Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მომავალი მთავრობის საკითხებზე, ბონში დამთავრებული კონფერენციის მონაწილეებმა შეთანხმება გააფორმეს


გერმანიაში, ბონის მახლობლად მდებარე დაბა კიონიგსვინტერში ოთხშაბათს დასრულდა კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთის გარდამავლი მთავრობის

მისი თავმჯდომარისა და დროებითი კაბინეტის თაობაზე. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია 22 დეკემბრიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

ცხრადღიანი მუშაობის შემდეგ, 5 დეკემბერს, კონფერენციის მონაწილეებმა, როგორც იქნა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, შეიქმნა კაბინეტი, რომელშიც მინისტრის 23 ადგილია. მინისტრებს ეყოლებათ მთავრობის მეთაური, მეთაურს კი მხარში ხუთი მოადგილე ამოუდგება. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა შორის ორი ქალი იქნება. ერთი ქალთა საკითხების მინისტრად იმუშავებს, ხოლო მეორეს, სოჰაილა სიდიყს, ჯანმრთელობის სფეროს ჩააბარებენ.

მინისტრების ყველა თანამდებობა ჯერ დაკავებული არ არის. მომავალ მინისტრებს შორის არინ ყოფილი მეფის მომხრეები, ასევე დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, რომლებიც არც ერთ გაერთიანებას არ მიეკუთვნებიან. ასეთია, მაგალითად, ინფორმაციისა და კულტურის მინისტრი საიედ მახდურ რაჰიდი.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი დაესწრნენ. შრიოდერმა შეთანხმებას “ისტორიული” უწოდა და თქვა, რომ ახლა ავღანეთს მთელი მსოფლიო ამოუდგება მხარში. კანცლერის აზრით, შეთანხმება კარგი კომპრომისია.

[შრიოდერის ხმა] “დასრულება არ ნიშნავს, რომ კონფერენცია თავის საქმეს მორჩა, საქმე ახლა იწყება. ავღანეთის ისტორიაში ახალი და, იმედია, წარმატებული ხანა იწყება.”

ავღანელი თალიბების წინააღმდეგ მებრძოლი “ჩრდილოეთის ალიანსი”, როგორც ცნობილია, ჩრდილოეთი ავღანეთის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებით: ტაჯიკებით, უზბეკებითა და ჰაზარელებით არის დაკომპლექტებული. დროებით მთავრობაში სამი წამყვანი თანამდებობა – საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა – ტაჯიკებს ერგოთ, მათ, ვისაც ეს პოსტები “ალიანსში” ეკავა. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება უზბეკებისა და ჰაზარელების თავშეკავებულობის გამოცდაც იქნება. ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, თალიბების მიერ ჩამოგდებელი ბურჰანუდინ რაბანი (“ალიანსის” თავკაცი და გაეროს მიერ დღესაც პრეზიდენტად აღიარებული) გადადგება, რათა ასპარეზი ახალ მთავრობას დაუთმოს.

კაბინეტის მეთაურად აირჩიეს 44 წლის ჰამიდ კარზაი, პუშტუნების ერთ-ერთი ლიდერი, შეერთებული შტატების მოკავშირე, რომელიც – ეს ცოტა უცნაურიც კი არის – გერმანიაში მოწყობილ შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. კარზაი ძველი გვარის წარმომადგენელია, მამამისი პაკისტანში მოკლეს, ის ავღანეთის ყოფილი მეფის ზაჰირ შაჰის დროს პარლამენტის დეპუტატი იყო. დროებითი ადმინისტირაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარზაის კანდიდატურა ბონის შეხვედრის მონაწილეთათვის, ასევე, ყველა მეზობლისთვის მისაღები აღმოჩნდა.

მსოფლიო სიხარულით შეხვდა ავღანეთისთვის ამ მნიშვნელოვან მიღწევას. შეერთებული შტატები თუ რუსეთი, საფრანგეთი თუ ევროპის კომისია, მიესალმნენ ბონში მიღწეულ შეთანხმებას. ბრიუსელში მიმდინარე ავღანელ ქალთა შეხვედრაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესმა კომისარმა მერი რობერტსონმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია კაბინეტში ერთი-ორი ქალის შეყვანით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

იმისათვის, რომ ახალ ადმინისტრაციას მუშაობის პირობები შეექმნას, შეთანხმება გაეროს სთხოვს, ავღანეთში თავისი მანდატით მოქმედი ჯარი განათავსოს. ამასთან დაკავშირებით გაეროს საგანგებო წარმომადგნელმა ლახდარ ბრაჰიმიმ თქვა:

[ბრაჰიმის ხმა] “მოლაპარაკების მონაწილეებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვეს, განიხილოს ავღანეთში გაეროს მანდატით მოქმედი ჯარის უფრო ადრე განთავსების საკითხი.”

შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში მოქმედი ყველა სამხედრო რაზმი დროებით მთავრობას უნდა დაემორჩილოს. დაბოლოს, მიღწეული შეთანხმება დროებით მთავრობას არ აძლევს ომის დამნაშავეთათვის ამნისტიის გამოცხადების უფლებას. გაეროს სურს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები თვითონვე განსაჯოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG