Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიუვიდა ხალხს გაზის გაზრდილი გადასახადი

„სოკარში“ ასევე აცხადებენ, რომ თუ მომხმარებელს მაინც ჰგონია, რომ მისი დანახარჯი არაადეკვატურია, შეუძლია მიმართოს „სოკარს“ და მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება მოითხოვოს.
„სოკარში“ ასევე აცხადებენ, რომ თუ მომხმარებელს მაინც ჰგონია, რომ მისი დანახარჯი არაადეკვატურია, შეუძლია მიმართოს „სოკარს“ და მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება მოითხოვოს.

იანვრის ბოლოს სოციალურ ქსელებში ბევრი წერდა, რომ არაბუნებრივად მაღალი გაზის გადასახადი მიუვიდათ. ჩიოდნენ თბილისშიც და რეგიონებშიც, კერძო სახლების მცხოვრებლებიც და ბინებისაც. ხალხი ვერ ხსნიდა, რის გამო მოხდა ასე - ტარიფი არ შეცვლილა და არც მათ ჰქონდათ განსაკუთრებული ხარჯი.

საქართველოში გაზის დისტრიბუტორი კომპანიების ფეისბუკის გვერდები უკმაყოფილო აბონენტების პოსტებმა წალეკა. მაგალითად, ეს ციტატები „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ფეისბუკის გვერდიდანაა:

„სოკარი, რა ხდება, ამ თვეში უზარმაზარი თანხა მომივიდა გაზის გადასახადი. მიპასუხებს ვინმე?“

„ქუთაისში რა ტარიფებით დაგვიანგარიშეთ იანვარში? რა ხდება საახალწლო განათებაც გაზზე გადავიდა?

„240 [ლარი] მოვიდა, კარგად ხართ? 5 წელია 130-ს არ ავცდენივარ. არ ვიხდი და აბა, ერთი მოვიდეს ვინმე ჩასაჭრელად“.

„393-იო, საიდან? როგორ? წინა თვის მაჩვენებელზე 300 კუბით მეტი, როცა წინა თვეს უფრო მეტი მოვიხმარე“.

მრიცხველზე ასახული ციფრები ბევრმა გადაამოწმა. გაასაჩივრეს ენერგოომბუდსმენთანაც. 30 იანვარს ენერგოომბუდსმენმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილი იყო, თუ რას შეეძლო გამოეწვია გაზის გადასახადის ცვლილება, მით უფრო, რომ ტარიფი არ გაზრდილა, 1 მ³ ბუნებრივი აირი ძველებურად 53,97 თეთრია:

  • მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
  • მრიცხველის დაზიანება;
  • ეზოებში გაზის ქსელის დაზიანება და გაჟონვა;
  • ასევე სხვა მიზეზები, რასაც თითოეულ შემთხვევაში ცალკეული შესწავლა სჭირდებოდა.


ამ განცხადებასა კიდევ უფრო ცხარე კომენტარების კორიანტელი მოჰყვა:

„ათასობით აბონენტს დაუთვალეს არასწორად? თუ ათასობით აბონენტთან გაჟონა?“

„არც მრიცხველია დაზიანებული, არც მილები, მაინც ბევრია გადასახადი. ასეთ შემთხვევაში რა პასუხს გაგვცემთ?..“

„სოკარ ენერჯი ჯორჯიაში“ პასუხობენ, რომ ის გადასახადი, რაც აბონენტებს მიუვიდა სწორად იყო დათვლილი. დეკემბრის ბოლოსა და იანვარში ცუდი ამინდები იყო, ციოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო გაიზარდა გაზის მოხმარება, საშუალოდ 50%-ით.

2026 წლის იანვარი შედარებით ცივი გამოდგა, დიდთოვლობით და ყინვებით. Amindi.ge-ის მონაცემებით, საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებიდან ამინდი ისევ გაუარესდება.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ამბობს, რომ წლებია ყოველ ზამთარს ხალხს ერთი და იგივე პრეტენზია აქვს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარი ცივია. მისივე თქმით, შემოსული საჩივრების გამო ასობით მრიცხველი გადაამოწმეს და დათვლილი ყველგან სწორად იყო. ამიტომაც ხალხმა გადახდა დაიწყო.

„ერთ-ერთი მითია, გაზში ჰაერს უშვებენო. გაზში ჰაერი რომ შეურიო და მერე ცეცხლი მოუკიდო, აფეთქდება. კიდევ ერთი მითია, რომ გაზი არის უხარიხო. ხარისხის გადამოწმება ყველას შეუძლია საიტზე", - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე. - "რამდენი მოგივა გაზის გადასახადი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპერატურაა გარეთ. პირობითად, 45 გრადუსზე რომ დააყენებ გათბობის ქვაბს, თუ გარეთ პლუს 4 გრადუსია, მოგივა ასი ლარი, თუ მინუს 3 გრადუსია, მაშინ 150 ლარი მოგივა, რადგან წყლის გაცხელებას ყინვაში მეტი გაზი სჭირდება. ასევე მნიშვნელობა აქვს თბება თუ არა კორპუსში ქვედა და ზედა ბინები, რამდენად დაცულია თბოეფექტურობა. მაგრამ ძირითადად (90%) მაინც ის მოქმედებს, თუ რა ამინდია გარეთ“.

„სოკარში“ ასევე აცხადებენ, რომ თუ მომხმარებელს მაინც ჰგონია, რომ მისი დანახარჯი არაადეკვატურია, შეუძლია მიმართოს „სოკარს“ და მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება მოითხოვოს. თუ ცდომილება დადგინდა, დარიცხული გაზის მოცულობა დაკორექტირდება. ექსპერტიზის (ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო) ხარჯს დაფარავს კომპანია, ხოლო თუ დადგინდება, რომ მრიცხველი მუშაობს გამართულად, ხარჯს თავად განმცხადებელი აანაზღაურებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG