Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის ამსახველ ვიდეოჩანაწერს დასავლეთი მისი დანაშაულის დამაჯერებელ სამხილად მიიჩნევს


მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 11 სექტემბრის ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა ოსამა ბინ ლადენს დააკისრა, სკეპტიკოსები დაჟინებით მოითხოვენ ბრალეულობის დამამტკიცებელ სამხილებს.

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აქამდე თავს არიდებდა ასეთი სამხილების წარმოდგენას, რათა, მისივე თქმით, უშიშროების სამსახურებს მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ. მაგრამ ხუთშაბათს მსოფლიომ იხილა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ოფიციალური ვაშინგტონი ფიქრობს, ყველას დაგვარწმუნებს ბინ ლადენის დამნაშავეობაში.

აშკარად კარგ გუნებაზე მყოფი, სახეგაბადრული ოსამა ბინ ლადენი რამდენიმე ადამიანს ესაუბრება: უყვება მათ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში მონაწილეობდა. მოკლედ ასე შეიძლება შეჯამდეს ის, რაც აღბეჭდილია ვიდეოფირზე, რომელიც ხუთშაბათს პირველად ვიხილეთ ტელეეკრანებზე. საქმე ეხება სამოყვარულო ვიდეოჩანაწერს, რის გამოც ის ხარისხით ჩამოუვარდება ბინ ლადენის საუბრის ამსახველ წინა ორ ფირს, რომლებიც ტელეკომპანია ”ალ ჯაზირამ” აჩვენა. ოფიციალური ვაშნიგტონის ცნობით, ფირი გადაღებულია სამხრეთ ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში, და იგი აღმოსავლეთ ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში იპოვეს. ვიდეოჩანაწერის მიკვლევის სხვა დეტალებს არ ამხელენ.

რაც შეეხება შინაარსს: ბინ ლადენის არაბულად ნაამბობი, რომელიც ტელეარხებმა ინგლისური სუბტიტრებით აჩვენეს, ჩვენი რადიოს არაბულენოვანმა კორესპონდენტმაც მოისმინა და ინგლისური თარგმანის სისწორე დაგვიდასტურა.

მაგალითად ის, რომ ბინ ლადენი თანამოსაუბრეს (სასულიერო პირს საუდის არაბეთიდან, შეიჰ სულეიმანს) მოუთხრობს, როგორ უსმენდა ერთ-ერთი ამერიკული რადიოს ახალი ამბების გამოშვებას, რომელიც ნიუ იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში პირველი თვითმფრინავის შეჭრაზე იუწყებოდა. ”ვინც ჩემთან იყო, ყველას ძალიან გაეხარდა, მე კი ვეუბნებოდი, მოითმინეთ-მეთქი”, მშვიდი ღიმილით ამბობს ბინ ლადენი.

ფირის სხვა მონაკვეთი ნიუ იორკზე ტერაქტების მზადების ზოგიერთ დეტალს გვიმხელს. ბინ ლადენის თქმით, [ოსამა ბინ ლადენის ხმა] ”წინასწარ გამოვთვალეთ, რამდენი მსხვერპლი იქნებოდა მტრის მხარეს. გავიანგარიშეთ, რომ დარტყმას სამი-ოთხი სართული მიიღებდა. ყველაზე ოპტიმისტურ შეფასებას მე ვიძლეოდი. ამ საკითხში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ აფეთქების შემდეგ ცეცხლი დაადნობდა შენობის რკინის კონსტრუქციას და ჩამოანგრევდა მხოლოდ ზედა სართულებს. სულ ამის იმედი მქონდა.”

ბინ ლადენს პირიდან ღიმილი არც მაშინ შორდება, როდესაც იგი თავის თანამოაზრეთა რიგებში დაღუპულებზე: ოთხი თვითმფრინავის გამტაცებელ 19 ადამიანზე საუბრობს [ოსამა ბინ ლადენის ხმა]: ”ძმებმა, რომლებმაც ეს ოპერაცია ჩაატარეს, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ თავი უნდა გაეწირათ. ამერიკაში ისინი ისე გავუშვით, რომ ოპერაციაზე არაფერი გვითქვამს. მაგრამ ისინი გაწვრთნილი იყვნენ. ოპერაციის შესახებ უშუალოდ თვითმფრინავებში ჩასხდომამდე შეიტყეს.”

ბინ ლადენის მონათხრობმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აღშფოთება გამოიწვია. [რუდოლფ ჯულიანის ხმა] ”ის ბედნიერი ჩანს, რადგან ნავარაუდევზე მეტი ადამიანის მოკვლა მოახერხა. გებადება კითხვა: რამდენად დიდია ამ კაცის გულსა და სულს დაპატრონებული ბოროტება”.

ეს სიტყვები ნიუ იორკის მერმა, რუდოლფ ჯულიანიმ წარმოთქვა. მისივე სიტყვებით, ვიდეოჩანაწერი ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანისათვის ნათელს ხდის, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია, ბინ ლადენის შეპყრობის მცდელობა, გამართლებულია.

ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას, როგორც ბინ ლადენის დანაშაულის დამაჯერებელ სამხილს, უმალ გამოეხმაურნენ ვაშინგტონის დასავლელი მოკავშირეები. მაგრამ არაბულ სამყაროში კვლავინდებურად გაისმის სკეპტიკოსთა ხმები, რომლებიც ვიდეოჩანაწერს ”პროპაგანდისტულ ხრიკს” უწოდებენ. ეს არ ეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს: მათი განცხადებით, ვიდეოფირი ეჭვს არ ტოვებს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტები ოსამა ბინ ლადენის მოწყობილია.
XS
SM
MD
LG