Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს ასახელებს და პასუხისმგებლობას სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებს

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის.

ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერები და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“ და დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, თუ არა მათი მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ?

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრებთან და პარტიის წევრებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა და ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან თქვა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, „8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი.. 7 აგვისტოს რაც მოხდა ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და შემდეგ ხელი მოაწერა რეზოლუციას“.

უკვე მესამე წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს [წინა ხელისუფლებას]. აგვისტოს ომს “გარე ძალების” – [გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის] დაკვეთად განიხილავს და ასეთ ძალებს დასავლეთში ხედავს.

2024 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, გორში სიტყვით გამოსვლისას, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს “ომის გამჩაღებლები” უწოდა, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს - მაშინდელი ხელისუფლების ღალატი.

2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პროსამთავრობო აქციაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან “გლობალური ომის პარტიამ” დააპირისპირა და რომ "გლობალური ომის პარტიისთვის" “საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".

პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 8 აგვისტოს ომის დაწყების მტკიცება რუსული ნარატივია და ომის დაწყების თარიღია 7 აგვისტო, როდესაც პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს...

მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას და ჩვენი გმირები შეეწირენ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, აგენტი და მოქმედებდა უცხო ძალების ინტერესების დაკვეთით“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი ასე უპასუხა:

„რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20 ოკუპაცია და რა თქმა უნდა ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე... ოკუპაცია დანაშაულია... სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ღალატი ვერ გადაფარავს ოკუპაციას.. ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჯიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენ მთავარია, რომ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება...

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება, ეს გაგრძელება იყო ოკუპაცია და ე.წ. აღიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე მტკიცებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელის მოწერით თავად დაადასტურა, რომ ომი მათ დაიწყეს:

„რეზოლუციაში სიტყვასიტყვით წერია: ფართომასშტაბიან საომარ ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა საააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ...სააკაშვილის რეჟიმი იქ არ წერია...ქართული მხარე წერია. ასე მე ვციტირებ“

- თქვენ ისე გესმით რომ საქართველომ დაიწყო ომი?

„ამას ნიშნავს - ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სხვა სიტყვებით არის ომი....ამას სამარცხვინოდ ხელი მოაწერა.. საუბარია იქ რუსეთის პასუხზეც...ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი. ამას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები“ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც საუბრობს ომამდე მიმდინარე პროცესებზე, ომის მსვლელობაზე და მის შედეგებზე. რეზოლუციამდე ერთ დღით ადრე საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EU Monitoring Mission/EUMM) დაიწყო.

რეზოლუცია არ ასახელებს მხარეს რომელმაც დაიწყო ომი, არამედ აღნიშნავს რომ „იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ.“

რეზოლუციის ტექსტში 7 აგვისტოსთან მიმართებით საუბარია არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზე.

ასევე მითითებულია, რომ - „ის [ომი] წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“.

რუსეთის დელეგაცია #1633 რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს დელეგაციიდან მას ხელი მოაწერეს პოლიტიკოსებმა: გიორგი თარგამაძემ, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა.

7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% - აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა?

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი. მანაც მომხდარზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა და „ტაშ-ფანდური უწოდა“ რუსთაველზე გამართულ მიტინგს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში ჩამოსული პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტები (ლეხ კაჩინსკი, ვალდას ადამკუსი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი და ვიქტორ იუშჩენკო) და ლატვიის პრემიერ მინისტრი (ივარს გოდმანისი).

„500-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი - მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ვითარდებოდა ჩვენს საქართველოში. ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, სულ რამდენიმე წელში, ჯერ იმავე დღეებში, ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როცა ჯერ კიდევ, ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები გაციებული არ იყო, მათ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რა თქვა შალვა პაპუაშვილმა?

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ამბობს,რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით თარიღებით ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ „ჯონგლიორობს“.

„იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხებია, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაიფაროს მთავარი საკითხი. აქ საკითხი როდის დაიწყო ომი კი არ არის, არამედ კითხვა არის იმაში თუ რატომ დაიწყო ომი“, - ამბობს ის.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, 2008 წელს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოფილიყო ომი არ მოხდებოდა.

„ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა“, - თქვა მან მას შემდეგ, რაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც შვიდი აგვისტოს ნაცვლად, რვა აგვისტოს ავრცელებენ რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებებს.

უწყების საიტზე იძებნება 2023 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნებული ომთან დაკავშირებული მსგავსი შინაარსის განცხადებაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროც გავრცელებულ განცხადებაში ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. უწყების შეფასებით, რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაფართოებას, მათ მილიტარიზაციას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია და მოსახლეობის იზოლაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა ადგილზე ვითარების სრულფასოვან შეფასებას ართულებს.

უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას აგრძელებს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც საქართველო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების საკითხებს აყენებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

„18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალა ახლდება

ფორუმი

XS
SM
MD
LG