Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემთხვევითი რიცხვები, სპარსული შიფრი: იდუმალი სიგნალი ნუსხავს რადიომოყვარულებს და დაზვერვის ექსპერტებსაც

იდუმალი სპარსული „რიცხვების რადიოსადგური“ რადიოს მოყვარულების ყურადღების ცენტრში

რადიოსიგნალი პირველად 28 თებერვალს გადაიცა, დაახლოებით 12 საათში მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყეს.

მოკლე ტალღებზე, გადაცემაში, დღეში ორჯერ - კოორდინირებულად - უნივერსალური დროით, დილით ადრე და საღამოს ადრე ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც სპარსულად ამბობს რიცხვებს, არეულად - არა რიგით. ის რიცხვებს ჩამოთვლის რაღაც დროის განმავლობაში, რასაც შემდეგ მოჰყვება პაუზა, რომლის განმავლობაშიც იგი სამჯერ აცხადებს: „ტავაჯოჰ! - სპარსულად „ყურადღება“.

"იდუმალმა მაუწყებელმა" ბევრი გააოცა მთელ მსოფლიოში - რადიოსიგნალების მოყვარული მკვლევრებისა და დეტექტივების წრეებში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი აზრებსა და რჩევებს ამ სიგნალის, მისი წარმოშობისა და შესაძლო მიზნების შესახებ.

Mysterious Radio Message Broadcast In Persian
please wait
Mysterious Radio Message Broadcast In Persian

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

ხუთი დღის შემდეგ ეს „გადაცემები“ უფრო საინტერესო გახდა.

4 მარტს სიგნალის ჩახშობა დაიწყო ელექტრონული ხმაურით, რამაც ციფრების მოსმენა თითქმის შეუძლებელი გახადა. გადაცემა გარკვეული დროით შეჩერდა, შემდეგ კი სხვა მოკლეტალღოვან სიხშირეზე გადავიდა.

„საინტერესო ეს იმიტომაა, რომ სიგნალის ჩახშობა საწყის სიხშირეზევე დაიწყო“, - აგვიხსნა აკინ ფერნანდესმა, რომელიც დაშიფრული რადიოტექნოლოგიის, ე.წ. რიცხვების სადგურის აღიარებული ექსპერტია ათწლეულების განმავალობაში. ის ამბობს, რომ „ვიღაცას არ სურს, რომ [სიგნალის] მიმღებმა ციფრები გაიგოს“.

„ორი დაპირისპირებული ჯგუფი ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებს. საკითხავი ისაა, ვის აქვს უკეთესი ტექნიკური საშუალებები სადგურის სიგნალის ჩახშობისთვის", - თქვა ფერნანდესმა. "შეერთებულ შტატებს აქვს საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ სიგნალს ირანი გადასცემს. ან შეიძლება ეს იყოს ირანი, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არის მაუწყებლობის წყარო“. „უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ“, - თქვა მან.

„ვერაფრით გაშიფრავ“

იმაზე, თუ ვინ გადასცემს და ვინ ახშობს სიგნალს, მრავალი ურთიერთსაპირისპირო თეორია არსებობს. იდუმალი მაუწყებლობა სხვა ეპოქაში გვაბრუნებს, ციფრული დაშიფვრის გამოჩენამდე:

მაუწყებლობის ამ ფორმას უწოდებენ „რიცხვების სადგურს“ - ესაა ცივი ომის ეპოქის ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს რადიოგადაცემებს და ძველი ყაიდის კრიპტოლოგიას საიდუმლო შეტყობინებების გადასაცემად - ჩვეულებრივ, ჯაშუშებისთვის მთელ მსოფლიოში.

კონცეფცია ასეთია: რიცხვების შემთხვევითი რიგის გამოყენებით, რომელიც იშიფრება რაიმე მექანიკური ან ელექტრონული, ან უფრო მძლავრი მოწყობილობით, ადამიანს შეუძლია გაუგზავნოს კოდირებული შეტყობინება სხვა პირს, რომელსაც აქვს დეკოდერი, რომელსაც ხშირად „ერთჯერად პასვორდს“ უწოდებენ.

გადაცემის მოსმენა ნებისმიერს შეუძლია: სიგნალი მოკლე ტალღებით შორ მანძილზე მიდის, ატმოსფეროზე აირეკლება. მხოლოდ დეკოდერის მქონე ადამიანს შეუძლია მისი გაშიფვრა.

„ციფრების სადგურის“ კოდს „ვერაფრით გაშიფრავ“, - თქვა ფერნანდესმა, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გამოაქვეყნა ოთხნაწილიანი აუდიოკრებული სახელწოდებით Conet Project-ი. ნაშრომი შეიცავს ასობით ჩანაწერს მთელი მსოფლიოდან, ის "რიცხვების სადგურების" მოყვარულთა „ბიბლიად“ ითვლება.

ირანის სარადარო სისტემა. ირანის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის წვრთნების პირველ დღეს 2020 წლის ოქტომბერში
ირანის სარადარო სისტემა. ირანის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის წვრთნების პირველ დღეს 2020 წლის ოქტომბერში

„გამოყენებული რიცხვები სრულიად შემთხვევითია. არ არსებობს მათემატიკური ფორმულები, რომლებითაც მათ გაშიფრავთ, - ამბობს ფერნანდესი, - და მაშინაც კი, თუ პასუხი გაირკვევა, ვთქვათ, ნორმალურ ინგლისურ ენაზე ტექსტი გექნებათ, ის გასაგები მაინც არ იქნება“.

„ასოების ან რიცხვების შემთხვევითი რიგის შესახებ მათი სიგრძის გარდა, ვერაფერს იტყვით. შეტყობინების სიგრძე არ არის გადაცემული ინფორმაციის შინაარსი, - მსჯელობს ფერნანდესი, - მაგრამ შესაძლებელია სადგურების მიზნების დადგენა ეთერში მათი ყოფნის ხანგრძლივობით და მათ მიერ გადაცემულ "ხმაურზე" დაყრდნობით, თუ შეტყობინებას ტექსტი არ ახლავს“.

ჯაშუშებისა და მზვერავების პორტატიული გადამცემი R-394KM-ი, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში "კაგებე" და სოციალისტური ქვეყნების უშიშროების სამსახურები იყენებდნენ, ბევერლი ჰილსის მუზეუმში, აშშ
ჯაშუშებისა და მზვერავების პორტატიული გადამცემი R-394KM-ი, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში "კაგებე" და სოციალისტური ქვეყნების უშიშროების სამსახურები იყენებდნენ, ბევერლი ჰილსის მუზეუმში, აშშ

ეს სპარსულენოვანი მაუწყებლობა წლების განმავლობაში პირველი ე.წ. რიცხვების რადიოსადგურია, იტყობინება Priyom-ი, გამოცემა- ბლოგი, რომელსაც რადიომოყვარულები მართავენ. პირველებმა ამოიცნეს, აღნუსხეს და გააანალიზეს სიგნალი ბრიტანული ჯგუფის, Enigma2000-ის წევრებმა. მათ სადგურს პირობითად V32 უწოდეს.

სპარსულენოვან სიგნალს აშშ-ში მოღვაწე რეპორტიორმა სეთ ჰეტენამაც მიაქცია ყურადღება 4 მარტს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

Priyom-ი ამბობს, რომ მისმა წევრებმა შეძლეს სიგნალის გადამცემის წარმოშობის ადგილის დაახლოებით მიგნება: ის „სადღაც იმ ტერიტორიაზეა, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ იტალიას, შვეიცარიას, დასავლეთ გერმანიას, აღმოსავლეთ საფრანგეთს, ბელგიასა და ნიდერლანდს“.
ამით V32-ის მაუწყებლობის მფლობელის შესაძლებლობები შემოიფარგლა. და შემდეგ დაიწყო ჩახშობა.

ჩახშობა შიშინით

ცივი ომის დროს ისეთ რადიოსადგურებს, როგორებიცაა BBC, Deutsche Welle, რადიო თავისუფლება რეგულარულად ახშობდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლება, რომელსაც სურდა, ხელი შეეშალა მოქალაქეებისთვის, მიეღოთ ინფორმაცია ცენზურის გარეშე: ახალი ამბები, სხვა ინფორმაცია საკუთარი ქვეყნების ან, ვთქვათ, დასავლეთში ჯაზისა და როკ-მუსიკის შესახებ. უცხოეთიდან მაუწყებლობას ახშობდნენ ხმაურით - შიშინით.

Priyom-ის თანახმად, 4 მარტს ჩამხშობმა გადამცემმა დაიწყო ეთერში ხმაურის გაშვება მოკლე ტალღების იმავე სიხშირეზე, რომელზეც თავიდან მაუწყებლობდა V32, რაც ართულებდა მის მიღებას და გაგებას.

Priyom-ის თქმით, V32-ის გადაცემები დროებით შეწყდა და შემდეგ სხვა ახლომდებარე სიხშირეზე გადაერთო.

„თავდაპირველად ის ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯაშუშური სადგური ეგონათ, მაგრამ როდესაც „ჩამხშობი” გამოჩნდა, რომელიც მის მაუწყებლობას ხელს უშლიდა, ყველაფერი ნათელი გახდა“, - თქვა მაუნო რიტალომ, გერმანიაში დაფუძნებული რადიოკომპანიის, Radio Data Center-ის მონაცემთა ბაზის გამგემ.

„ეს ზუსტად იმავე ტიპის “ჩამხშობია”, რომელიც გამოიყენება რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის - „რადიო ფარდას“, „ამერიკის ხმის“ სპარსული მაუწყებლობის, „ირანის საერთაშორისო ტელევიზიის“ მოკლეტალღოვანი რეტრანსლირების და BBC Farsi-ის წინააღმდეგ“, - თქვა მან.

„ერთ ღამეს ამით „რადიო თავისუფალი ირანიც“ კი დაზარალდა“.

რაც შეეხება გადაცემის წყაროს, გლობალურ რადიოსაზოგადოებას ურთიერთგამომრიცხავი თეორიები აქვს მის გარშემო. ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს თვლის წყაროდ, რომელიც, შესაძლოა, ირანში მყოფ აგენტებს დაშიფრულ შეტყობინებებს უგზავნიდეს.
სხვა თეორიების ავტორები მიუთითებენ ისრაელზე ან იმავე თურქეთზე, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ოპერაციაში არ მონაწილეობს, მაგრამ რეგიონში თეირანის დიდი ხნის მეტოქეა.

ან, როგორც Priyom-ის ბლოგერები ვარაუდობენ, ეს შეიძლება ფსიქოლოგიური იერიში იყოს: „საკმაოდ ღია, ერთსიხშირიანი სადგური, რომელიც საიდანღაც გაჩნდა მაუწყებლობის საუკეთესო საათებში ომის პირველ დღეს და შედარებით მცირე სანდოობით, იმ მიზნით, რომ მსმენელებმა რეალურად შეძლონ ინფორმაციის სრულად და შეცდომების გარეშე კოპირება“.

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ჯერჯერობით არ უპასუხა რადიო თავისუფლების ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვას. წყალი უფრო აიმღვრა, როცა ABC News-მა 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობამ სამართალდამცავ ორგანოებს საგანგაშო გაფრთხილება გაუგზავნა „გადატაცებული დაშიფრული კომუნიკაციების“ შესახებ.

ანგარიშში არ იყო დაკონკრეტებული, კერძოდ რა გადაცემა იყო ეს ან იყო თუ არა ეს “რიცხვების სადგურის” სიგნალი.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემების ზუსტი შინაარსის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, საერთაშორისო რეტრანსლაციის მახასიათებლების მქონე ახალი სადგურის უეცარი გამოჩენა ვითარების მიმართ გათვითცნობიერების მაღალ დონეს მოითხოვს", - მოჰყავს ABC-ს სიტყვები გამაფრთხილებელი შეტყობინებიდან.

სტატიის მომზადებაში წვლილი შეიტანა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ქიან შარიფიმ.


XS
SM
MD
LG