Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსები და წინასაახალწლო რეალობა საქართველოში


ძველი და ახალი წლების შესაყარზე, ტრადიციულად, ვიხსენებთ ხოლმე მიმავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს,

მიღწეულ და მიუღწეველ მიზნებს, ხელისუფლების მიერ შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებს. ამ დროს მეტად პოპულარული ხდება ათასგვარი სარეიტინგო გამოკითხვებიც. საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვა წლის საუკეთესო პოლიტიკოსის ნაცვლად, წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებს გვისახელებს. სხვა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა 10 ყველაზე საიმედო ბანკი. ვინ არიან საქართველოში ყველაზე გავლენიანები და რომელ ბანკებს ხვდათ წლის ყველაზე საიმედო ბანკთა ათეულში მოხვედრის პატივი?

გავლენა პრეზიდენტზე, გავლენა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე, პოპულარობა მასმედიაში და საერთაშორისო კავშირები – საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბისა” და გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსის” მიერ ამ 5 კრიტერიუმის მიხედვით ჩატარებული გამოკითხვა საქართველოში ყველაზე გავლენიან პირთა ათეულს გვისახელებს. გავლენიანთა შორის პირველობა პრეზიდენტს ეკუთვნის. მას მოჰყვებიან: ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, გიორგი ჭანტურია, ასლან აბაშიძე , ნუგზარ საჯაია და ავთანდილ ჯორბენაძე.

ყველაზე გავლენიანების ათეულში მოხვედრილთა უმეტესობა პრეზიდენტზე გავლენის მხრივაც ლიდერთა შორისაა. გამოკითხული ექსპერტების აზრით, პრეზიდენტზე გავლენას ახდენენ: ნუგზარ საჯაია, ასლან აბაშიძე, ავთანდილ ჯორბენაძე, გიორგი ჭანტურია, ბადრი პატარკაციშვილი და სხვები. ამ სხვებს შორის ბოლო ადგილები ყოფილმა მინისტრებმა ვანო ჩხარტიშვილმა და კახა თარგამაძემ დაიკავეს.

აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე პირთა ოცეულში პირველი ადგილები შევარდნაძემ, საჯაიამ და ჯორბენაძემ გაიყვეს. მათ შემდეგ მოდიან: კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, პრეზიდენტის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი ბადრი ხატიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და სხვები. ზურაბ ჟვანიას მთავრობაზე გავლენიანთა ოცეულის ბოლოს ასახელებენ, სამაგიეროდ, გამოკითხვის მიხედვით, ის გავლენას საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ინარჩუნებს, ოღონდ პრეზიდენტის შემდეგ.

“გორბისა” და “ჯორჯიან ტაიმსის” გამოკითხვის მიხედვით, მასმედიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ედუარდ შევარდნაძე, ელენე თევდორაძე, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე, ხოლო საერთაშორისო კავშირების მხრივ ყველაზე მეტი გავლენა აქვთ ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს.

ასეთია გავლენიან ქართველთა ნუსხა. სხვა საკითხია რა მოუტანა ქვეყანას და საზოგადოებას მათმა გავლენიანობამ. საქართველო 2002 წელსაც ტრადიციული პრობლემებით ხვდება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გავლენიანებს არც ერთი მათგანის მოგვარებაზე არ უზრუნიათ. მათ საქმიანობას ჩვენი პრობლემები არ შეუმსუბუქებია.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლის დადგომისას, ედუარდ შევარდნაძემ 1999 წლის მთავარ მოვლენად სტამბოლის სამიტი დაასახელა და სტამბოლში მიღწეული ცნობილი შეთანხმებები საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად ჩათვალა. უკვე 2000 წლის მიწურულს წლის მოვლენად საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დაწყება ჩაითვალა. 2001 წლის მოვლენად ალბათ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ღია აგრესია და საქართველოს რუსეთისკენ შებრუნება უნდა დავასახელოთ. უნდა გავიხსენოთ თითქოსდა სტაბილური ლარის ბოლოდროინდელი რყევაც, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სარეიტინგო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში არსებობს საიმედო ბანკები და მათ ათეულში ყველაზე საიმედოებად “საქართველოს ბანკი”, “TBC ბანკი” და “გაერთიანებული ქართული ბანკი” გვევლინება.
XS
SM
MD
LG