Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტთა საგამოძიებო ორგანიზაცია ჟვანია-სააკაშვილის წინააღმდეგ


„ჟურნალისტთა ანტიკორუფციულმა საგამოძიებო ორგანიზაციამ" ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მაკომპრომეტირებელი მორიგი მასალა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კობა კაპანაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამომზეურება არანაირად არაა დაკავშირებული პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ ჟვანიას გადადგომასთან. კაპანაძე ამ მასალებს პროკურატურას და საქართველოს პარლამენტს უგზავნის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

კობა კაპანაძის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილის შესახებ, რომელიც ჭიათურის მარგანეცის წარმოებასთან მიხეილ სააკაშვილის კორუფციულ კავშირს ეხებოდა, რადიო "თავისუფლების" მსმენელს 13 ნოემბრის გადაცემაში ვესაუბრე. 6 დეკემბერს კი, კობა კაპანაძემ, სააკაშვილ-ჟვანიას სამ საქმესთან კავშირის დამამტკიცებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათ შორის ერთ-ერთია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ისტორია.

ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო ნარჩენი წიდა, რომელიც ძვირფას მეტალებს შეიცავს, ფირმა „ეგრისს" ერგო. სააკაშვილის მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარად შეფასებული წიდა, რომელიც ქარხნის საკუთრებას წარმოადგენდა, ნაგვად მონათლა და „ეგრისს" მიაკუთვნა, რადგან ეს მრავალმილიონიანი ნაგავი მის ტერიტორიაზე იყო მოთავსებული. აღნიშნულ ნარჩენებზე ფეროშენადნობთა ქარხანას ბრიტანეთის კომპანიასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება და ერთი ტონა წიდა 300 დოლარად უნდა მიეყიდა. "ეგრისმა" კი ერთი ტონა 80 დოლარად გაყიდა. ჟურნალისტური გამოძიება ასკვნის, რომ ამით სახელმწიფოს 7 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

ამ საქმისა და კიდევ ოქროს მწარმოებელ კომპანია "კვარციტის" ავსტრალიელი პარტნიორების მოღვაწეობის იურიდიულ მხარდამჭერად კობა კაპანაძე ფირმა „ჯი-სი-ჯის" ასახელებს. საგამოძიებო ჯგუფის წევრის დავით ტიკანაძის მტკიცებით „ჯი-სი-ჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილიცაა და ეს ფირმა ამერიკის კომპანია „პეტერსონ ბელნაფის" პარტნიორია საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი „ჯი-სი-ჯის" დამფუძნებელ კონსტანტინე რიჟინაშვილთან ერთად „პეტერსონ ბელკნაფის" ოფისში გადიოდა პრაქტიკას. ამ კომპანიას რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, საქართველოში წარმომადგენლად „ჯი-სი-ჯი" ჰყავს დასახელებულ და საკონტაქტო პირებად რიჟინაშვილი და სააკაშვილია მითითებული. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად სააკაშვილმა რიჟინაშვილი რამდენიმეჯერ მინისტრობის კანდიდატადაც კი წამოაყენა.

მე დავუკავშირდი „ჯი-სი-ჯის" წარმომადგენელს ზაზა ბიბილაშვილს, რომელმაც კატეგორიულად უარყო მიხეილ სააკაშვილის ფირმის დამფუძნებელთა შორი ოდესმე ყოფნის ფაქტი და დასძინა, რომ ამის გარკვევა ჟურნალისტური გამოძიების ავტორებს სასამართლო რეგისტრაციის შემოწმებითაც შეეძლოთ. ბიბილაშვილის თქმით, სააკაშვილ-რიჟინაშვილის ნაცნობობას კი არავინ უარყოფს.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები კი მოპოვებულ მასალებს, ოფიციალური გამოძიებისათვის პარლამენტს გადასცემენ და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასაც მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG