Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კონტექსტში


პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საგარეოპოლიტიკური კურსი, რომელსაც ბევრი მისი ოპონენტის მტკიცებითაც კი, ალტერნატივა ჯერჯერობით არა აქვს, საქართველოს სახელმწიფოებრივ პერსპექტივას აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა ჭრილში განიხილავს.

ამგვარი პოლიტიკის კონტექსტს თვალსაჩინოდ გამოხატავს ორი თემა, რომელსაც ამჟამად ინტენსიურად განიხილავენ საქართველოს სახელისუფლებო წრეებში: ამერიკის გამოსვლა 1972 წლის რაკეტსაწიინააღმდეგო თავდაცის ხელშეკრულებიდან და საქართველო-რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთი პირველთაგანია, ვინც ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განზრახვას ჯერ კიდევ ივნისში გამოეხმაურა.

“ამგვარი სისტემების შექმნას მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოები შეძლებენ. ცხადია, მათ შესაქმნელად დრო იქნება საჭირო და, რამდენადაც მე ვიცი, პრეზიდენტი ბუში მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ მის კონცეფციას, მათ შორის რუსეთთთან”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ მიმდინარე წლის 21 ივნისს ევროპის ცნობილ საინფორმაციო სააგენტოთა წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

თუმცა, ოფიციალური რუსეთის პირველი რეაქცია ჯორჯ ბუშის ანტისარაკეტო ინიციატივის შესახებ ნაკლებად თავშეკავებული გახლდათ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მაშინ განაცხადა, რომ საპასუხოდ რუსეთი გაზრდის ბალისტიკურ რაკეტებზე დაყენებული ბირთვული ქობინების რიცხვს.

ამ ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის მაშინდელი განცხადება ბევრმა ანალიტიკოსმა ნაჩქარევად და პოტენციურად საშიშად მიიჩნია. ამ საფრთხეზე, 14 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, კახა სიხარულიძემაც ისაუბრა.

[კახა სიხარულიძის ხმა] “შეიძლება, ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით აღმოვჩენილიყავით საფრთხის ქვეშ, იმდენად, რამდენადაც ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ორივე მიმართულებით: როგორც ვაშინგტონისკენ, ისე მოსკოვისკენ. და ბუნებრივია, თუ გაუგებრობები იქნება მათ ურთიერთობებში, ეს ჩვენს პრობლემატიკაზე და ჩვენს ორიენტირებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას იქონიებს”.

მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 13 დეკემბრის თავშეკავებული სატელევიზიო მიმართვა, რომლითაც ვლადიმირ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან გამოსვლას გამოეხმაურა, საქართველოს ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, უფრო ოპტიმისტურად უყუროს ქვეყნის მომავალს რუსეთ-ამერიკის დამთბარი ურთიერთობების ფონზე. მათ შორის იგულისხმება რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური თანამშრომლობის გააქტიურება, რაც “მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის“ ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადებას უკავშირდება.

[კახა სიხარულიძის ხმა] “21 დეკემბრიდან უკვე ველოდებით რუსეთის სახელმწიფო დელეგაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მშვიდ, აუღელვებელ, ურთიერთგაგების სიტუაციაში დაიწყება კონკრეტული საუბარი, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.”

მიუხედავად ამისა, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს პოზიცია კვლავინდებურად კატეგორიული რჩება რუსეთის ავიაციის მიერ 27 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით. კახა სიხარულიძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდება, დათანხმდეს ამ ინციდენტის ერთობლივ გამოძიებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG