Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებს მოლა მოჰამად ომარის გასამართლება სურს


ქალაქი ყანდაარი, სადაც ავღანელი თალიბები ორ თვეს იყვნენ გამაგრებული, დაეცა. თალიბების მთავრობამ არსებობა დაასრულა, განუცხადა ავღანეთის საინფორმაციო სააგენტოს

პუშტუნების თემთა საბჭოს -შურას- წარმომადგენელმა. შურამ გადაიბარა მმართველობა ყანდაარში, სადაც ოპოზიციის ჯარმა საკვანძო ადგილები დაიკავა.

ყანდაარის დათმობის მთავარი პირობა იქ მყოფი თალიბების თავისუფლება იყო. არადა ვაშინგტონს, თალიბთა სულიერი მეთაურის მოლა მოჰამად ომარის სასამართლოს წინაშე წარდგენა სურს. ოქროპირ რუხაძე უფრო დაწვრილებით გესაუბრებათ.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მომავალმა მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა თალიბეთან, თქვა, რომ დანებების შემთხვევაში, მოჰამად ომარი უნდა გაეშვათ. პირობა ითვალისწინებდა, რომ ომარს უარი უნდა ეთქვა ტერორიზმისთვის და ამასთან ეღიარებინა, რომ ტერორისტებმა დააქციეს მისი ქვეყანა და დახოცეს ხალხი.ნათელია, რომ ომარს ამგვარ ფორმულირებაზე თანხმობა არ ენდომებოდა. კარზაიმ კი, ბოლოს თავისი პოზიცია შეცვალა და თქვა, ომარი ტერორიზმზე უარს არ ამბობს, ამიტომ უნდა დაისაჯოსო.

შეერთებული შტატების პოზიცია ცხადია, ომარი, ასევე მისი მთავარი მოკავშირეები, უნდა დაისაჯონ. დაისაჯონ იმიტომ, რომ ისინი ხელს უწყობდნენ და მფარველობდნენ ალ ყაიდას, ორგინიზაციას, რომელიც ტერორიზმში მთავარმა ეჭვმიტანილმა ოსამა ბინი ლადენმა დაარსა და ისვე უდგას სათავეში.

თეთრი სახლის წარმამდგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვერ შეეგუება გარიგებას, რომელიც ომარის დასჯას არ ითვალისწინებს. ომარმა, ყანდაარის დაცემის წინა დღეს თავის წმინდა მებრძოლებს მოუწოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ ანტითალიბური ძალების წინააღმდეგ, რომელსაც შეერთებული შტატები ეხმარება.

თავდაცვის მინისტრმა - რამსფელდმა -პრეს-კონფერენციაზე თქვა:

[რამსფელდი] “დაინტერესებული ვართ, მივაღწიოთ მათ დასჯას და იმ ქმედების შეჩერებას, რასაც ისინი სჩადიოდნენ. და მათ, დედამიწაზე, არაერთი საშინელი საქმე ჩაიდინეს”.

რამსფელდმა, ამასთან განაცხადა, რომ ვაშინგტონი გადახედავს თავის დამოკიდებულებას ავღანეთის მომავალი გარდამავალი მთავრობისადმი, თუკი ისინი დაუშვებენ, რომ თალიბანის ხელმძღვანელობა დაუსჯელი წავა.

რამსფელდმა იქვე განაცხადა, რომ მას საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ანტითალიბური ძალების ამერიკის ამ სურვილის მიმართ დადებით დამოკიდებელებაში.

შეკითხვაზე, ხომ არ მოჰყვება ვაშინგტონის მოქმედების შეზღუდვა, ავღანეთის ახალი გარდამავალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლას, რამსფელდმა უარყოფითად უპასუხა და თქვა, რომ ჯერ-ჯერობით ეს ავღანელები ვაშინგტონის პოზიცითა უმეტესობას ემხრობიან.

კვლავ ომარს მივუბრუნდეთ. არი ფლაიშერის აზრით, ახლა ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ბედი ეწევა მოლა ომარს.
მისი თქმით, ის ახლაც განაგძრობს ბრძოლას შეერთებული შტატების წინაღმდეგ. ომარი არც დაუჭერიათ და არც გაუსამართლებიათ, ისე, რომ სანამ ეს არ მომხდარა, ყვლაფერი სპეკულაციაა.

საინტერესოა კარზაის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ თალიბანის უცხოელი მებრძოლები, პაკისტანელების გამოკლებით, დამნაშავეებად არიან მიჩნეული და გასამართლებული უნდა იქნენ. მაგრამ ავღანელებს, ვინც თალიბანის არმიაში ირიცხებოდა, ამნისტია შეეხება.

აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთის არმიის მეთაურმა- უზბეკმა გენერალმა რაშიდ დოსტუმმა- განაცხადა, რომ ის ბოიკოტს გამოუცხადებს ბონის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არის კარზაი გარდამავალი მთავრობის მომავალი მეთაური.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG