ ის, შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი იყოს.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მას სკოლის ადმინისტრაციისგან და პედაგოგთა უმრავლესობისგან განსხვავებით, სრულიად სხვა შეხედულებები აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
იგორ კეკელია იყო იმ სამი პედაგოგიდან ერთ-ერთი, რომლებიც პროევროპულ აქციებს ღიად უჭერდნენ მხარს და ფოთში საპროტესტო პლაკატით იდგნენ:
„მე მაქვს რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია. ჩემს სკოლაში მხოლოდ სამი პედაგოგი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ფოთში ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. თავად სკოლის დირექტორი საკრებულოს დეპუტატია "ქართული ოცნებიდან". არ ვიცი, შეიძლება ამის გამოც არ მოვწონდე“, - ფიქრობს მასწავლებელი.
მხარდაჭერა რუსთაველის გამზირიდან
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიურ საპროტესტო აქციაზე, 12 იანვარს იგორ კეკელიას მხარდამჭერი გზავნილით გამოვიდა ენათმეცნიერი ლევან კოჭლამაზაშვილი:
„იგორი როგორც გამორჩეული პედაგოგი, ასევე გამორჩეული მეცნიერიცაა. აქვს არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გამოცემული. მის შრომას წლებია ვადევნებ თვალს. ყველაფერს აკეთებს მოსწავლეებისთვის, რომ ისინი იყვნენ განათლებით გამორჩეულები და ამავე დროს, მოაზროვნეები. ასეთი კადრები ფოთის სკოლებში კი არა, დედაქალაქის სკოლებშია სანთლით საძებნელი. იშვიათია ასეთი ენთუზიასტი და საქმეზე თავგადადებული მასწავლებელი.
იგორის წინააღმდეგ ახლა იყენებენ კგბ-ს სტილს, ცილისწამების კამპანიას, რაშიც აიყოლიეს ადგილობრივები... მე ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არაფერი შემიძლია, ვდგავარ აქ, რომ იგორს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან კოჭლამაზაშვილმა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ან პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულის 161 შემთხვევა.
2025 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მუხლით 110 საქმე აღიძრა. სამართალდამცავებმა შეძლეს 43 საქმის გახსნა.
ფორუმი