Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰყვება შანიძეზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე

შანიძის ქუჩა მკვლელობის შემდეგ. 23 ივლისი, 2026 წელი
შანიძის ქუჩა მკვლელობის შემდეგ. 23 ივლისი, 2026 წელი

ოთხი მუხლით წარუდგინა ბრალდება პროკურატურამ 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ერთი, 17 წლის ბიჭი, დაიღუპა.

გამომძიებლებმა კაპანაძეს ბრალდება წაუყენეს ალადაშვილის კლინიკაში, სადაც ის 23 ივლისის ღამეს მიიყვანეს. შანიძის ქუჩაზე, მის კუთვნილ სასტუმროში დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის გამო, მას ორივე ხელის მტევანი დაუზიანდა. ექიმების თქმით, ნიკოლოზ კაპანაძეს ამპუტირებული აქვს ერთი თითიც.

კაცს ბრალდება წარდგენილი აქვს ამ მუხლებით:

  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა;
  • დამამძიმებელ გარემოებებში სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა;
  • პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა;
  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

რა წერია ბრალის დადგენილებაში?

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ „22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.

შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.“

პროკურატურის თანახმადვე, იმავე ღამეს, დაკავებისას, ნიკოლოზ კაპანაძემ „სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა“.

რას ამბობს ადვოკატი?

ნიკოლოზ კაპანაძის ადვოკატი ირაკლი აბსანძე ბრალდების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. ის ამბობს, რომ კაცი, სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებს მისთვის ბრალად შერაცხილ ქმედებებს:

ირაკლი აბსანძე, ადვოკატი
ირაკლი აბსანძე, ადვოკატი

„ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ამისათვის ჩატარდება შესაბამისი სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს, რა მდგომარეობაშია ის. რაც არ უნდა ვილაპარაკო, აღიარებს თუ არა ბრალს, ამასთან დაკავშირებით თავი უნდა შევიკავო. რაც არ უნდა ვთქვა ახლა მე, დადებითად ვილაპარაკო მასზე თუ უარყოფითად, ან რა გადმომცა, რა ილაპარაკა, ყველა შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ იქნება გულისწყრომა და აზრი არ აქვს. ეს ჩემი პოზიციაა, მას არაფერი დაუბარებია. პოზიცია ცალსახად არ გაუჟღერებია“, - ამბობს ირაკლი აბსანძე.

მისი თქმით, ბრალდებულს იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა, თუმცა, ბრალდების თანახმად, არ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. როდის შეიძინა მან იარაღი, ამაზე ადვოკატს პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამბობს, რომ საქმის მასალებს არ გასცნობია და ამ ეტაპზე არ შეუძლია თქვას, აქვს თუ არა მას რაიმე დიაგნოზი.

ირაკლი აბსანძე - ნიკა კაპანაძის ადვოკატი
please wait
ირაკლი აბსანძე - ნიკა კაპანაძის ადვოკატი

No media source currently available

0:00 0:06:46 0:00

23 ივლისს "ტვ პირველთან" საუბრისას, ბრალდებული კაცის დედამ თქვა, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მას გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერიც. მისივე თქმით, სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაპანაძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ იარაღი მხოლოდ ერთი თვით ჩამოართვეს და შემდეგ უკან დაუბრუნეს.

რადიო თავისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს კითხვებით მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რა უამბო რადიო თავისუფლებას თავდასხმის უშუალო მოწმემ?

23 ივლისის ღამეს, პოლიციის განყოფილებაში გამთენიამდე აძლევდა ჩვენებას შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე, შუა ასაკის ქალი.

ის რადიო თავისუფლებასთან დეტალურად იხსენებს 22 ივლისის ღამით შანიძის 31 ნომერთან მომხდარს. გვიხსნის, რომ ახალგაზრდებზე თავდასხმის ზუსტი დრო იმიტომ ახსოვს, რომ იმ საღამოს შანიძეზე ავტომობილი გააჩერა, ზონალური პარკინგის აპლიკაცია ჩართო, რომელმაც საათი და წუთი დააფიქსირა. იმ საღამოს ქალი ვერის პარკში ძაღლის გასეირნებას გეგმავდა.

სასტუმრო შანიძის ქუჩაზე. 23 ივლისი, 2026 წელი
სასტუმრო შანიძის ქუჩაზე. 23 ივლისი, 2026 წელი

მანქანის გაჩერების შემდეგ, ნელი სვლით ძაღლთან ერთად გაუყვა შანიძის დაღმართს და როდესაც 31 ნომერთან ნიკა კაპანაძის ოჯახის სასტუმროს გაუსწორდა, სწორედ მაშინ შენიშნა ბიჭები, რომლებიც მის მოპირდაპირედ მოდიოდნენ:

„20 წლისებიც არ იქნებოდნენ, ერთმანეთს რომ გავუთანაბრდით, შევამჩნიე, გაბადრული სახეებით მიიჩქაროდნენ ზევით, ერთმანეთის მიყოლებით. სწორედ ამ დროს გავიგე სასტუმროს პირველი სართულის ფანჯრიდან ხმა“.

ქალი ჰყვება, რომ ფანჯარაში თეთრმაისურიანი, თმაშეკრული კაცი დაინახა:

„და ეუბნება ამ ბავშვებს: კი მაგრამ, რა გაცინებთ ვერ გავიგე, მე იქნებ რა პრობლემა მაქვს! ბავშვები უკვე ხეებთან იყვნენ, მოტრიალდნენ, ახედეს და რომელიღაცამ დაუძახა, „რა დავაშავეთ, არაფერი დაგვიშავებიაო“. პირდაპირ გეტყვით, მე ყურში ამ ბავშვების გადამეტებული სიცილი ან ხმაური არ მომხვედრია.

ბავშვებმა გზა გააგრძელეს. აშკარად სადღაც ჩქარობდნენ. ამ კაცმა ისევ გააგრძელა ყვირილი: „მოიცა, მოიცა, თქვენ რა, თბილისელი ბიჭები არ ხართ? თბილისელ ბიჭებს პრობლემები არ გაქვთ?“ ეს ბავშვები ისევ შეჩერდნენ. კაცმა გააგრძელა: "მე იქნებ სახლში დაჭრილი მყავს“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ქალი იხსენებს, რომ კაცის ამგვარმა საქციელმა შეაშინა და გადაწყვიტა, ბავშვები იქაურობისათვის გაერიდებინა:

„ვიფიქრე, ამან ეს ბავშვები არ აიყოლიოს-მეთქი და ოდნავ ხელის შეხებით, ბავშვებს ღიმილით ვუთხარი, წადით ბავშვებო-მეთქი. ჩემი თქმა არც კი დასჭირდათ, ერთ-ერთმა თქვა: „წამო, ბიჭო, წამო“ და დაიძრნენ ზევით. დავინახე, რომ მივიდნენ იქვე, შანიძეზე გაჩერებულ მანქანასთან, სასტუმროსთან ძალიან ახლოს“.

please wait

No media source currently available

0:00 0:07:38 0:00
გადმოწერა

ქალი გვიყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებმა იქაურობა მაშინვე დატოვეს, კაცი ფანჯარას არ მოშორებია:

„ვხედავ, ეს ბიჭი არ იძვრის ფანჯრიდან. ავხედე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი: „ბავშვები არიან“, - ვითომ რომ დამემშვიდებინა. სწორედ ამ მომენტში შევამჩნიე, რომ ზურგს უკან დაუდგა ასაკოვანი კაცი, ჩუმად, უხმოდ.

ამასობაში ბავშვები მივიდნენ მანქანასთან, გააღეს კარი, უკვე ვფიქრობ, რომ სიტუაცია განიმუხტა, მეც წავალ და უცებ, იღება სასტუმროს კარი, გამოდის ეს ხანშიშესული კაცი, ხელების შლით მიდის ბიჭებისკენ და უყვირის: „კი მაგრამ, აქ რა ხდება, ბიჭებო“. რომელიღაცა ბიჭმა უპასუხა: „არაფერი, ბაბუ!“

ეს კაცი რომ არ გამოსულიყო, ბავშვები უკვე წასულები იქნებოდნენ. ამ კაცმა შეაფერხა ეს ბავშვები. ეს შეგნებულად ქნა თუ უტვინობით მოუვიდა, არ ვიცი, ამ კაცმა შეაფერხა ეს ბავშვები“...

ქალის თქმით, სწორედ ამ დროს გააღო ბრალდებულმა კაცმა კარი და მანქანისკენ წავიდა ჩქარი სვლით:

„ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი ფანჯარაშივე უკვე შეიარაღებული იყო, რადგან ისეთი სისწრაფით გაჩნდა გარეთ, ვერც კი აგიღწერთ. რამდენიმე წამში აღმოჩნდა ზუსტად ჩემს წინ. მაქცია ზურგი და მაშინვე წაიღო ხელი მარჯვენა ჯიბისკენ. თავიდან სიმართლე გითხრათ, მეგონა, დანას ამოიღებდა.

ხომ არის მომენტი, რომ გინდა რაღაცას არ უყურო, სიმწრით რომ ხუჭავ თვალებს, უცებ დავხარე თავი, რომ ამეკრიფა პოლიციის ნომერი და ვხედავ, რომ სწრაფად იძვრება მანქანა. სავარაუდოდ, ბავშვებმა უკვე დაინახეს, რომ მას იარაღი ჰქონდა. ეგრევე ატეხა სროლა. იდგა გზაზე და ისროდა. ამ კაცის დედა და ის ხანშიშესული კაცი [ქალი მას მამად მოიხსენიებს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მამაა - რ.თ.] იქვე, პალმების ქვეშ იდგნენ. რეაქცია არ ჰქონიათ“.

შანიძის ქუჩა, სადაც დაჭრილი ახალგაზრდების მანქანა გაჩერდა.
შანიძის ქუჩა, სადაც დაჭრილი ახალგაზრდების მანქანა გაჩერდა.

ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, რომ კაცი მასაც ესროდა.

„მივხვდი, ხე ვერ მიშველიდა და დავეშვი ქვევით სირბილით. იქვე შევვარდი კაფეში, იქ უკვე წამოშლილი დამხვდა ხალხი, ფეხზე იდგნენ“.

ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა:

„ხომ იმიტომ გავჩერდი, რომ იქ სიტუაცია არ დაძაბულიყო. მაგრამ არ ვიცი, მეტი რისი გაკეთება შემეძლო მე. ყველაზე დიდი ტანჯვა ახლა ჩემთვის არის ის, რომ ესენი იყვნენ... ყველა ბავშვი კარგია, უბრალოდ, სხვა რამის თქმა მინდა, სიტყვა არ დასცდენიათ ამ ბავშვებს ცუდი, გადაბრუნებული. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამ ბავშვებს ცუდი, მართლა არაფერი, იდგნენ მის პირისპირ, რომელსაც ესენი უნდა დაეხოცა. ეს ბიჭები მანქანისკენ რომ არ წასულიყვნენ და საუბარი ფანჯრის ქვეშ გაგრძელებულიყო, ვფიქრობ, რომ ფანჯრიდანვე დახოცავდა“, - ეუბნება ქალი რადიო თავისუფლებას.

ნიკოლოზ კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ, 25 ივლისს, კლინიკაში იმსჯელებს.

26 ივლისს დაკრძალავენ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს. ის 18 წლის პირველ აგვისტოს ხდებოდა. ამ ზაფხულს ჩააბარა უმაღლესში მისაღები გამოცდებიც.


  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG