Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მენაღარიშვილ-პასტუხოვის თბილისური “რანდევუ” - შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში?


21 დეკემბერს თბილისში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სახელმწიფო კომისიების მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი დაიწყო.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნის დიპლომატები მეორედ შეეცდებიან “მეგობრობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ” ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას. საგულისხმოა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ერთხელ უკვე არ აღმოჩნდა მზად გაეზიარებინა 1994 წლის თებერვალს შევარდნაძე - ელცინის მიერ თბილისში ხელმოწერილი ანალოგიური ხელშეკრულების პრინციპები. თუმცა ამ ფაქტზე მხარეთა წარმომადგენლები ნაკლებად საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ინიცირებული ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადება რუსეთ-საქართველოს შორის ხარისხობრივად ახალ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს.

მოსაზრება ორი რუსეთის არსებობის შესახებ, ის მყარი სტერეოტიპია, რომელსაც ქართული ისტებლიშმენტი საქართველო-რუსეთის შორის არსებული გადაუჭრელი პრობლემატიკის მასაზრდოებელ წყაროდ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, საქართველოში არავინ აღუფრთოვანებია ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადების სახელმწიფო კომისიას სათავეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ჩაუყენა.

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში წლების განმავლობაში ხომ სწორედ პასტუხოვი აღიქმებოდა მთავარ რუს რეაქციონერად, ერთგვარ “ბოროტ გენიად”, რომლის სახელთანაც ასოცირდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აფხაზეთთან ხელმოწერილი ლამის ყველა შეთანხმების დარღვევა, სოხუმის დაცემა, ქართულ-აფხაზური საზღვრის ენგურზე გადმოტანა და მრავალი სხვა აქედან გამომდინარე უბედურება.

თუმცა პასტუხოვის ანტიქართულობა შესაძოა მეტად საშიში ცრურწმენაც აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში 21 დეკემბერს თბილისში გამართული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო დელეგაციათა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მზადყოფნა, აშენოს საქართველოსთან თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობები.
[ბორის პასტუხოვის ხმა] “ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს “რომანს”, მე ვგულისხმობ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საფუძვლების შესახებ დიდ ჩარჩო-ხელშეკრულებას, “მეგობრობის შესახებ შეთანხმება ერქმევა. რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსს. იცით არსებობს შიდა საკითხები. ეს იგივეა, რომ თქვენ მკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენი გუბერნია უნდა იყოს რუსეთში. ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით ჩევნი ქართველი კოლეგების შიდა პოლიტიკას და, მადლობა ღმერთს, არ ვერევით არც რეკომენდაციებით და არც შეფასებებით”.

პირველი რაუნდის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი მენაღარიშვილმა ყურადღება გაამახვილა შემდგომ ურთიერთობებში “ორმაგი სტანდატრების”, ასევე ტერორიზმისა და სეპარატიზმის ნებისმიერი ფორმით ხელშეწყობის დაუშვებლობაზე.

რაც შეეხება სამხედრო ბაზების საკითხს, პასტუხოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებილებები და არ აპირებს ეს საკითხი ჩარჩო-ხელშეკრულებას დაუკავშიროს. რუსეთის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში აუცილებლად უნდა დაისვას სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. აგრეთვე საქართველომ არ უნდა იჩქაროს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, რადგან სამშვიდობო პროცესში ვაკუუმის გაჩენამ შესაძლოა კონფლიქტის განახლება გამოიწვიოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG