Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან ქართველი სამხედროების გაყვანას მოითხოვენ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ნაწილების კოდორის ხეობაში დროულმა გადასროლამ შესაძლებელი გახადა, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

და აფხაზეთის ტერიტორიის ამ მცირე ნაწილზე თბილისის იურისდიიქციის შენარჩუნება. დაძაბულობის მინელების მიუხედავად ქართული საჯარისო დანაყოფები კოდორის დაცვას კვლავ განაგრძობენ. ამის წინააღმდეგ, როგორც აფხაზი სეპარატისტები, ასევე გაეროს მეთვალყურეები გამოდიან და ხეობიდან ქართული არმიის ნაწილების გაყვანას მოითხოვენ.

შემოდგომაზე აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკებების მინიელებისთანავე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტში - დიტერ ბოდენი სოხუმს ესტუმრა და იქედან თბილისში დაბრუნებულმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო ნაწილების შეყვანა, მოსკოვში, 1994 წელს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ეწინააღმდეგებაო. ოფიციალური თბილისი ბოლო დრომდე თავს იმართლებდა ხელშეკრულებას არ ვარღვევთ და ჯარები მოსახლეობის დასაცავად გვჭირდებაო.

საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესის ცნობით, იმის გასარკვევად საფრთხე მართლა ემუქრება თუ არა კოდორის მოსახლეობას, გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა, რუს მშვიდობისმყოფელთა თანხლებით, ხეობის პატრულირება დაიწყეს. კავკას-პრესს გაეროს სამხედრო მისიის სოხუმის ოფისიდან შეატყობინეს, რომ ხეობაში პატრულს არ შეუნიშნავს აფხაზური სამხედრო შენაერთების წარმომადგენლები. სამხედრო მეთვალყურეები „მშვიდს" უწოდებენ კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებას და თვლიან, რომ ეს რეალური საფუძველია ხეობიდან ქართული სამხედრო შენაერთების გაყვანის მოსათხოვად.

ამ სამხედრო მისიის დაკვირვების შედეგებს ეფუძნება საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელის დიტერ ბოდენის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ჩვენს ხელისუფლებას ხეობიდან საჯარისო ფორმირებების გამოყვანა მოსთხოვეს.

ბოდენი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად მიიჩნევს. თბილისში კი ამას, პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა, კოდორის ხეობის დაკარგვასთან აიგივებს. ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ამჟამად პარლამენტარი ივერი ჭელიძეც ამ პოზიციას იზიარებს. [ჭელიძის ხმა] „საკითხი რომელსაც ბოდენი აყენებს, მე ვთვლი რომ არ იქნება მართებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მის ტერიტორიიდან გამოიყვეანოს ის ნაწილები რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს და უნდა იდგეს იქ სადაც არის კოდორის ხეობა."

„ახალი მოძრაობის" წარმომადგენელი, პარლამენტარი ირაკლი ბათიაშვილი კი უფრო რადიკალური მოთხოვნებით გამოდის. 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან, გაეროს მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხში, რუსეთის ინტერესების გატარება დააბრალა.

არადა, ორიოდე წლის წინ, გაეროს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენლად დიტერ ბოდენის დანიშვნას ქართული პოლიტიკური ელიტა აღფრთოვანებით ხვდებოდა. მას რუსები პროქართულ პოზიციას აბრალებდნენ, აფხაზები კი პროტესტს გამოთქვამდნენ.

ახლა, როლები შეიცვალა და გაეროს მისიის საქმიანობის უარყოფითად შეფასებებთან ერთად, ირაკლი ბათიაშვილი, დიტერ ბოდენის გაწვევასაც მოთხოვს.

ჯერ-ჯერობით ახლების ამ მოთხოვნას ბევრი არ იზიარებს, მაგრამ დიტერ ბოდენის პოზიციით უკმაყოფილოთა რიცხვი თანდათან იზრდება.
XS
SM
MD
LG