Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის გამომწვევი მიზეზები და მისი დაძლევის გზები


საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით ბოლო მოუღოს კორუფციას, ეფექტიან შედეგს ვერ იძლევა.

კორუფციამ იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს საზოგადოებაში, რომ მასში ბიუროკრატიასთან ერთად წვრილი მეწარმეებიც აქტიურად ჩაერთნენ. უფრო მეტიც: მეწარმეთა დიდი ნაწილისათვის წარმოუდგენელია ბიზნესის კეთება ქრთამის, პროტექციისა თუ მოტყუების გარეშე.

საქართველოში კორუფციაზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა სერიოზულად არავის უცდია, გაეანალიზებინა ჩვენი ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ამ სენის გამომწვევი მიზეზები და, შემდეგ, გამოსავალიც ეპოვა. კორუფციის მაშტაბების შესამცირებლად ვერც საკადრო გადაადგილებები აღმოჩნდა საკმარისი და ვერც საპარლამენტო ცვლილებები. ხელისუფლება ასეთივე მეთოდებით ცდილობს ღრმა კრიზისში მყოფი ეკონომიკის გამოცოცხლებას. მოისმინეთ ეკონომიკის ექსპერტის, რომან გოცირიძის კომენტარი: [რომან გოცირიძის ხმა] „არსებობდა ოციან წლებში, საბჭოთა კავშირში, „გლავრიბა", „გლავგვოზდ" და აი, ასე, გლავკების სახით. აი, ჩვენთანაც ასეა, ესე იგი, არ არის შემოსავლები? - შევქმნათ შემოსავლების სამინისტრო; არ არის ქვეყანაში მმართველობითი წესრიგი? მაშინ შემოვიღოთ მინისტრთა კაბინეტი. ეს მინისტრთა კაბინეტი ხომ იყო ერთხელ? ამიტომ რატომ თამაშობს ეს ხალხი კუკუ-დამალობანას?"

„კუკუ-დამალობანას" ნაცვლად, რომან გოცირიძემ ხელისუფლებას ოთარ კანდელაკთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები შესთავაზა. ნაშრომის სახელწოდებაა „გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია". მასში გაანალიზებულია კორუფციის გამომწვევი ეკონომიკური და ადმინისტრაციული მიზეზები. უმთავრეს პრობლემად კი შუა გზაზე შეჩერებული რეფორმებია დასახელებული. ანუ სოციალისტური ეკონომიკა დაინგრა, მაგრამ კაპიტალისტური ჯერაც არაა აშენებული. ასეთი მდგომარეობა, რომელიც ათწლეულები შეიძლება გაგრძელდეს, ხელსაყრელია გავლენიანი ეკონომიკური ჯგუფებისათვის. ამ ჯგუფებისათვის დამახასიათებელია ბიზნესის წარმოება სახელმწიფო სტრუქტურების მოსყიდვის გზით. ამავე მეთოდს მიმართავს ჩვენს ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ინვესტორთა დიდი ნაწილი. საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მძაფრი კონკურენციის თავიდან აცილებასა და მონოპოლისტური პოზიციების შენარჩუნებას ეს ინვესტორები „სახელმწიფოს დამორჩილებით", ანუ მოსყიდვით ცდილობენ.

სახელმწიფო სტრუქტურათა ჩაკეტილობა კი ბიუროკრატიას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ინფორმაცია, ლიცენზირების, ნებართვების გაცემის მექანიზმები, გამდიდრების საშუალებად გამოიყენოს, ანუ სახელმწიფო სტრუქტურა კერძო „კოოპერატივად" აქციოს.

საქართველოს საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სხვა პრობლემების ანალიზთან ერთად, რომან გოცირიძის გამოკვლევაში საუბარია მდგომარეობიდან გამოსავალ გზებზეც. მისი აზრით, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოსათვის ტრადიციული რეკომენდაცია: ეკონომიკისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის გატარება, საკმარისი არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს კონკურენციის განვითარებას და ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების პროცედურის გაადვილებას. ამასთანავე, სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალეობის მისაღწევად, უნდა გააქტიურდეს და გაიზარდოს საზოგადოების მონაწილეობა.

კორუფციასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საქმეში ეფექტიან მექანიზმად რომან გოცირიძეს ინტერნეტის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება მიაჩნია.

ბროშურაში „გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია" ეკონომიკის ექსპერტი მსჯელობს კრიზისის დაძლევის ეკონომიკურ ბერკეტებზეც, რომელთა შესახებ ჩვენს ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG